მთავარი,სიახლეები

ადამიანებს ვერ ვუგებ, ასე მოხდა ციხის შემდეგ – ვხატავ და სხვაგან ვარ

28.06.2019 •
ადამიანებს ვერ ვუგებ, ასე მოხდა ციხის შემდეგ – ვხატავ და სხვაგან ვარ

ვან გოგი და ლადო გუდიაშვილი გამორჩეულად უყვარს. ხუთი წლიდან ხატავს, სამხატვრო აკადემია დაამთავრა და მას შემდეგ ზეთით, გუაშით, ნახშირით, აკრილით მუშაობს. საპატიმროში ყოფნისას, სადაც საღებავები არ იყო, ასანთით ხატავდა მუყაოსა და კედლებზე. ციხიდან ნახატებს არ ატანდნენ და იქვე ჩუქნიდა პატიმრებს.

მიშა ვაზაგაშვილი სასჯელს თითქმის 3-წელიწადნახევარი იხდიდა.

„ციხის წლები? ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ვისთვის როგორ, მაგრამ ციხე ჩემთვის ფსიქოლოგიური ტრავმა იყო, არ მინდა გახსენება. 2018 წლის ივნისში გავთავისუფლდი. ხატვა მსიამოვნებს, ამ დროს სხვაგან ვარ. ადრე ქედაში ჩოგბურთის კორტები იყო, ორი წელი ვთამაშობდი, 35 ბავშვს ვავარჯიშებდი… ახლა აღარ“, – ამბობს მიშა.

ახლა მხატვართა კავშირის წევრია, მხატვრები თვეში ერთხელ იკრიბებიან და გამოფენებს გეგმავენ. მიშას პერსონალური გამოფენა ჯერ არ ჰქონია, თუმცა სამომავლოდ ამაზეც ფიქრობს.

გათავისუფლების შემდეგ დასაქმება ყოფილი პატიმრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, გამონაკლისი არც მიშა ვაზაგაშვილია, ამჯერად სტაბილური სამსახური არ აქვს.

,,ბულვარში ვხატო? იცით, რამდენი მხატვარია ბათუმში?…

ადამიანებს ვერ ვუგებ, ასე მოხდა ციხის შემდეგ. რატომ? არ ვიცი, უცნაურად მეჩვენებიან, ბათუმიც სხვანაირია უკვე, მიყურებენ როგორც ციხიდან გამოსულს, ამას ვგრძნობ… მაგრამ ახლობლებისა და ნათესავებისთვის ასე არ არის. სხვები არ მაინტერესებს“, – ამბობს მიშა.

ძირითადად შინ ხატავს. მოლბერტი, პალიტრა, საღებავები და ფუნჯები – ცოტა ხნის წინ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მიშას ხატვისთვის საჭირო ნივთები და მასალები გადასცეს. პროგრამის მიზანი ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაცია – რესოციალიზაციაა.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს იმერეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო – ზემო სვანეთში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია.


„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
     იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
  •  ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

სამეგრელოში– ფონდ თანაზიარს / ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: