მთავარი,სიახლეები

ბათუმის მეჩეთზე სასამართლო პროცესი 10 აპრილს განახლდება

04.04.2019
ბათუმის მეჩეთზე სასამართლო პროცესი 10 აპრილს განახლდება

ბათუმის ახალი მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა 10 აპრილს, 10 საათზე განახლდება. ბოლო სხდომა ამ საქმეზე 2018 წლის 20 თებერვალს გაიმართა. მას შემდეგ სასამართლო განხილვა გაურკვეველი ვადით იყო შეჩერებული.

2018 წლის 20 თებერვალს სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბათუმის მერიის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, მერი ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან მოლაპარაკებას გამართავდა. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა და ამის შესახებ სასამართლოს გასული წლის აპრილში ეცნობა, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს მორიგი სხდომა არ ჩაუნიშნავს.

„ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა კვლავ ჭიანურდება, რაც სასამართლო გზით მუსლიმი თემის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას არსებითად ართულებს,“ – აღნიშნა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა EMC-მა 2019 წლის 19 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართა, მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ უარი თქვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე. მუსლიმი თემი მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობისა და დისკრიმინაციულობის კუთხით სასამართლოში დავობს. სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC-ი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI წარმოადგენენ.

მთავარი ფოტო: პარასკევის ლოცვა ბათუმის ორთაჯამეში, მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: