ბათუმიდან სულ რაღაც ასი კილომეტრის დაშორებით სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ მოხვდებით. აქ ახლა დიდი ფუსფუსია გაჩაღებული: ხის პატარ-პატარა ნაგებობებში ცხელი სასმელების, თხილამურებისა და სამთო აღჭურვილობის გასაქირავებელი პუნქტები ეწყობა, კურორტის რესტორნის მეპატრონე პროდუქტებს იმარაგებს, სპეციალური ტექნიკა სასრიალო ტრასებს ამზადებს, საბაგიროები უსასრულოდ მოძრაობენ წრეზე სატესტო რეჟიმში. ყველა სეზონის გახსნის მოლოდინშია და სტუმრებს ელიან.
საოჯახო სასტუმრო თუ სასტუმრო? ვისთვის როგორ. მაგრამ როცა ამბების საძებნელად მიდიხარ, ყოველთვის საოჯახო სასტუმრო გირჩევნია. აქ ზღურბლს გადააბიჯებ თუ არა, მასპინძლის ოჯახის წევრი ხდები. დაგსვამენ შეშის ღუმელთან, მოსავლიანობა-მოუსავლიანობაზე მოგიყვებიან, დაქორწინების ამბებს გაიხსენებენ, შვილებს გაგაცნობენ, სამზარეულოშიც შეგახედებენ ბორანოს მომზადებისას და როცა მასპინძლის კატაც აღარ გაგირბის და ზურგს მოგიშვერს მოსაფერებლად, ხვდები, რომ ამ ოჯახის ნამდვილი წევრი უკვე გახდი.
კურორტ გოდერძიდან 3 კილომეტრით დაშორებულ სოფელ დანისპარაულში 10 საოჯახო სასტუმროა. სასტუმროს ფასი ერთი ადამიანისთვის 20-25 ლარი ღირს კვების გარეშე, თუმცა ყველას აქვს ნომრებთან ახლოს სამზარეულო, სადაც თავადაც შეგიძლიათ მოიმზადოთ. ორჯერადი კვებით საოჯახო სასტუმროში 40-50 ლარად დარჩებით. საოჯახო სასტუმროებში ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი პროდუქტისგან დამზადებულ ნოყიერ კერძებს გთავაზობენ. ბორანო, სინორი… ქათმის კერძები, კატლეტი, კაიმაღი, ხაჭაპური, ჩაი და ყავა, შინ მომზადებული მურაბები და თაფლი, სოფლის კარაქი და ყველი – მოკლედ ყველაფერს, რასაც თავად მიირთმევენ ოჯახებში, სთავაზობენ სტუმარსაც. ყველა ოჯახში არის შეშის ღუმელი, ფანჯრიდან თოვლიანი მთების ხედები და ოთახები გარანდული ხის სასიამოვნო სურნელით.
საოჯახო სასტუმრო „სამ ძმაში“ ჩვენი მასპინძელი მაია პაპიძეა. მაია 42 წლისაა და დიასახლისია. მას შემდეგ, რაც საოჯახო სასტუმრო გახსნეს, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამბობს, რომ წინა წელს, ზამთრის სამი თვის განმავლობაში, 150 უცხოელ სტუმარს უმასპინძლა. მაიას, ძირითადად, ფოტოს გადაღება არ სურს და ისღა დაგვრჩენია მხოლოდ მისი მომზადებული კერძები გადავიღოთ.
მაია მეორე სართულზე გვაბინავებს, იქვე მოწყობილ სასტუმროდ დანთებულ ღუმელს შეუკეთებს და მთელი ღამე შეშის ტკაცუნი ისმის.
მაიას დილით ვემშვიდობებით და დანისპარაულიდან გოდერძიმდე მანქანით მივდივართ. ყველა არა, მაგრამ საოჯახო სასტუმროების ნაწილი თავად გთავაზობთ მანქანით მომსახურებას და კურორტამდე 20-30 ლარად მიგიყვანთ, საღამოს კი მოგაკითხავთ და ისევ სასტუმროში დაგაბრუნებთ.
დანისპარაულიდან მალევე ჩნდება ბუდესავით ერთ ადგილას გაშენებული კურორტი „გოდერძი“ – მთები, ხეები, სახურავები თოვლითაა დაფარული. ამბობენ, რომ ამას თოვლი ჯერ მაინც არ ჰქვია და ნამდვილი ზამთარი გოდერძიზე მას შემდეგ გაჩაღდება, რაც თოვლის საფარი მეტრზე მეტს მიაღწევს. სწორედ ასეთ თოვლს ელიან მალე და 28 დეკემბერს აქ სეზონიც საზეიმოდ გაიხსნება.
მეგზურობას მთის კურორტების განვითარების „გოდერძის“ მთის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – ნუკრი პაქსაძე გვიწევს. ბურანით ისეთ ადგილებს გვაჩვენებს, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს ხედები და გადასაღებადაც საინტერესო გარემოა. ბურანს „არქტიკული კატა“ ჰქვია, გაუკვალავ თოვლში უსწრაფესად დასრიალებს და ორმაგი სიძლიერით სუნთქავ, რომ ალპური ჰაერით აივსო.
მივსრიალებთ და ნელ-ნელა უკან რჩება სასტუმროები, კოტეჯები და საბაგირო. ნაძვებიან ტყეებში „შავი“ ტრასებია, გაუკვალავი ადგილები, სადაც ექსტრემალური სრიალის მოყვარული მოთხილამურეები სრიალებენ. ამ ტრასაზე მოთხილამურეთა უსაფრთხოებაზე კურორტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.
ნუკრი გვიხსნის, რომ კურორტზე გარდა შავი ტრასებისა, წითელი და ლურჯი სასრიალო ტრასებიცაა.
ლურჯი საშუალო სირთულის სასრიალო ტრასაა და აქაურები ამ მონაკვეთს ზანკას ეძახიან. წითელი ტრასა, იგივე ჭანჭახი, ექსტრემალებისთვისაა და რთულ ტრასად მიიჩნევა. ლურჯი და წითელი სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე „გოდერძიზე“ რვა კილომეტრია.
ბურანით სეირნობისას თოვლმავალს ვხვდებით და ნუკრი მთავაზობს ვნახო, როგორ „ჩეხავენ“ და ტკეპნიან თოვლს სამთო კურორტზე სასრიალო ტრასების მოსამზადებლად. ვთანხმდები და თოვლმავალში ვინაცვლებ. უზარმაზარი ნიჩბები თოვლის გუნდებს მიაგორებს და ტრასებს ათანაბრებს.
თოვლმავალის მძღოლი გვეუბნება, რომ აქვე, დანისპარაულში ცხოვრობს და „გოდერძიზე“ ბავშვობიდან სრიალებს. იმასაც ამბობს, რომ მის ბავშვობაში ყველას ჰქონდა სახლში ხის ხელნაკეთი ციგა და თხილამურები.
გზად ნისლი წვება, ბურუსში ეხვევა საბაგიროები, კურორტი და მისგან მოშორებით მდგარი პატარ-პატარა ხის სახლები, სადაც ახლა არავინ ცხოვრობს, თუმცა ზაფხულში აქ მემთეურები ამოვლენ და საქონელს ამოიყვანენ საძოვრებზე.
საბაგიროები გოდერძიზე ოთხკილომეტრიანია. არის ორი ტიპის ორ-ორკილომეტრიანი დახურული და ღია საბაგიროებიც. პირველი საბაგიროთი გადაადგილება 5 ლარი ღირს, მეორეც ასევე. პირველი საბაგირო ლურჯი, საშუალო სირთულის ტრასამდე ადის. მეორე კი ჭანჭახამდე, რთულ, წითელ ტრასამდე აგიყვანთ.
კურორტის დასაწყისში საბავშვო, 200-მეტრიანი უფასო სასრიალო ტრასაცაა, სადაც იმათაც შეუძლიათ სრიალის სწავლა, ვინც თხილამური პირველად მოირგო.
ბურანით და თოვლმავალით სეირნობის შემდეგ „მათეს ქოხში“ ცხელ გლინტვეინს გვთავაზობენ. აქვეა შესაძლებელი ცხელი და ცივი კერძების შეკვეთა. აქვთ ცხელი წვნიანის მრავალფეროვანი მენიუ, სალათები, თევზისა და ხორცის კერძები და ბევრი სხვა რამ, საკმაოდ შეღავათიან ფასად.
გოდერძიზე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ზამთრის შვებულება სრიალის მოყვარულმა დამსვენებლებმა მხიარულად და სასიამოვნოდ გაატარონ.
- სამარშუტო ტაქსი ბათუმიდან გოდერძიმდე – 10 ლ.
- ნომერი დანისპარაულის საოჯახო სასტუმროში კვებით – 40- 50 ლ.
- ნომერი დანისპარაულის საოჯახო სასტუმროში კვების გარეშე – 20- 25 ლ.
- მანქანით მომსახურება დანისპარაულიდან გოდერძიმდე და პირიქით – 20- 30 ლ.
- ორადგილიანი ნომრის ერთი დღით დაქირავება კურორტზე მდებარე კოტეჯში – 100 ლ.
- ოთხადგილიანი ნომრის ერთი დღით დაქირავება კურორტზე მდებარე კოტეჯში – 150 ლ.
- თხილამურების, ჩაფხუტისა და ჯოხების გაქირავება მთელი დღით – 20 ლ.
- ბურანით გასეირნება – 1 კილომეტრი 20 ლ.
- დახურული ტიპის, ორკილომეტრიანი საბაგირო ზანკის საშუალო სირთულის სასრიალო ტრასამდე – 5 ლ.
- ღია ტიპის, ორკილომეტრიანი საბაგირო ჭანჭახის რთულ სასრიალო ტრასამდე -5 ლ.