„დემოკრატიის ინსტიტუტი“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობას მცირე ბიზნესის წახალისების გზით, ტრენინგ-სემინარებში ჩართვას ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, უფასო იურიდიულ კონსულტაციებსა და სამედიცინო დახმარებას, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას.
პროგრამის მიმდინარებისას ბენეფიციარები აღნიშნავენ, რომ ყველაზე რთული პრობლემა მათთვის დასაქმებაა, თუმცა რამდენიმე მათგანმა პროექტის დახმარებით და მათივე მონდომებით შეძლო დაეძლია არასასიამოვნო დამოკიდებულება, რაც ხშირად საზოგადოებას კანონთან კონფლიქტში მყოფების მიმართ აქვთ – ამ ბენეფიციარებმა საკუთარი საქმე უკვე იპოვეს და ყველა მათგანს მიაჩნია, რომ მიუხედავად ბევრი სირთულისა, რესოციალიზაციის გზაზე მთავარი ძალისხმევაა, რაც აუცილებლად უნდა გამოიჩინონ ყოფილმა პატიმრებმა გათავისუფლების შემდეგ.
62 წლის ფოთოლა ლაგვილავამ საპატიმროში 7 წელი გაატარა და აღკვეთილი თავისუფლების წლები ხელსაქმეს დაუთმო. ახლა ხისგან ჩარჩოებს, სკამებს და საქანელებს ამზადებს, ქარგავს, ქსოვს და თექაზე მუშაობს. ნამუშევრებს ყიდის და ეს მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა, ამბობს, რომ 300-ლარიან სამსახურს ასე შრომა ურჩევნია – მეტსაც გამოიმუშავებს და დროსაც საკუთარი სურვილით ანაწილებს.
ხის დასამუშავებელი დაზგის შეძენაში „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ დაეხმარა. ცხოვრობს რძალთან და შვილიშვილებთან ერთად, პენსიასთან ერთად 62 წლის ყოფილი პატიმრისთვის ხელსაქმე მნიშვნელოვანი ფინანსური სიძლიერეა.
ბორის მაისურაძე 37 წლისაა და საპატიმროში 15 წელი გაატარა. მთელი ეს დრო კინოლოგიური ლიტერატურის შესწავლას მოანდომა და ციხიდან გამოსულს უკვე უამრავი ინფორმაცია ჰქონდა. ცხოველბი ბავშვობიდანვე უყვარდა. გათავისუფლების შემდეგ ცხოველთა თავშესაფარში დაიწყო მუშაობა მოხალისედ, მერე კი კინოლოგი და ძაღლების ინსტრუქტორი გახდა. ახლა მისი საყვარელი საქმიანობა ძაღლების სეირნობა, მათთან თამაში და წვრთნაა.
ბორისი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩართვას აპირებს, რისი საშუალებითაც ის კინოლოგისთვის საჭირო ინვენტარს შეიძენს.
გრიგოლ მახარაძე მუსიკოსია, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჰობი – მუსიკა მისთვის პროფესიად იქცა: ხმის ჩამწერი აპარატურა შეიძინა და ოზურგეთში მეგობართან ერთად სტუდია მოაწყო. ოცნებობს საქართველოს სხვადასხვა სოფელსა და რაიონში კონცერტები ჩაატაროს, ზაფხულობით ბათუმის კლუბებშიც იწვევენ მუსიკალურ საღამოებზე, გრიგოლი ამბობს, რომ შეძლო და ახლა იმას აკეთებს რისი კეთებაც სულ უნდოდა.
35 წლის გიორგი თორდია მოპედებითაა გატაცებული, გათავისუფლების შემდეგ ყოფილმა პატიმარმა გადაწყვიტა, სახელოსნო მოეწყო და მოპედები, სკუტერები აეწყო – ეს მისი საყვარელი საქმიანობაა და იმასაც ამბობს, რომ ღამით სიზმარშიც კი მოპედებს ხედავს. გიორგის გაუმართლა და მოპედები საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ამიტომ მომხმარებლები მის სახელოსნოს არ აკლია და საქმე სულ აქვს.
ალექს წეველიძემ მხედველობა ციხეში დაკარგა, 42 წლის უსინათლო ყოფილ პატიმარს ჟოლოსა და კენკრის მეურნეობა აქვს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში და ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფინანსურ დახმარებაზე მცირე ბიზნესის წასახალისებლად უარს ამბობს, ფიქრობს, რომ ეს რესურსი მასზე უფრო ამჯერად სხვებს სჭირდებათ.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსი ვერ ხედავს, ახერხებს ყველგან მიმოსვლას, ამაში მეგობრები ეხმარებიან: უსინათლოთა კავშირის ალტერნატიული ორგანიზაცია დააარსა წლების წინ, სადაც არამხოლოდ უსინათლოები არიან გაერთიანებულები.
სპეციალური, ხმოვანი პროგრამების დახმარებით ალექსი შეუფერხებლად სარგებლობს ინტერნეტით, წერს პროექტებს და უვლის მეურნეობას.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.