სიახლეები

მოხალისეები ბათუმიდან, რომლებიც გარემოს ასუფთავებენ

04.09.2019
მოხალისეები ბათუმიდან, რომლებიც გარემოს ასუფთავებენ

Trash Hero –არის საერთაშორისო მოხალისეობრივი პროექტი, ერთგვარი ეკოლოგიური მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც ადამიანები აგროვებენ ნაგავს ქალაქის შემოგარენში, რეკრეაციულ ზონებსა და სანაპიროებზე.  წელს ამ მოძრაობას მოხალისეები ბათუმიდანაც შეუერთდნენ. აპრილის შემდეგ მათ უკვე დასუფთავების 13 აქცია მოაწყვეს, რომლებშიც ჯამში 91 აქტივისტი იყო ჩართული, შედეგად კი 1206 კგ ნაგავი მოაგროვეს.

Trash Hero Batumi-ის ერთ-ერთი ძირითადი წევრი, ანდრეი დიაჩენკო ამბობს, რომ ისინი ყოველკვირეულად იკრიბებიან და დასუფთავების აქციებს აწყობენ: “ვიკრიბებით ყოველ კვირას, თუ ამინდი გვიწყობს ხელს. ჩვენგან ხუთი მოხალისე მუდმივად მონაწილეობს დასუფთავების აქციებში, დანარჩენი მოხალისეების რაოდენობა კი იცვლება, გვიერთდებიან ახალი ადამიანები…“

მოხალისეები საჯარო სივრცეებს ირჩევენ. „ვირჩევთ ლამაზ ადგილებს, რომლებიც დაბინძურებულია… გვინდა, ბუნებისთვის სასარგებლო საქმე გავაკეთოთ და თვალისთვისაც სასიამოვნო იყოს ეს ხედები. წინასწარ ვთანხმდებით  ადგილზე და გავდივართ. ყველაზე დიდი პრობლემა პლასტმასია, ძალიან ბევრი პლასტმასის ბოთლია, პოლიეთილენის პარკები… პლაჟზე რას არ შეხვდებით, სათამაშოებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს…” – ამბობს ანდრეი – „ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, თუ ახალი მოხალისეები შემოგვიერთდებიან, მსურველებს შეუძლიათ ჩვენს ფეისბუქზე ნახონ ადგილი, სადაც დავაპირებთ ნაგვის შეგროვებას და შეუძლიათ პირდაპირ იქვე შემოგვიერთდნენ, თან წამოიღონ ცოტა საკვები და წყალი, მუშაობის შემდეგ კოლექტიური პიკნიკისთვის …”.

კვირას, 8 სექტემბერს, Trash Hero-ს მოხალისეები აეროპორტის მიმდებარე პლაჟს დაასუფთავებენ. დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

ანდრეი ამბობს, რომ მხოლოდ ნაგვის მოგროვებით დაბინძურების პრობლემა ვერ მოგვარდება, საჭიროა ღონისძიებები, რომლებიც პრობლემის პრევენციას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, თუ მოხალისეების რაოდენობა გაიზრდება, ისინი ნარჩენების მართვის შესახებ სკოლებში, ბავშვებთან შევედრებსაც აპირებენ.

“ჩვენ არაკომერციული ორგანიზაცია ვართ, არანაირი დაფინანსება არ გვაქვს, შემოწირულობებს თანხის სახით არ ვიღებთ, მაგრამ თუ ვინმეს სურვილი ექნება, მათ შორის ადგილობრივ ბიზნესმენებს, რომ ხელთათმანებით, ტომრებით, ლანჩით ან ტრანსპორტით დაგვეხმარონ, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ ძირითადად ჩაქვში, შეკვეთილში და ისეთ პლაჟებზე დავდივართ, სადაც არავინ ასუფთავებს ზღვიდან გამორიყულ თუ სხვა სახის ნაგავს. ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი შეკვეთილი იყო. ასეთ ადგილებამდე ქალაქიდან შორია, განსაკუთრებით ჭირს ტრანსპორტირება, თუ ბევრი ადამიანი გროვდება,” – ამბობს ანდრეი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: