მთავარი,სიახლეები

“სირცხვილია“ – დღეს ბათუმში გახარიას გადადგომის მოთხოვნით თავისუფლების მარში გაიმართება

29.06.2019 • 2281
“სირცხვილია“ – დღეს ბათუმში გახარიას გადადგომის მოთხოვნით თავისუფლების მარში გაიმართება

დღეს, 29 ივნისს, 19 საათზე, ევროპის მოედანზე ის ადამიანები შეიკრიბებიან, რომლებიც უერთდებიან თბილისში, 20 ივნისის ღამის შემდეგ ყოველდღიურად მიმდინარე აქციების მოთხოვნას, საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ.

„მამუკა ბახტაძემ და გიორგი გახარიამ არაერთხელ ახსენეს, რომ “გავრილოვის ღამეს” გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური და რომ ტყვიები, რომლითაც ხელებაწეულ დემონსტრანტებს ესროდნენ, იყო მისაღები.

შს მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ გამოძიების დამთავრებამდე არსად წასვლას არ აპირებს. ანუ, საქმეს იძიებს გახარიას უწყება, მისივე ხელმძღვანელობით და არ შეიძლება, რომ ეს დავუშვათ!

გახარია არის მხარე, ბრძანების გამცემი და მისივე თქმით, ყველაფერზე პასუხისმგებელი, ამიტომ, არ შეიძლება, მხარე იძიებდეს რამეს სამართლიანად. შს მინისტრი უნდა გადადგეს!

ხვალ, 29 ივნისს,19:00 საათიდან, ვიკრიბებით ბათუმის ევროპის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით გავემართებით იუნკერთა მემორიალისკენ.

შემოგვიერთდით და კიდევ ერთხელ, მოვითხოვოთ გიორგი გახარიას გადადგომა!“ – ვკითხულობთ საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, 29 ივნისს, მასობრივი დემონსტრაციების დაწყებიდან მეათე დღეს, თავისუფლების მარში გაიმართება თბილისშიც.

დემონსტრანტები 19.00 საათზე შეიკრიბებიან რესპუბლიკების მოედანზე და თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას მოაწყობენ.

აქციის მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა ამ დროისათვის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, თუმცა მინისტრი გადადგომას არ აპირებს. მას მხარდაჭერას უცხადებს სახელისუფლებო გუნდი და ამ მოთხოვნას არ იზიარებს.

________________

ფოტო: აქცია თბილისში, ნეტგაზეთი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: