მთავარი,სიახლეები

როგორ მუშაობს რუსული რბილი ძალა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებისთვის – ინტერვიუ 

20.06.2019 • 2071
როგორ მუშაობს რუსული რბილი ძალა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებისთვის – ინტერვიუ 

საქართველოში მეორე დღეა მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელიც დღეს, 20 ივნისს, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართვით დაიწყო საქართველოს პარლამენტიდან. გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა აუდიტორიას რუსულ ენაზე. საზოგადოება საპროტესტო აქციებით გამოეხმაურა რუსული დელეგაციის ვიზიტს საქართველოში, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა რუს დეპუტატს საშუალება აღარ მისცეს, ისევ ჩამჯდარიყო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „არ იცოდნენ“, რაც მოხდა. როგორ ძლიერდება საქართველოში კრემლის ე.წ. რბილი ძალა – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ პოლიტოლოგი, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, ლევან ცუცქირიძე საუბრობს.

  • ბატონო ლევან, როგორ ფიქრობთ, რა ხდება ქვეყანაში. რას ნიშნავს ხელისუფლების ქმედება, როცა საქართველოს პარლამენტში რუს დეპუტატს აძლევენ სხდომის რუსულად წარმართვის უფლებას და უთმობენ თავმჯდომარის სავარძელს?

ხანდახან ვფიქრობ, რომ ამაზე უარესი რაღაცები არ მოხდება-მეთქი, შემდეგ გადის დრო და ხდება უარესი. რაც პარლამეტში ახლა ხდება, ჩემი აზრით, არის ფსკერი. ეს არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ პირდაპირი წასვლა, იმ პოლიტიკოსების, სამარცხვინო პარლამენტარების მიერ, რომლებმაც იცოდნენ რა მზადდებოდა საქართველოში, იცოდნენ, რა ფორმატში გაკეთდებოდა ეს შეხვედრა და მაინც ხელი შეუწყვეს ამის ორგანიზებას. საზოგადოების რეაქციების შემდეგ თითქოს გონს მოვიდა ზოგიერთი, მაგრამ დაწყებული ორგანიზატორებიდან ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ეროვნული ინტერესების, ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის რყევა, როცა შენი ოკუპანტი სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენელს, ჯერ ქვეყანაში უშვებ, მერე პარლამეტში და მერე სვამ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას. ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლური მნიშვნელობის ამხელა შეურაცხყოფა მე სხვა არ მახსენდება.

  • როგორც  ვიცით, გავრილოვი არის ადამიანი, რომელიც აღიარებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას და არ ცნობს საქართველოს იურიდიულ საზღვრებს …

რა თქმა უნდა და ახლა ვიხსენებ, ასე საჯაროდ სახეში ბოლოს ვინ შეგვაფურთხა. მე ვფიქრობ, რომ მთელ საზოგადოებას შეგვაფურთხა იმ ხალხმა, რომელმაც იცოდა რა გაკეთდებოდა აქ და ბოლო მომენტამდე მოიყვანა ეს.

  • რატომ აკეთებენ მსგავს რამეს ხელისუფლება, მართლა ფიქრობენ, რომ ეს არის რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გზა თუ უფრო უარეს რამეზე უნდა მივიტანოთ ეჭვი?

ნაწილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა არის სახელმწიფო. მათ არ იციან, რას ნიშნავს სახელმწიფი ინტერესი, მათ არ იციან, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესი. ნაწილი კი, როგორც ჩანს, პირდაპირ მუშაობს რუსული ინტერესების გატარებაზე საქართველოში. რუსული ინტერესები რა არის თუკი აქამდე ვერ გავიგეთ ისევ ვიტყვი, რომ რუსული ინტერესი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება. როგორც ჩანს, ჩვენ გვყავს ასეთი ადამიანები საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებაში, რომლებიც ამას ხელს უწყობენ. ჩვენ თუ გვინდა ჩვენი სახელმწიფო შევინარჩუნოთ, ამ ყველაფერს უნდა გაეცეს ძალიან მკაცრი პოლიტიკური პასუხი.

  • ჩვენ არ მოგვისმენია არც თავმჯდომარის და უმრავლესობიდან არც სხვების განცხადება ამ ყველაფერზე, გარდა ერთი-ორი დეპუტატისა, ვინც ამბობს, რომ „რცხვენია“.

იმიტომ არიან ჩუმად, რომ, როგორც ჩანს, ერთი გულით თანაუგრძნობენ ამ ღონისძიების ორგანიზებას და ერთი სული აქვთ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ რუსეთის კალთაში ჩაგორდნენ ისევ ტკბილად, ჩააბარონ ეს სახელმწიფო. მეორე – მგონი საერთოდ ტვინის განძრევა არ შეუძლიათ.

  • ჩვენ ხომ გვაჩვენა ისტორიამ, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ტკბილად რუსულ კალთაში.

როგორც ჩანს, ვიღაცას ვერ ასწავლა და ამაზეა ლაპარაკი. ვერ ასწავლა ძალიან დიდი რაოდენობის პოლიტიკოსს. ან საიდან უნდა ესწავლათ, წიგნი მაგათ არ აქვთ წაკითხული,  უყურებენ რუსულ ტელევიზიებს და ისტორია საიდან უნდა ესწავლათ.

  • რა არის ეს მართლმადიდებლური ასამბლეა და უნდა ჩატარებულიყო საერთოდ პარლამენტში?

პირველად გავიგე, არ ვიცი. რას ნიშნავს მართლმადიდებლური ასამბლეა, იქ სადაც არიან რუსი პოლიტიკოსები, რომლებიც ვიცით, რასაც წარმოადგენენ, რაზეა საუბარი. რუსეთში ვინც იყო თავისუფლების, ადამიანის ღირსების, თავისუფალი სიტყვის, სამართლიანობის დამცველი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე, ან  საფლავში წევს ან ქვეყნიდან არის გაქცეული. რუსეთის პარლამეტში არიან ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან რუსეთის შავრაზმული, ბოროტი იდეოლოგიის გატარებას, როგორც რუსეთში, რომლებმაც მოსპეს და გაანადგურეს ყველა ნათელი გონების ადამიანი და პოლიტიკოსი იქ და ახლა ამის შემოტანა უნდა ჩვენთან. ამას აკეთებდნენ ჯარით და ბოლომდე ვერ გააკეთეს და ახლა, ამ აბსოლუტური სიბრიყვის და ეროვნული ინტერესების მოღალატე პოლიტიკოსების ხარჯზე აკეთებენ ჩვენი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდიდან.

  • ასამბლეა დატოვა საქართველოში უკრაინის ელჩმა პროტესტის ნიშნით. გამოდის ჩვენ არ ვუფრთხილდებით უკრაინასთან პოლიტიკურ ურთიერთობებსაც?  

უკრაინასთან ჩვენ ურთიერთობები დიდი ხანია გაფუჭებულია. ზედაპირულად შეიძლება ჩანს კარგი, მეგობრული ურთიერთობები, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები ჩვენსავე გამო დაზარალდა. უკრაინის ელჩმა ვერ მოითმინა და გავიდა, ქართველი დეპუტატები კი ისხდნენ და პირდაღებული უსმენდნენ ამ ყველაფერს. ამაზე მეტი დიდი სირცხვილი რა გინდა რომ ნახო.

  • ამერიკელმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა რუსული რბილი ძალის საფრთხეებზე საქართველოში. მან ასევე გააკეთა მინიშნება რუსი ტურისტების საქართველოში ზრდაზე, რომელიც ჩვენ ასე გვახარებს და ასევე იმაზე, რომ თუ რა საფრთხის შემცველია, როცა  რუსები აქტიურად ყიდულობენ ქონებას საქართველოში.   

რომ დავაკვირდეთ ამ ვითომ ქართულ ეთნონაციონალისტებს, რადიკალებს და ექსტრემისტებს, ვის წინააღმდეგ რაზმავენ ისინი საზოგადოებრივ აზრს? საწყალ, გაუბედურებულ, უმუშევარ ადამიანებს ვის წინააღმდეგ ამხედრებენ? ისედაც ჩაგრული ჯგუფების და ასევე იმ ემიგრანტების წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოს მიმართ ბოროტი ზრახვები არ აქვთ. არაბები, ინდოელები, პაკისტანელები თურმე ჩვენი მტრები არიან, აღმაშენებელზე რესტორნები რომ გახსნეს და რუსები, რომლებიც ყიდულობენ უძრავ ქონებას და ნელ-ნელა ხელთ იგდებენ ქართულ საკუთრებას, არ ქმნიან საფრთხეს. რუსები რეალურად დამოკიდებული არიან მხოლოდ იმაზე, რას ეტყვის მათ მათი პრეზიდენტი და ხვალიდან სულ სხვანაირად მოიქცევიან. აქედანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რეალურად ეს ვითომ პატრიოტები ვინ არიან.

  • ანუ ლევან ვასაძის გააქტიურებაც ხელისუფლების ინტერესებშია?

ვინ არის ხელისუფლება? მე დიდი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით, რადგან მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება. ჩვენ რეალურად ვდგავართ გადარჩენის საფრთხის  წინაშე. საქართველოს საზღვრები რომ აქვს და რუკაზე რომ არის ჯერ კიდევ დატანილი, არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოდ ვართ. რას შევადარო ეს ყველაფერი, რა ისტორიული ანალოგი შეიძლება მოვიყვანო? …  აი, მაგალითად, ფაშისტური გერმანიის რომელიმე პოლიტიკოსი რომ ჩასულიყო და ლონდონში პარლამენტის სპიკერის ადგილზე დამჯდარიყო ეგეთი რამეა რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში ყოფნა.

  • როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია და შემდგომი ნაბიჯები ამ ყველაფერზე?

პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ამ ადამიანების, რომლებმაც ეს გააკეთეს. და ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იყოს ძალიან მძიმე. უნდა დასხდნენ ოპოზიცია, საზოგადოებრივი ჯგუფები, თვითონ ამ მმართველ პარტიაშიც თუ არის ვინმე, ვინც აცნობიერებს ამ ყველაფერს და მოიფიქრონ რამე. რამდენს ხანს შეიძლება იყო მხოლოდ აღშფოთებული, რადგან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოდის მომენტები, როდესაც ნაბიჯი უნდა გადადგა. არის ზღვარი თავმოყვარეობის, ეროვნული ინტერესის, რეალური, ნამდვილი პატრიოტიზმის, რომლის მერეც უნდა თქვა, – „მორჩა“.

  • თამარ ჩუგოშვილმა, ასევე თამარ ხულორდავამ  უმრავლესობიდან თქვეს, რომ რცხვენიათ იმ ყველაფრის, რაც პარლამენტში მოხდა. საკმარისია მათი მხრიდან ეს რეაქცია თუ უფრო რადიკალური უნდა იყოს მათი გადაწყვეტილება?

რა თქმა უნდა, არ არის  საკმარისი, რომ ამ ადამიანებს შერცხვეთ. ჩვენ ყველას შეგვიძლია შეგვრცხვეს, მაგრამ ჩვენ ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ. ვის რისი გაკეთება შეგვიძლია, ამაზეა ლაპარაკი. იმ ხალხმა, ვინც არიან პარლამენტში და პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენზე მეტი შეუძლიათ, შესაბამისი დოზით რაღაც უნდა გააკეთონ, თორემ ჩვენ უკვე დიდი ხანია ყველას რაღაცის გვრცხვენია, რაც ამ ქვეყანაში ხდება და ეს არ არის საკმარისი.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/373380/?fbclid=IwAR0sRc8u0Wox00il8gzXshWBmjYApcm2F_J8PykRc4sjhu0exakLqvY8uxQ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: