მთავარი,სიახლეები

35 წელი ბინის მოლოდინში და კვლავ პროგრამის მიღმა

17.02.2019 • 2216
35 წელი ბინის მოლოდინში და კვლავ პროგრამის მიღმა

მზიური ბალაძე ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ნაქირავებ ბინაში შვილთან, გიორგისთან ერთად ცხოვრობს. გიორგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მზიურის კი შაქრიანი დიაბეტი აქვს. დედა-შვილი პენსიითა და სოციალური დახმარებით ცხოვრობს. ამ თანხიდან იხდის მზიური ყოველთვიურ ქირას, 150 ლარს.

მზიურის ბავშვობის შემდეგ საკუთარი ჭერი არ ჰქონია. იგი 35 წელია ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთი უწყებისთვის მიუმართავს დახმარების თხოვნით, თუმცა – ამაოდ.  მზიური ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ბინას მიიღებენ, მას უსამართლობის განცდა აქვს.

„რა თქმა უნდა, არ ვარ წინააღმდეგი უსახლკარო ადამიანებმა ბინა მიიღონ, მაგრამ მე დავიჩაგრე. მე ვერ დავსახლდი ოცნების ქალაქში, რამდენიმე მძიმე ოპერაცია მაქვს გადატანილი, გიორგისაც მიხედვა სჭირდება და ფიზიკურად არ შემეძლო იქ გაჩერება. არც ქოხის ჩასადგმელად მქონდა სახსრები. კი ბატონო, მისცენ ბინა ადამიანებს, მაგრამ მეც მჭირდება დახმარება, ერთი ქვეყნის და ერთი რეგიონის მაცხოვრებლები ვართ, ასე არ არის?!“ – ამბობს მზიური.

იგი წერილების დასტას მაჩვენებს. წერილი აჭარის მთავრობისთვის, წერილი ბათუმის მერიისთვის, სახალხო დამცველისთვის… ეს ყველაფერი მხოლოდ წერა-კითხვა აღმოჩნდაო – დანანებით ამბობს. მერიაში უკვე მერამდენედ უთხრეს, რომ არ არსებობს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მას ბინის მიღება შეუძლია, მზიური ვერ ისარგებლებს ვერც სოციალური საცხოვრისის პროგრამით, ე.წ. „იაფი სახლით“, რადგან სოციალურად დაუცველია და არ მუშაობს.

„როგორ ვიმუშავებ, ხუთი ოპერაცია მაქვს გადატანილი, აქედან ორი – ონკოლოგიური ოპერაცია იყო. ახლაც საოპერაციო ვარ, მაგრამ ვერ ვბედავ, იმიტომ რომ ბოლო ერთი წელი ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. ოპერაციის შემდგომი თიაქარი მაქვს, სიმძიმის აწევა ჩემთვის არ შეიძლება, გიორგის კი მოვლა სჭირდება, მუდმივი ყურადღება. მერიის ჯანდაცვის პროგრამით ვსარგებლობ. სასადილოს პროგრამაში მინდოდა ჩაჯდომა, მაგრამ ვერ მოვხვდი“ – ყვება მზიური.

მზიური სამი შვილის დედაა. უფროსი ქალიშვილები უკვე დაქორწინებული არიან, თუმცა მზიურის დახმარება მათაც სჭირდებათ. მისი მეუღლე ბათუმში მუშაობდა და ოჯახი ბინის რიგში იყო, თუმცა 90-იანი წლების პოლიტიკური ცვლილებები მის ოჯახზეც აისახა და ბინა ვერ მიიღეს.

„58 წლის ვარ და 35 წელი ნაქირავებ ბინაში მაქვს გატარებული. ეს მეთექვსმეტე ბინაა. საკუთარი ჭერი მხოლოდ ბავშვობაში მქონდა, ჩემი შვილებისთვის კი ეს მიუღწეველი ამბავი აღმოჩნდა. სამი შვილი მყავს, გოგოები დაქორწინდნენ, მაგრამ მათაც მე ვეხმარები. ქედიდან ვარ, სოფელ პირველი მაისიდან. რვა დედმამიშვილი მყავს. ჩემს ძმას შარშან სახლი დაეწვა ქედაში, ათი ათასი ლარი მისცეს, მაგრამ მთელი ცხოვრება დაენგრა, იქეთ არიან დასახმარებელი. სად წავიდე? გვერდით მყოფი ხომ უნდა გყავდეს, რომ ძალა მოგცეს?!“ – გვიყვება მზიური.

ბინის ქირის გადახდას მზიური ყოველთვე დროულად ვერ ახერხებს. შარშან რამდენიმე თვის ბინის ქირის გადახდა რომ ვერ შევძელი, მერიის მიერ მოცემული საყოფაცხოვრებო ტექნიკა გავყიდე, რომ ბინის ქირა გადამეხადა, ახლაც სამი თვის ქირა მაქვს გადასახდელიო, ამბობს:

„გიორგი ახლა 29 წლის ხდება. არ ვიცი რა არის გამოსავალი. წამლით ვცოცხლობ. იყო დრო, ვენებს ვიჭრიდი, აღარ ვშვები ამას, სიცოცხლე მინდა, იმიტომ რომ ჩემს შვილს პატრონი სჭირდება. რა მექნა, სამართალი ვერ ვნახე და იძულებული ვიყავი. ღმერთს იმას ვეხვეწები, ჩემი ოთახი მომეცი, ერთი ღამე გამათევინე იქ და მომკალი თუ გინდა-თქო“.

ბათუმში და აჭარაში არაერთი ადამიანია, რომელთაც, მზევინარ ბალაძის მსგავსად საცხოვრებელი არ გააჩნიათ და ვერც ერთი პროგრამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. ბათუმის მერიას საბინაო ფონდი გააჩნია, თუმცა ფონდი გამოიყენება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს, როდესაც კონკრეტული მესაკუთრეების სახლები აღებაში ხვდება. ასევე, მერია ბინას პროგრამის ფარგლებში გადასცემს ბათუმის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს.

6 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ამისათვის პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. მან აღნიშნა, რომ ოჯახები საცხოვრებელ ფართობებს კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა კრიტერიუმებზეა საუბარი. მას ასევე არ დაუსახელებია, რამდენი ოჯახისთვის იგეგმება ბინის გადაცემა.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა უყურადღებოდ არ დატოვებს იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ სხვადასხვა სახელმწიფო შენობებში, თუმცა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რა ელით იმ სოციალურად დაუცველებს, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვენ ბინას და საკუთარი, მწირი ბიუჯეტიდან იხდიან ბინას ქირას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: