მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ლაშა ჩ-ს და რევაზ ო.ს 84 წლის მოხუცი ქალის დაყაჩაღების საქმეზე.
საუბარია ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 13 თებერვალს მომხდარ შემთხვევაზე – ორი ახალგაზრდა მარტოდ მცხოვრები 84 წლის მოხუცის სახლში მოტყუებით შევიდა, როგორც “სოკარ გაზის” თანამშრომელი. მოხუცს წებოვანი ლენტით პირი აუკრეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. მოხუცის სახლიდან ძვირფასი ნივთები წაიღეს.
თავდაპირველად გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო. ბრალდებულები ამავე მუხლით დააკავეს, თუმცა სასამართლოში პროკურატურამ ეს შემთხვევა წარმოადგინა, როგორც ყაჩაღობის საქმე.
“როდის ხდები 20 წლის?”- ჰკითხა მოსამართლემ ბრალდებულ რევაზ ო-ს.
“5 მარტს ვხდები”, – ჩაილაპარაკა ბრალდებულმა. მან მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ სკოლაში მხოლოდ 9 კლასი დაასრულა და სამუშაო არ აქვს. ის ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.
მეორე ბრალდებული ლაშა ჩ. კი, წყალტუბოდანაა. ის წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი ქურდობისთვის. ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის მომენტისთვის ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
ლაშა ჩ. 34 წლისაა. რევაზ ო. მისი დისშვილია. ამის შესახებ “ბათუმელებს” ბრალდებულების ახლობლებმა უთხრეს. მათივე თქმით, ბიძია და დისშვილი ბათუმში მუშებად 26 მაისის და პუშკინის ქუჩების კვეთაში მუშაობდნენ.
საქმეში ასევე ფიგურირებს კიდევ ერთი პირი – ტაქსის მძღოლი, რომელიც გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა. ბრალდებულების ახლობლების თქმით, შესაძლოა ამ საქმეზე ეს მოწმეც დააკავონ, როგორც დანაშაულის თანამონაწილე.
მოწმე რომან მ.-ს შესახებ “ბათუმელებმა” კითხვა დაუსვა პროკურორს და ადვოკატებს, თუმცა მათგან ერთნაირი პასუხი მივიღეთ.
“ამ ეტაპზე ამ მოწმესთან დაკავშირებით პოზიცია არ გვაქვს ჩამოყალიბებული”, – გვითხრა პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა. იგივე პოზიცია აქვს ადვოკატ მზექალა ზოიძესაც.
“ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ გელით თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე,” – მიმართა მოსამართლემ ლაშა ჩ.-ს და მიუთითა, რომ ის ორჯერ არის უკვე ნასამართლევი.
მოსამართლემ რევაზ ო-ს კი განუმარტა, რომ მას 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ელის “ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის, ბინაში უკანონო შეღწევით.”
“ისე დატოვეს შემთხვევის ადგილი, რომ მოხუცი ხელ-ფეხშეკრული დატოვეს…”- დასძინა პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, როცა მან ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა და ბრალდებულების მხრიდან მორიგი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს გაუსვა ხაზი.
პროკურორმა ასევე თქვა, რომ მოხუცის ბინიდან წაღებული ოქროს სამკაულების და მობილური ტელეფონის ფასმა 2025 ლარი შეადგინა.
“შემაძრწუნებელი ფაქტია, მაგრამ ბრალდებულმა ყველა საგამოძიებო მოქმედებაში ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა. ჩვენი შეთავაზება არის გირაო 10 ათასი ლარი,”- უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა მზექალა ზოიძემ.
ბრალდებულები ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობენ. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ლაშა ჩ-მ ნაწილობრივ დაადასტურა დანაშაულის ჩადენა, თუმცა დისშვილის მონაწილეობა გამორიცხა.
ამ საქმის სასამართლო განხილვა აპრილში დაიწყება.
ამ თემაზე:
ქალი, რომელიც გაძარცვეს: ყავა მივართვი და მანდარინი ვაჭამე, მერე „გამსკოჩეს“