მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი ხელახლა გამოცხადდა

04.06.2019 • 1228
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი ხელახლა გამოცხადდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ დირექტორის ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა. განცხადებები კონკურსში 4 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით მიიღება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც  აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო – პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება.

სამეურვეო საბჭომ დირექტორის კონკურსის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არაუგვიანეს 13 ივლისისა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო უკვე მეორედ აცხადებს კონკურსს დირექტორის ასარჩევად. პირველ კონკურსში 8 მსურველი მონაწილეობდა, თუმცა კონკურსი ჩაიშალა, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო სამი ხმა, რაც დირექტორის ასარჩევად იყო საჭირო. დირექტორობის კანდიდატებიდან ყველაზე მეტი, ორი ხმა მიიღო მერაბ წულუკიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა; 1 ხმა მიიღო ნათია ზოიძემ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა; 1 ხმა – ირმა ზოიძემ – საგამოძიებო სტუდია REC -ის დამფუძნებელმა და 1 ხმა – ბაჩო გურაბანიძემ, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ ხელმძღვანელმა.

გუშინ, 3 ივნისს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია ზოიძემ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ მრჩეველთა საბჭო არის პოლიტიკურად მოტივირებული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: