რას პოსტავენ ბათუმის საკრებულოს წევრები ფეისბუქში, როცა ამომრჩეველი საპროტესტო აქციაზეა


ქვეყანაში ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული აქციების შემდეგ, ბათუმის საკრებულოს  წევრები სოციალურ ქსელში ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ ფოტომონტაჟს აქტიურად აზიარებენ. საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“ არც იმას მალავენ, რომ ლგბტ თემის მიმართ შემწყნარებლობით არ გამოირჩევიან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყველა განსხვავებულის უფლებები კონსტიტუციით გარანტირებულია.

ბათუმის საკრებულოს წევრი ელგუჯა ანდრიაძე, რომელიც საკრებულოში „ქართული ოცნების“ კვოტით შევიდა, სხდომებზე დიდი აქტიურობით არასდროს გამოირჩეოდა. სამაგიეროდ, ის გააქტიურდა ფეისბუქში. საკრებულოს წევრი პერიოდულად აზიარებს სიძულვილის ენის შემცველ სტატუსებს, ფოტოშოპით დამონტაჟებულ შეურაცხმყოფელ ფოტოებს, რაც პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ლევან ბერძენიშვილზე მომზადებული ეს ფოტომონტაჟი წარწერით – „უცნობი ჯარისკაცი“ ელგუჯა ანდრიაძემ დღეს, 29 ივნისს გააზიარა

ელგუჯა ანდრიაძის პოსტები პრაიდსაც შეეხო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩატარება გადაიდო. საკრებულოს წევრის მიერ გაზიარებული პოსტები ლგბტ თემის დისკრიმინაციას ახალისებს. იდენტური ფოტომონტაჟი გაზიარებული აქვს საკრებულოს წევრს გოჩა მგელაძესაც.

 

გარდა ამისა, ელგუჯა ანდრიაძემ გააზიარა ოპონენტების ფოტოები წარწერით – „დასაჭერია“.

ელგუჯა ანდრიაძემ მსგავსი წარწერით გააზიარა ასევე სერგი კაპანაძის, გრიგოლ ვაშაძის, ირმა ნადირაძის ფოტოები

კოლეგას ოპონენტების მადისკრიმინირებელი პოსტების გავრცელებაში არც  საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე ჩამორჩება. ოპონენტების ფოტოებს წარწერით – „დასაჭერია“ ისიც ავრცელებს. მის მიერ გაზიარებული ფოტოების მიხედვით, „დასაჭერია“ სალომე სამადაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი, დავით ბაქრაძე.

გოჩა მგელაძემ ბოლო პერიოდში გამოაქვეყნა ოპონენტების მაკონტროლებელი ე.წ. ნიუსები სათაურებით: „როცა ქმარი რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს და ცოლი კრემლშია“ [საუბარია ნინო ანანიაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეზე]. „გრიგოლ ვაშაძე: მე ძალიან მიყვარს რუსეთი, თანაბრად ვთვლი თავს რუსად“, „ნაცმოძრაობის წევრი სპეცრაზმის ათმეთაურად ასაღებდა თავს! მიზანი: გახარიას და პოლიციელთა დისკრედიტაცია“

საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, განათლების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე ბოლო პერიოდში ასევე აქტიურად აზიარებს ფოტოამბებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს  დაზარალებული ადამიანები არიან აღბეჭდილი. მან გააზიარა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ნაცემი კობა დავითაშვილის ფოტო და სულხან მოლაშვილის ვიდეო კადრები, სადაც ის ყვება, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად.

დღეს, 29 ივნისს ირაკლი პატარაძემ გააზიარა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ფოტო შემდეგი წარწერით: „არცერთი მინისტრი ისე არ მეამაყებოდა არასოდეს, როგორც დღეს მეამაყება გახარია“. მან გააზიარა ასევე ელექტრონული პეტიცია სათაურით – „არ გადადგე გახარია“. პატარიძე რეზინის ტყვიების თემასაც გამოეხმაურა, მან გააზიარა მინაწერიანი ფოტო რეზინის ტყვიის შესახებ, სადაც ამტკიცებენ, რომ ტყვია არ არის სასიკვდილო და  თავდაცვისთვის გამოიყენება.

ნატალია ზოიძემ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ აზიარებს ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტს – „რუსთაველზე 20 ივნისს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია წამის სიზუსტით“. ფეისბუქის მის გვერდზე ბერას ვიდეოსაც ნახავთ, სადაც  ბერა წერს, რომ ტკივილს კომპოზიციით გამოხატავს და ამ კომპოზიციას პიანინოზე ასრულებს.

გვერდზე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არ გამოხმაურებიან საკრებულოს  თავმჯდომარე სულიკო თებიძე, იგივე შეიძლება ითქვას მის მოადგილეებზე. ამ თემაზე არაფერი დაუწერიათ ზურაბ ნაკაიძეს, ნერიმან ცინცაძეს, ნატალია ძიძიგურს, ირაკლი თოფურიძეს, ანზორ დევაძეს და სხვები.

საკრებულოს წევრმა თამაზ დევაძემ კი გააზიარა კადრები, სადაც ნიკა მელია აგრესიული გამოსვლებით გამოიჩევა. ოპონენტების შეურაცხმყოფელი ფოტოებისა და სხვა ტიპის მასალების გაზიარებით ისიც გამოირჩევა.

ოპონენტების მაკომპრომატირებელ პოსტებს ოპოზიციაც აზიარებს, ამ მხრივ განსაკუთრებით საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე გამოირჩევა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი