მთავარი,სიახლეები,სპორტი

ბათუმის დინამო 10 ათასი ლარით „სპონსორის“ ემოციური ქცევისა და გინების გამო დააჯარიმეს

12.06.2019 • 3210
ბათუმის დინამო 10 ათასი ლარით „სპონსორის“ ემოციური ქცევისა და გინების გამო დააჯარიმეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განხილვის კომიტეტმა ბათუმის „დინამო“ წელს შვიდჯერ დააჯარიმა. კომიტეტის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, ჯარიმის თანხა ჯამში 24 100 ლარია. აქედან 10 500 ლარი, როგორც სადისციპლინო კომიტეტი აღნიშნავს, გუნდის „სპონსორის“, არჩილ ბერიძის სტადიონზე შევარდნასა და არაეთიკურ ქცევებს უკავშირდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განხილვის კომიტეტის ინფორმაციით, „ბათუმის „დინამო“ 7 500 ლარით 11 მაისს, თბილისისა და ბათუმის „დინამოების“ შეხვედრის გაანალიზების შედეგად დააჯარიმეს.

„სამივე გატანილი გოლის შემდეგ გუნდის „სპონსორი“ არჩილ ბერიძე კვეთდა აუტის ხაზს და ემოციურად აღნიშნავდა გატანილ გოლებს… მატჩის მსვლელობისას დარღვეული იყო ყველა უსაფრთხოების ნორმა“. ამ მატჩის მსვლელობისას ასევე მოხდა რამდენიმე სხვა ინციდენტიც – სტადიონზე ისროლეს სხვადასხვა ნივთი.

სადისციპლინო და დავების განხილვის კომიტეტმა ბათუმის „დინამო 2“ 1 000 ლარით რუსთავის „რუსთავთან“ გამართული მატჩის მსვლელობისას გამოვლენილი დარღვევების გამოც დააჯარიმა. ეს შეხვედრა 17 აპრილს გაიმართა.

სადისციპლინო და დავების განხილვის კომიტეტის ცნობით, მატჩის დაწყებამდე „მსაჯთა ოთახში შევიდა ბათუმის „დინამოს“ „სპონსორი“ არჩილ ბერიძე და დაიწყო წინა დღით თბილისის „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართული მატჩის მსაჯის, ბაკურ ნინუას შეურაცხყოფა. მატჩის მე-17 წუთზე „დინამო 2“-ის მეკარის გაძევების შემდეგ, არჩილ ბერიძე მივიდა სტადიონის შემოსაზღვრულ ღობესთან და აგინებდა როგორც აღნიშნული მატჩის მსაჯ ივანე მაჩიტაძეს, ასევე წინა დღით გამართული თბილისის „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართული მატჩის მსაჯს ბაკურ ნინუას. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ არჩილ ბერიძემ მსაჯებს სამსაჯო ოთახში შესვლისა და გამოსვლის დროს კვლავ აგინა“, – წერია ოფიციალურ დოკუმენტში.

ინციდენტი მოხდა 20 აპრილს ეროვნული ლიგის ეგიდით გამართულ მატჩზეც, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ ბათუმის „დინამო“ და თბილისის „ლოკომოტივი“:

„მატჩის 93-ე წუთზე ს.კ. ბათუმის „დინამოს“ მიერ გამარჯვების მომტანი გოლის შემდეგ, ბათუმის დინამოს „სპონსორი“ არჩილ ბერიძე და მასთან მყოფი ოთხი პირი შევიდნენ დამცავი ბადის შიგნით, რათა მიელოცათ ფეხბურთელებისთვის გოლის გატანა. არჩილ ბერიძე მთელი თამაშის განმავლობაში იმყოფებოდა მინდორზე გასასვლელთან, სადაც ყოფნისთვის საჭიროა შესაბამისი ნებართვა. ვინაიდან არჩილ ბერიძეს არ ჰქონდა იქ დგომის უფლება, მატჩის დელეგატმა თამაზ კოსტავამ მოითხოვა მას დაეტოვებინა აღნიშნული ადგილი, რასაც არ დაემორჩილა და განუცხადა, რომ ყველა თამაშზე აღნიშნულ ადგილზე დგას“, – წერია დოკუმენტში, რომელიც კომიტეტმა ამ მატჩის შეფასების შემდეგ მიიღო.

კომიტეტმა იმსჯელა ამ საკითხზე და განმარტა, რომ თამაშის დროს პირით ხაზს მიღმა ყოფნის უფლება აქვთ ფოტოკორესპონდენტებს, ტელეოპერატორებს და ბურთის მიმწოდებელ ბავშვებს.

ამ დარღვევისთვის ბათუმის დინამო 2 000 ლარით დააჯარიმეს.

ასე დააგროვა ბათუმის „დინამომ“ ჯარიმების თითქმის ნახევარი – 10 500 ლარი. გარდა ამისა, „დინამო“ დააჯარიმეს გულშემატკივრის არასათანადო ქცევის გამოც. მაგალითად, 21 მაისს  ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „ვიტ ჯორჯია“ თამაშის მსვლელობისას გულშემატკივარმა რამდენჯერმე ისროლა სტადიონზე ქაღალდის შეკვრები და პოლიეთილენის ბოთლები, ასევე, შევარდნენ სტადიონზე. ამ ინციდენტების გამო მსაჯმა თამაში რამდენჯერმე შეაჩერა.

გულშემატკივრის ქცევების გამო „დინამო“ ამ შემთხვევაში  5 800 ლარით დაჯარიმდა.

ინციდენტი მოხდა 5 მარტის თამაშის დროსაც – ბათუმის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის გამართულ მატჩზე, ფანების ქცევის გამო დაისაჯა ორივე გუნდი – ბათუმის „დინამო“ – 2 500 ლარით, ქუთაისის „ტორპედო“ – 3 500 ლარით.

10 მარტს თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართულ მატჩზე მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშისთვის ხელისკვირისთვის გააძევეს ბათუმის „დინამოს“ გუნდის ექიმი ზურაბ ხორხელაური, რომელიც იმ მომენტისთვის მინდორზე იმყოფებოდა ტრავმირებული ფეხბურთელის დასახმარებლად. ასევე ცისფერი კვამლი გაუშვეს ორივე გუნდის ფანებმა.

თბილისის „დინამო“ ამ მატჩის შემდეგ დააჯარიმეს 150 ლარით, ბათუმის „დინამო“ – 300 ლარით, „დინამოს“ ექიმი კი – 250 ლარით.

16 აპრილს ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „საბურთალოს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტიც გახდა „დინამოს“ დაჯარიმების საფუძველი. თამაშის 92-ე წუთზე „დინამოს“ გულშემატკივარი, რომელიც განთავსებული იყო მათთვის წინასწარ გამოყოფილ ადგილებზე, შეურაცხმყოფელი განცხადებებით აგრესიულად დაიძრა ცენტრალური ტრიბუნისკენ. ისინი შესაბამისმა სამსახურებმა შეაჩერეს.

ამ შემთხვევის გამო ბათუმის „დინამო“ სადისციპლინო კომიტეტმა  5 ათასი ლარით დააჯარიმა.

„დინამო“ ბათუმის ადმინისტრაციამ ახლახან თავის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც გულშემატკივარს მოუწოდა თავშეკავებისკენ. 

„…ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების დარღვევა საფრთხეს უქმნის თქვენსა და სხვა პირთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ასევე, აზარალებს ჩვენს კლუბს მატერიალურად, რადგან უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ჯარიმების გადახდის ვალდებულებას გვაკისრებს და ამ კუთხით კლუბმა უკვე მიიღო სოლიდური ფინანსური სასჯელი. გუნდის მოთამაშეების, სამწვრთნელო შტაბისა და ადმინისტრაციის სახელით უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაარღვევთ სტადიონზე ქცევის წესებს და მოუწოდეთ თქვენ გვერდით მყოფ სხვა გულშემატკივრებსაც, დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ სტიუარდების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მითითებებს“, – ეწერა „დინამოს“ ადმინისტრაციის განცხადებაში, სადაც არჩილ ბერიძე არ არის ნახსენები.

აჭარის მთავრობამ უკვე განაცხადა საჯაროდ, რომ ბათუმის „დინამო“ უნდა გადასცეს ერთ-ერთ კომპანიას. ნახეთ რა კავშირები აქვს ამ კომპანიასთან არჩილ ბერიძეს.

მთავარი ფოტო: არჩილ ბერიძის FB გვერდიდან

აჭარის მთავრობა „დინამო ბათუმს“ ასხვისებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: