მთავარი,სიახლეები

შსს ამბობს, რომ 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა

22.12.2018 • 1468
შსს ამბობს, რომ 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ტონაზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა.

სამინისტროს ცნობით, სისხლის სამართლის 750 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 14 მილიონი ლარია.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 2 კილო და 448 გრამი ჰეროინი, 60 კილოგრამზე მეტი ამფეტამინი, 2061 აბი „სუბუტექსი“, „პრეგაბალინის“ შემცველი 547 კაფსულა, 816 აბი და 121 გრამი „მდმა“, 189 აბი და 172 გრამი „მეტადონი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ” – აღნიშნულია შს სამინისტრომ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

_________________

მთავარი ფოტო არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: