მთავარი,სიახლეები

„მოიყვანეთ დაზარალებული და მომეცით 15 წუთი“ – ცოლზე მუქარაში ბრალდებული 

23.04.2019 • 1738
„მოიყვანეთ დაზარალებული და მომეცით 15 წუთი“ – ცოლზე მუქარაში ბრალდებული 

“მე შეგნებულად დაგაჭერიეთ თავი… აქაც სპეციალურად მოვედი, სალაპარაკო მაქვს,” – თქვა ბრალდებულმა, როგორც კი მოსამართლე დაინახა და შემდეგ ბრალდებულის გისოსებს აღარ მოშორდა – მთელი პროცესის განმავლობაში ცოლზე ფიზიკური განადგურების არაერთგზის მუქარაში ბრალდებული მიხეილ ბ. ფეხზე იდგა და საუბრობდა. შიგადაშიგ მოსამართლე ლევან გელოვანი მის შეჩერებას, განმარტებების გაკეთებას და პროკურორის ჩართვას ახერხებდა.

“10 წელი ცოლ-ქმარი ვართ და არ მიყვარხარო, არ უთქვამს არასდროს. ეთქვა, რომ დამთავრდა ყველაფერიო, მაგრამ არ უთქვამს ეგ… მისი ოჯახი იყო ჩემი წინააღმდეგი, რადგან მანამდე დანაზე დამაკავეს. ის ჩუმად მხვდებოდა…” – მოუყვა ბრალდებული მოსამართლეს იმის მიუხედავად, რომ დღეს მხოლოდ წინასასამართლო სხდომა გაიმართა და ბრალდებულს არაფრის თქმა ევალებოდა.

გამოძიების ვერსიით, მიხელ ბ. იანვარში, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ქალს შერიგებას და ოჯახში დაბრუნებას სთხოვდა. ისინი განქორწინებულები არ არიან, მაგრამ დაზარალებულად ცნობილი ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად საკუთარ მშობლებთან ცხოვრობს. ბრალდებული კი თბილისიდანაა. ქალმა პოლიციას მას შემდეგ მიმართა, როცა ქმრისგან სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს იღებდა.

“ნამდვილად დავემუქრე, ვაღიარებ, მაგრამ მისი მოკლა რომ მდომოდა, მილიონჯერ მოვკლავდი… 4 თვის გათავისუფლებული ვარ ციხიდან. მან სხვა გზა არ დამიტოვა,” – თქვა ბრალდებულმა და პროკურორს გახედა.

“ბათუმელები” ამ შემთხვევის შესახებ 26 თებერვალს წერდა. მაშინ საია-ს იურისტი, ანნა მდინარაძე მოგვიყვა, რომ პოლიციაში დაბარებულმა ქალმა ოჯახში ფიზიკურ ძალადობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ წინა წლებში პოლიციაში არ განუცხადებია.

“ოჯახში ძალადობაზე გამოძიება მიმდინარეობს, ჯერ კონკრეტული შედეგი არ გვაქვს,” – ამბობს პროკურორო პაატა ცეცხლაძე.

“არავითარი ძალადობა არ ყოფილა,” – ირწმუნება მიხეილ ბ. ის მოსამართლეს ასევე მოუყვა, თუ როგორ შეხვდა მეუღლეს ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

“ქალს თუ ხელით შევეხე, სასტუმროში რატომ წავიყვანდი? აი, ფოტოები, იქ გადაღებულია. წამოვიღე, ნახეთ…” – თქვა ბრალდებულმა და დაბეჭდილი ფოტოები აჩვენა მოსამართლეს. ლევან გელოვანმა მას განუმარტა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი ჯერ არ დაწყებულა და არც ოჯახში ძალადობას ედავება ვინმე. მოსამართლეს ფოტოები აღარ უნახავს.

“მე არც გირაოს ვითხოვ, დამტოვეთ პატიმრობაში. ვითხოვ იმას, რომ მოიყვანოთ დაზარალებული და მომცეთ 15 წუთი,” – ითხოვა ბოლოს მიხეილ ბ.-მ. და ისევ პროკურორს მიუბრუნდა, თქვენი მობილურის ტელეფონის ნომერი მომეცითო.

“მოლაპარაკებებისთვის თქვენ გჭირდებათ ადვოკატი,” – უთხრა მას პროკურორმა.

მიხეილ ბ.-ს ამ ეტაპზე ადვოკატი არ ჰყავს. რამდენიმე დღეში არსებითი განხილვა დაიწყება და ბრალდებული თუკი ადვოკატს არ აიყვანს, მას “იურიდიული დახმარების სამსახური” დაიცავს.

დაზარალებულად მიჩნეული ქალის ინტერესებს კი საია იცავს. ამ საქმის პარალელურად,  ქალი განქორწინებასაც ითხოვს.

“არ გვსურს საუბარი ამ თემაზე,” – გვითხრა ბრალდებულის დედ-მამამ პროცესის დასრულების შემდეგ.  დღევანდელ სასამართლო სხდომას მხოლოდ ისინი ესწრებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: