მთავარი,სიახლეები

როგორ გავსხლათ თხილის ბაღი

19.06.2019 • 4773
როგორ გავსხლათ თხილის ბაღი

მართალია, თხილის ბუჩქების გასხვლა ადრე გაზაფხულზე, მანამ არის რეკომედებული, სანამ მცენარე „გაიღვიძებს“, მაგრამ არასდროს არ „გვაწყენს“ იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება გავხადოთ ჩვენი ბაღი უფრო უხვმოსავლიანი – ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ მცენარის გასხვლასაც უკავშირდება.

თხილის ბაღის გასხვლის წესებზე გვიყვება FAO-ს საერთაშორისო ექსპერტი, დამიანო ავანზატო:

თხილის ბუჩქი უნდა შედგებოდეს ცხრა მთავარი დედატოტისგან. თუ დედატოტების რაოდენობა ცხრაზე მეტია, ზედმეტი ტოტები უნდა მოვჭრათ. უნდა მოიჭრას ახალი ამონაყარიც, რომელიც მცენარეს არ სჭირდება ხუთი წლის ასაკამდე. ამონაყარი უნდა მოვჭრათ მიწის ზედაპირთან ახლოს და ყოველ წელს უნდა გავაგრძელოთ იდენტური სხვლა, სანამ მცენარე არ მიაღწევს ხუთ წელს.

პირველი ხუთი წლის მანძილზე ხელი უნდა შევუწყოთ მთავარი დედატოტების გაზრდას, რათა თხილის ბუჩქი ხუთი წლის შემდეგ შევიდეს სრულ მსხმოიარობაში. პირველ რიგში, სანამ უშუალოდ გასხვლას დავიწყებთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ მცენარის ვარჯის ცენტრალურ ნაწილს. უნდა დავტოვოთ მხოლოდ სამი ამონაყარი მეხუთე წელს, ასევე, სამ-სამი – მომდევნო ორ წელს. ეს ამონაყარი შემდგომში ჩაენაცვლება მთავარ დედატოტებს.

პატარა ტოტების მოჭრისას უნდა მოვჭრათ ის, რომელიც მიმართულია მცენარის ზრდის პერიმეტრიდან გარეთ. უნდა შევინარჩუნოთ ის ტოტი, რომელსაც აქვს შესაბამისი სივრცე შემდგომი განვითარებისთვის. ყურადღება უნდა მივაქციოთ სინათლისთვის კონკურენციის თავიდან აცილებას. უნდა დავტოვოთ ის ტოტი, რომელიც კარგი შემცვლელი იქნება დედატოტის, როდესაც ის მიაღწევს რვა წელს. მერვე-მეცხრე წელს უნდა დავიწყოთ ხნიერი დედატოტების ჩანაცვლება ახალი დედატოტებით.

განვიხილოთ ათი წლის თხილის ბუჩქი, რომელიც არ იყო წლების განმავლობაში სწორად გასხლული. სანამ მის გასხვლაზე გადავალთ, უნდა გამოვკვეთოთ, თუ რისი მიღწევა გვინდა. ტოტების ორმაგი რაოდენობა საფრთხეს უქმნის მცენარეს. როცა მცენარე ხავსით არის დაფარული, ეს უკავშირდება მცენარის ვარჯში მზის სინათლის ჩაღწევის პრობლემას, რაც ქმნის ტენიან გარემოს ვარჯში და სოკოვანი დაავადებების გავრცელების კარგ წინაპირობას. გასხვლის დროს ჩვენი ამოცანაა, შევამციროთ დედატოტების რაოდენობდა ცხრამდე და დავტოვოთ ახალი ტოტები, რომლებიც ამ ტოტების შემცვლელი იქნება.

პირველ რიგში, უნდა შევხედოთ მცენარეს და გადავწყვიტოთ, რომელი ტოტები დავტოვოთ და რომელი მოვჭრათ. უნდა მოვჭრათ ის ტოტი, რომელიც ჩრდილავს მცენარეს და ხელს უშლის მცენარის ვარჯში სინათლის ჩასვლას, ასევე, უნდა მოვჭრათ ყველა ხნიერი ტოტი, რომელთაც ნაყოფის მოცემა შემცირებული აქვთ და ჩრდილავენ მცენარის ვარჯს. გასხვლის ოპერაციით მცენარეს უნდა მივცეთ მზის სინათლის მიღების საშუალება. რადგან ამ გზით სტიმულს ვაძლევთ გვერდითა სანაყოფე ტოტების განვითარებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ნაყოფი ვითარდება 25-30 სანტიმეტრის გვერდითა ტოტებზე. ამიტომ თუ ისინი იქნება სუსტი და მოკლე, ნაყოფს ვერ მოგვცემენ.

აუცილებელია, სწორ სხვლასთან ერთად მცენარე ზამთრის პერიოდში დამუშავდეს რკინის სულფატით, რაც ძალზე ეფექტურია ხავსის პრობლემის გადასაწყვეტად.

ჭრის ტექნიკას რაც შეეხება, კარგი იქნება, თუ ტოტს ერთი მხრიდან ჩავჭრით მცირედით და მეორე მხრიდან მოვჭრით მთლიანად. ამ გზით ნაკლებ დაზიანებას მივაყენებთ მცენარეს.

როცა მოვჭრით რამდენიმე ხნიერ ტოტს ერთდროულად, მცენარე გვიპასუხებს მძლავრი ვეგეტატიური ზრდით და ბევრი ამონაყრის განვითარებით.

თხილის კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასხლული ადგილები დავამუშავოთ სანთლით ან სხვა მასალით, რომელიც ხელს უწყობს მცენარის ჭრილობების სწრაფად შეხორცებას და სხვადასხვა პათოგენებისგან მის დაცვას.

მასალა მომზადებულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრზე დაყრდნობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: