მთავარი,სიახლეები

ბათუმში ტურიზმის ფესტივალი გაიმართება

19.03.2019 • 1518
ბათუმში ტურიზმის ფესტივალი გაიმართება

31 მარტს ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ გაიხსნება.

„ტურისტერის“ მიზანია ბიზნესპრაქტიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნების, გარემოს დაცვის, მარკეტინგისა და კულინარიის შესწავლისა და ანალიზის საშუალებით ისაუბროს ტურიზმის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი, რომელიც „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი პროექტია, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

ფესტივალი „ტურისტერი“ კლუბ „გეითისა“ და „ბოტანიკოს“ ტერიტორიაზე გაიმართება და შედგება შემდეგი ღონისძიებებისაგან:

[checklist]

  • ტურიზმის ფორუმი
  • საუბრები ტურიზმზე
  • რეგიონალური კულინარია
  • სტარტაპების გამოფენა

[/checklist]

ფორუმი პანელურ დისკუსიებს მოიცავს და თითოეულ მათგანზე ექსპერტები ისაუბრებენ დარგში არსებულ კონკრეტულ გამოწვევებზე. ფორუმზე იმსჯელებენ სამ ძირითად მიმართულებაზე: 1. საკანონმდებლო რეგულაციებზე; 2. ტურიზმის პოლიტიკაზე; 3. კლიმატურ ცვლილებებსა და ტურიზმის განვითარების ურთიერთქმედებაზე.

„საქართველოში ბევრი უნდა ვისაუბრობთ ტურიზმში არსებულ გამოწვევებზე. თუ დარგში არსებული პრობლემები და გამოწვევები არ გავითავისეთ, გაგვიჭირდება მდგრად განვითარებაზე საუბარი. „ტურიზმის ინსტიტუტი“ კარგად გრძნობს ამ ვაკუუმს და მის შევსებას „ტურისტერის“ მსგავსი ღონისძიებებით ცდილობს.

ფორუმი გაგრძელდება საუბრებით ტურიზმზე, სადაც დარგის სპეციალისტები სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ, როგორიცაა – მარკეტინგი, კულტურა, მეწარმეობა, რაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ტურიზმს“, – ამბობს „ტურიზმის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი მამუკა ბერძენიშვილი.

ფორუმის პარალელურად კლუბ „ბოტანიკოში“ ტურიზმის სფეროს სტარტაპების გამოფენა გაიმართება, სადაც გამოფენის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოიძიონ პარტნიორები და კავშირი დაამყარონ ახალ ბიზნესწამოწყებებთან. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სხვადასხვა პროფილის კომპანიის, მათ შორის, მაღალ-ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და ალტერნატიულ ტურისტულ პროდუქტებს.

„ტურიზმის ინსტიტუტის“ ინიციატივითა და ფესტივალ „ტურისტერის“ სპონსორობით, სამომავლოდ, საუკეთესო იდეების დაფინანსებაც იგეგმება.

„სპონსორებთან უკვე შეთანხმებულნი ვართ საუკეთესო იდეების დაფინანსებაზე. ჩვენი ვებგვერდის საშუალებით უკვე გამოცხადდა იდეების შეგროვების კონკურსი. შეიქმნება ერთგვარი იდეების ბანკი, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცნობთ და, დაინტერესების შემთხვევაში, მათი კავშირი შედგება“, – განმარტავს მამუკა ბერძენიშვილი.

ფესტივალ “ტურისტერის“ ერთ-ერთი მიმართულება იქნება ასევე, აჭარული სამზარეულოს პრომოუშენი. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ნაკლებად ცნობილი ლაზური და აჭარის მთის კულინარიული პროდუქტები.

სპიკერების, პანელისტების, ბილეთების და დამატებითი დეტალების გასაგებად, ესტუმრეთ ფესტივალის ვებგვერდს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: