დღეს, პირველ ივლისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ისევ შეიკრიბნენ აქტივისტები, რომლებიც თბილისში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და სოლიდარობას უცხადებენ პარლამენტის წინ მიმდინარე პერმანენტულ აქციებს. საპროტესტო აქციები პარლამენტში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა. აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ კი აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასაც ითხოვენ.
„ქართული საზოგადოება არის ერთიანი და ჩვენი სახელმწიფოებრივი ღირსების და ჩვენი ინდივიდუალური ღირსების შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ, მით უმეტეს რუს ოკუპანტს და ყველა იმ პირს, ვინც არის ასოცირებული ამ რეჟიმთან“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე, რომელიც აბუ დაბის ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტია და ბათუმში არდადეგებზე დაბრუნდა.
„ჩვენი აქ დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, „გახარია წადი“, – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მარიეტა იობიძე.
„ვითხოვ გახარიას გადადგომას, რადგან ის არის შს მინისტრი და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ სისხლისღვრაზე, რაც მოაწყო 20-21 ივნისს თბილისში. უნდა დამთავრდეს პოლიტიკოსობანას თამაში და მთავრობამ გაიაზროს ის, რაც ჩაიდინა. რუსი ფიგურები არ უნდა იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში“, – გვეუბნება აქციის კიდევ ერთი მონაწილე, გოჩა სურგულაძე.
საპროტესტო აქცია -„სირცხვილია“ ბათუმის ევროპის მოედანზე ამ წუთებშიც გრძელდება.
https://www.facebook.com/batumelebi/videos/681127772308490/









