სებ-ი სავალუტო ჯიხურებს ამოწმებს – 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 10 დააჯარიმა


საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, შემოწმების შედეგად თბილისის ტურისტულ ზონებში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმეს, ხოლო 10 პუნქტი დააჯარიმეს.

„დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ, რითაც მომხმარებელი შეგნებულად შეჰყავდათ შეცდომაში“ – აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტები არის ჩვენი რეგულირებისა და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. მათ ვამოწმებთ პერიოდულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუ იქნება ამ ტიპის პრობლემები – არასწორი ქმედება, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა და სხვა, მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც კანონი ითვალისწინებს“ – გვითხრეს ეროვნულ ბანკში.

სებ-ის განცხადებით, „სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან, მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს [ასეთების არსებობის შემთხვევაში] ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში“.

„საყურადღებო კურსი“, სებ-ის განმარტებით, არის კურსი, რომლის დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს ან როდესაც ვალუტის შესყიდვის ან/და გაყიდვის კურსი 3%-ით ან მეტით არის გადახრილი იმ დღისათვის არსებულ სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსიდან.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მიიჩნევს, რომ ვალუტის გადაცვლისას მისი უფლებები დაირღვა, მას შეუძლია დაუკავშირდეს ეროვნულ ბანკს ცხელ ხაზზე 2 406 406.

——–

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი 2018 წელს დაამტკიცა. შესაბამის ბრძანებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხელი 2018 წლის 28 თებერვალს მოაწერა. ამ წესის გამოქვეყნებამდე რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს საქმიანობის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ვადა 2019 წლის პირველ იანვრამდე მიეცათ. რაც შეეხება 2018 წლის 28 თებერვლიდან დარეგისტრირებულ გადამცვლელ პუნქტებს, ისინი ვალდებული იყვნენ საქმიანობა ახალი წესების სრული დაცვით განეხორციელებინათ.

ამ თემაზე:

დღეიდან ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com