მთავარი,სიახლეები

კურორტ გოდერძიზე ვერტმფრენი არც ამ სეზონზე დაინიშნება

25.12.2018
კურორტ გოდერძიზე ვერტმფრენი არც ამ სეზონზე დაინიშნება

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ორი წლის წინ დაანონსებული ვერტმფრენი არც ამ სეზონზე დაინიშნება – კურორტ გოდერძის დირექტორი მალხაზ მახარაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები ამ საკითხზე მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შედეგების შესახებ ჯერ ვერ ისაუბრებს.

„არის შეხვედრები სხვადასხვა კომპანიასთან, რაღაც თემები გასავლელი გვაქვს. ადგილები გოდერძიზე ჯერ ცოტაა, სულ ასი ადგილია და ვერტმფრენის საჭიროებასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, მაგრამ განვიხილავთ ამ საკითხს“, – ამბობს მალხაზ მახარაძე. იგი ვერ ასახელებს, კონკრეტულად რომელ კომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

მეტი ინფორმაცია ვერც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მივიღეთ. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე არ შეუძლიათ კონკრეტული კომპანიების დასახელება, მაგრამ ადასტურებენ, რომ ამ საკითხზე მუშაობენ.

„ძალიან ბევრი სასტუმრო შენდება გოდერძიზე. ამ დროისათვის 19 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება და ვერტმფრენის საჭიროება დადგება“, – გვითხრეს სამინისტროში.

2017 წელს ითქვა, რომ ვერტმფრენის დაქირავება კურორტ გოდერძიზე ტენდერით მოხდებოდა – ვერტმფრენი ჩარტერულ რეისებსაც შეასრულებდა და სამაშველო მომსახურებასაც უზრუნველყოფდა.

კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის სეზონი ოფიციალურად 28 დეკემბერს გაიხსნება. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სეზონის გახსნისთანავე იფუნქციონირებს ორივე საბაგირო.

კურორტის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია რესტორანი, სწრაფი კვების, თხილამურებისა და ბურანების გასაქირავებელი ობიექტები. მოწყობილია 200-მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის.

ამავე თემაზე: 

ამბების საძებნელად გოდერძიზე – სამთო კურორტი ზღვასთან ახლოს

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: