ბათუმში სულ რამდენიმე ბუკინისტური მაღაზიაა, ერთ-ერთი ყველაზე ძველი – ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს. 80 წლის ნელი ცინცაძე, რომელმაც წიგნების მაღაზია დაახლოებით 30 წლის წინ გახსნა, ამბობს, რომ ახლა მის ბუკინისტურ მაღაზიას იშვიათად სტუმრობენ, 39 წლის მიხეილ მამულაშვილი კი, რომელიც წიგნებს ბათუმის იახტკლუბთან, უკვე მეოთხე წელია საკუთარ მანქანებში ყიდის მყიდველის ნაკლებობას არ უჩივის.
ნელი ცინცაძე ბათუმში მაშინ ჩამოვიდა, როცა 18 წლის იყო. იგი უკვე 30 წელია ქუთაისის ქუჩაზე მდებარე წიგნების პატარა მაღაზიაში მუშაობს. “წიგნებზე ცოტათი შეშლილი ვიყავი… წიგნების მაღაზიის გახსნა ჩემი ოცნება იყო, ვგიჟდებოდი ისე მინდოდა… ადგილს ვეძებდი და ბოლოს ეს ადგილი ვიპოვე. თავიდან ვიქირავე, შემდეგ, როცა პრივატიზაციის პროცესი დაიწყო, ესეც მოვახერხე. აქ ადრე მოხუცი ქალი ცხოვრობდა, რომელიც გარდაიცვალა, ადგილი კი დარჩა”, – ყვება ის.
ნელის ძალიან ბევრი მოსაყოლი ამბავი დაუგროვდა. ამბობს, რომ იყო დრო, როცა წიგნებს ქალაქიდან ქალაქში დაჰყვებოდა – თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ საინტერესო წიგნებისთვის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობას დაუთმო. ნელის უცნაური გამოცდილებაც აქვს – პროდუქტებშიც კი გაუცვლია წიგნები.
„თავიდან ჩემი წიგნები მქონდა, საჭელს არ ვჭამდი და წიგნებს ვყიდულობდი. მაგრამ მაშინ ცოტა წიგნი იყო, ძნელად იშოვნებოდა… თავიდან მხოლოდ წიგნის გაცვლის სერვისი მქონდა. იცით რამდენი ადამიანი მოდიოდა? ვაჭრობა არ შეიძლებოდა, წიგნები არ იშოვებოდა, მე კი როგორი წიგნები მქონდა…”
შემდეგ, მაღაზიას წიგნის თხოვების სერვისიც დაემატა – მუშაობდა როგორც პატარა ბიბლიოთეკა.
როგორც ნელი ამბობს, წიგნების მოვლა ნესტიან ბათუმში ცოტათი რთულია, მით უმეტეს, როცა წყალიც ჩამოდის მაღაზიაში – „მზეზე გამომაქვს ხოლმე, მაგრამ ძალიან ბევრი წიგნი გამიფუჭდა”.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან ბევრი წიგნი აქვს წაკითხული, მაინც პოულობს ისეთ წიგნებს, რომელთა კითხვაც დიდი სიამოვნებას ანიჭებს ნელის. “კითხვა ჩემთვის ყოველდღიურობისგან, რეალობისგან წასვლის საშუალებაა, ყოველთვის მინდა რაღაც ახალი გავიგო, წიგნები ყოველთვის თან მდევს…” – ამბობს ის.
ნელი წუხს, რომ დღეს მის მაღაზიას ცოტა სტუმარი ჰყავს და ძალიან ენანება წიგნები, რომლებიც მკითხველს დიდ ხანს ელოდებიან. “ადრე მოთხოვნა მეტი იყო, ახლა მხოლოდ კატასთან ვზივარ. იშვიათად, რომ ვინმე შემოვიდეს, დაათვალიეროს. რაში სჭირდებათ, როცა მოწყობილობები აქვთ, ჩახედავენ, წაიკითხავენ და ესაა”, – გვიზიარებს თავის გულისტკივილს.
ნელის მსგავსად წიგნები მთავარ საქმედ ექცა მიხეილ მამულაშვილისაც. უკვე მეოთხე წელია, მზიან ამინდში, ბათუმის იახტკლუბთან, რამდენიმე მანქანაზე გადანაწილებული წიგნები გამოაქვს. იგი თბილისიდანაა, ამბობს, რომ ბათუმში – ქალაქის ენერგეტიკამ, აურამ მიიზიდა:
„თავიდან ჩამოვედი 2 -3 თვით, ლიტერატურა მქონდა ჩამოტანილი. როცა მეკითხებიან, რატომ დავრჩი აქ, ყველაზე გონივრული პასუხი, რაც შეიძლება გაიცეს – გარემოს, აურის, ენერგეტიკის გამო, რაც ამ ქალაქს აქვს”.
წიგნებს დაახლოებით 25 წელია აგროვებს, მაგრამ ამბობს, რომ ეს, უბრალოდ, შემგროვებლობა არ არის: “რად მინდა ნივთი, რომელსაც ვერ გამოვიყენებ. აქ ძალიან ბევრ საინტერესო წიგნს ვყიდი და მიზეზი, რატომაც შეიძლება ესა თუ ის წიგნი გავყიდო, ის არის, რომ მაქვს მეორეც, ისე ვერ შეველეოდი”.
მიხეილი 39 წლისაა. ამბობს, რომ წიგნებით 15 წლის ასაკში დაინტერესდა:
„სწორედ მაშინ დავინტერესდი საკუთარი თავის შეცნობით, ამიტომაც ლიტერატურაც ასეთი შევარჩიე. წიგნის დანიშნულება ის არის, რომ ადამიანი შინაგან სამყაროში ჩაახედოს, საკუთარი თავი შეაცნობინოს… რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ, ძირითადად, მაქვს შემეცნებითი ლიტერატურა, რომელიც ადამიანებს საკუთარი არსის შეცნობაში დაეხმარება”, – გვიყვება მიხეილი თავისი წიგნებზე.
https://www.facebook.com/batumelebi/videos/296161081080767/
სანაპიროზე გამოფენილ წიგნებში ერთი დახლი მთლიანად „ვეფხისტყაოსანს“ ეთმობა. ქართული გამოცემების გარდა, აქ იპოვით „ვეფხისტყაოსანს“ რუსულ, სომხურ, ინგლისურ, გერმანულ, სპარსულ, არაბულ, ქურთულ, ფრანგულ, ებრაულ, სლოვაკურ ენებსა და ესპერანტოზეც კი. ეს მამუკას საყვარელი წიგნია:
“წლების განმავლობაში ყველა ეს წიგნი წავიკითხე, ვიცი, რაც წერია და რას ვყიდი, იმიტომ, რომ ჩემი ბიბლიოთეკაა. აქ ყველა წიგნს თავისი ისტორია აქვს. აქ არის წიგნები, რომლებსაც წლობით ვეძებდი და ღამეები არ მეძინა. დაახლოებით 8000-მდე წიგნი მაქვს წაკითხული და იმ 8000-ვე წიგნში, რაც წერია, ყველაფერი არის ვეფხისტყაოსანში”.
ნელისგან განსხვავებით მამუკა ამბობს, რომ მისი წიგნებს ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს. „მანქანა-ბიბლიოთეკასთან“, განსაკუთრებით მზიან ამინდში, სული ირევიან წიგნის მოყვარულები თუ ცნობისმოყავრეები – ზოგი უბრალოდ, წიგნებს ათვალიერებს, ზოგიც ყიდულობს და ისე მიდის. ყველაზე ძველი გამოცემა, რასაც მიხეილ მამულაშვილის „ბორბლებზე შემდგარ ბიბლიოთეკაში“ იპოვით 1867-70-წლების „ვეფხისტყაოსნია“ ქართულ ენაზე და 1740-იანი წლების სამეცნიერო წიგნი გერმანულ ენაზე.