აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ფეისბუქის გვერდზე 17 მარტს ახალი ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამინისტროს ცნობით, აჭარაში, კერძოდ გონიოში სასტუმრო კომპლექსი აშენდება. პროექტი, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, 10 ჰექტარს მოიცავს და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.
სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე ვკითხულობთ, რომ სასტუმრო 1055 ნომერს გააერთიანებს All Inclusive სერვისით, სასტუმროს ოპერირებას კი საერთაშორისო კომპანია Aimbridge Hospitality განახორციელებს.
სამინისტრო არ წერს, ვინ არის ინვესტორი. უცნობია, რატომ – ინვესტორის ვინაობა უმნიშვნელო ინფორმაციად ჩათვალეს, თუ არც ამ უწყებაში გრძნობს არავინ თავს ვალდებულად, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს.
სამინისტრომ 10 ჰექტარი ახსენა, მაგრამ არც ის მიუთითა, კონკრეტულად, სად, რა მისამართზე აშენდება კომპლექსი. სამინისტრომ გამოაქვეყნა რენდერები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კომპლექსს ზღვის ხედი ექნება.
სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს ასევე, რომ პროექტის პრეზენტაცია „ვიწრო წრეში“ შედგა და მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ დასწრებია. მთავარი სტუმრები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინა ზოიძე იყვნენ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მშენებლობას შპს „ეუროპიან ვილაჯი რივიერა“ გეგმავს. კომპანია წელს, 2023 წლის 23 იანვარს არის დაფუძნებული და მისი ასივე პროცენტი შპს „ეუროპიან ვილაჯის “ ეკუთვნის. ორივე კომპანიის დირექტორი არჩილ ფარტენაძეა.
შპს „ეუროპიან ვილაჯი“ უკრაინის ორ მოქალაქეს, ანდრიი მოზოლევსკის და ჰალინა დიმაროვსკას ეკუთვნით.
„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც შპს „ეუროპიან ვილაჯი რივიერა“ კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, გონიოში, წმინდა ნინოს I ჩიხში, #9გ- ში, მომაღლო ადგილზე მდებარეობს და ხუთ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს.
მშენებლობის ნებართვის მისაღებად აქ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს სტატუსი შეუცვალეს. სამშენებლო ტერიტორიას ირგვლივ კარგად გამწვანებული ნაკვეთები ესაზღვრება, მის წინა მხარეს კი გონიოს პლაჟისა და ზღვის ხედი იშლება.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიაში 2022 წლის ივლისში შპს „აჭარა ლენდ ინვესტმა“ მოითხოვა. ერთ თვეში ბათუმის მერმა გამოსცა ბრძანება პროექტის შეთანხმების თაობაზე და მეორე ეტაპისთვის კომპანიას ორი დავალება მისცა: სასოფლო- სამეურნეო სტატუსის მქონე ნაკვეთების არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთებად დარეგისტრირება და ხუთივე ნაკვეთის ერთ საკადასტრო კოდზე გაერთიანება.
კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 2022 წლის 12 დეკემბერს მიიღო.
2023 წლის თებერვალში უკვე გაერთიანებული ნაკვეთების მესაკუთრედ შპს „ეუროპიან ვილაჯი რივიერა“ დარეგისტრირდა, ამ კომპანიაზე გადავიდა მშენებლობის ნებართვაც. 2023 წლის მარტში კი რეესტრში სამშენებლო ნაკვეთზე [გაერთიანებულ კოდზე] პრობლემა დაფიქსირდა.
2023 წლის მარტში შპს „ეუროპიან ვილაჯი რივიერას“ დირექტორმა არჩილ ფარტენაძემ საჯარო რეესტრს მიმართა. მან სამშენებლო ნაკვეთზე არსებული მშენებარე ობიექტების რეგისტრაცია მოითხოვა, თუმცა რეესტრმა ხარვეზი დაადგინა და მისი აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტები მოითხოვა.
რეესტრის განმარტებით ირკვევა, რომ კომპანია მშენებლობას შეთანხმებული პროექტის დარღვევით აწარმოებდა, რასაც კომპანიის დირექტორი უარყოფს: „მცირე ცდომილებაა მხოლოდ, რასაც ვასწორებთ, მივმართეთ მერიას“
ამონარიდი დოკუმენტიდან:
„სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია მშენებარე ინდივიდუალურ უძრავ ნივთებზე [პირველადი განშლა]… წარმოდგენილ ბრძანებაში მითითებული ფართები არ ეყრდნობა პროექტის სართულებრივ გეგმაზე ნაჩვენებ ფართებს. [არ ედრება საცხოვრებელი და საზაფხულო ფართი]; შენობა N4 ბრძანებით მითითებულია, როგორც საოფისე ფართი, ხოლო სართულებრივ გეგმაზე წერია დამხმარე ფართი. ასევე, შენობა N4-ს მეორე სართულის ფართს არ აწერია კვადრატულობა; პროექტის სართულებრივ გეგმაზე არა მითითებული აუზის ფართი “.
საჯარო რეესტრის მონაცემებით წმინდა ნინოს I ჩიხში, #9გ- ში გაერთიანებული მიწის ნაკვეთების ჯამი 5364 კვ. მეტრია და არა სამი ჰექტარი, როგორც ამას აჭარის მთავრობა წერს.
კომპანიის დირექტორის, არჩილ ფარტენაძის განმარტებით, შპს „ეუროპიან ვილაჯი რივიერას“ მფლობელები კიდევ რამდენიმე კომპანიას ფლობენ საქართველოში, მათ შორის არის „აჭარა ლენდ ინვესტი“ , რომელმაც მშენებლობის ნებართვა მოითხოვა. მათთან დაკავშირებული კომპანიაა ასვე „შპს „ეუროპიან ვილაჯი აქვა“
„ნაკვეთებს შორის არის მცირე დაშორებები, ამიტომაც ცალ-ცალკე, სხვადასხვა კომპანიაზე გვაქვს გაფორმებული და ნებართვებიც ცალ-ცალკე გვაქვს მიღებული. ერთი კომპანიით მართვა რთულია და ამიტომ გადაწყვიტა ასე დამფუძნებელმა. ასევე, შესყიდული გვაქვს ნაკვეთი, რომელსაც უახლოეს მომავალში გადმოგვიფორმებს მესაკუთრე, ჯამში ეს ნაკვეთები 3 ჰექტარი იქნება“ – უთხრა არჩილ ფარტენაძემ „ბათუმელებს“.
რეესტრის მონაცემებით, შპს „ეუროპიან ვილაჯი“ „ეუროპიან ვილაჯი აქვასთან“ ერთად ფლობს 4438 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ანდრია პირველწოდებულის ქუჩის #51-ის მიმდებარედ, სადაც სასტუმროს აშენებს. რეესტრის ინფორმაციით კომპანიას აქ 18 598.9 კვ.მეტრი ფართობი აქვს უკვე აშენებული. აქ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიას გასული წლის მაისში გაუცია.
საერთო ჯამში „ეუროპიან ვილაჯთან“ დაკავშირებული კომპანიები გონიოში რამდენიმე ნაკვეთს ფლობენ. არჩილ ფარტენაძის ინფორმაციით, მათ გონიოში ვილების მშენებლობა 2016 წელს დაიწყეს და ამ დროისთვის 22 ვილა აქვთ აშენებული.