მთავარი,სიახლეები

მედია მერიას ერჩის – საკრებულოს წევრის მოსაზრება კვლევის პრეზენტაციაზე

21.12.2018 • 1778
მედია მერიას ერჩის – საკრებულოს წევრის მოსაზრება კვლევის პრეზენტაციაზე

„ძალიან საინტერესო და რეალური იყო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ“ – ასე შეაფასა  საკრებულოს წევრმა ზურაბ ნაკაიძემ კვლევა, რომელშიც საკრებულოსა და მერიის მუშაობაზე კარგი არაფერი იყო ნათქვამი. თუმცა მან თქვა ისიც, რომ მოსახლეობას არ ეთანხმება იმ ნაწილში, სადაც მათ ინფორმაციის მისაწვდომობის პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება. საკრებულოს წევრს ჰქონია გამოცდილება, რომელიც სულ სხვას ამტკიცებს.

„რაც შეეხება მოსახლეობასთან კომუნიკაციას, პრაქტიკა რაც მაქვს, იქედან გამომდინარე გეტყვით, რომ მოსახლეობა ყოველთვის იტყვის არ ვართ ჩართულიო. მე რომ ბათუმის კორპუსის დირექტორი ვიყავი, ხანდახან მოდიოდა მთავრობა ან მერი მოსახლეობასთან შესახვედრად, ყოველთვის ამბობდნენ ჩვენ არაფერი ვიცითო – იგივე მოქალაქე ჩემთან ათჯერ კაბინეტში იყო ნამყოფი და ჩემზე კარგად იცოდა პროგრამები. ხშირი იყო ასეთი შემთხვევები,  ეს რთული თემაა. მხოლოდ ამხანაგობების თავმჯდომარეები და ერთი და იგივე  ხალხი აქტიურობს და ძალიან ძნელია სხვების მოზიდვა“, – განაცხადა ზურაბ ნაკაიძემ.

კოლეგას რეპლიკით გამოეხმაურა საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე. „ისიც ზოგიერთი ამხანაგობის თავმჯდომარე“, – დააზუსტა მან.

ზურაბ ნაკაიძემ ამავე გამოსვლაში დაასახელა ისიც, თუ ვისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი – მან მედია დაადანაშაულა: „ამაში თქვენ უნდა დაგვეხმაროთ და მედია, მედია კი პასიურობს. სულ სხვა რამეზეა გადართული, პირდაპირ ვიტყვი.“

საკრებულოს წევრის თქმით, რომელიც სხდომებზე ძირითადად ჩუმადაა და საკითხების განხილვაში თითქმის არ მონაწილეობს, მედია მერიას მიზანმიმართულად ერჩის. „მიზანმიმართულად მიდის მერიის ლანძღვა, რაც არ უწყობს ხელს საქმის წინსვლას“, – განაცხადა ზურაბ ნაკაიძემ შეხვედრაზე.

„საქებრად სხვა ორგანო შეარჩიეთ“ – უპასუხეს მას დარბაზიდან. ამის შემდეგ კი ზურაბ ნაკაიძემ გულის ტკივილი სხვაგვარად ახსნა: „შემოგვთავაზონ ეთერი, მივალთ ვისაუბრებთ. ვიღაცა კითხვას დასვამს, დარეკავს. რაც უფრო ხშირად იქნება ასეთი დისკუსიები მედიაში, ხალხიც უფრო ჩაერთვება“.

ეს მოკლე მონაკვეთია დისკუსიიდან, რაც კვლევის მიმოხილვას მოჰყვა, უმეტესი დრო ქალაქის ურბანული პოლიტიკის პრობლემების განხილვას დაეთმო.

  • რას ამბობს კვლევა თვითმმართველობის მუშაობაზე

ბათუმში მოქალაქეების განწყობა თვითმმართველობის მიმართ, უმეტესწილად  უნდობლობითაა გამსჭვალული.  სტუდია „რეკის“ მიერ NDI-ს  მხარდაჭერით ჩაატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხულ ბათუმელთა აზრით, თვითმმართველობის ორგანოებისადმი მიმართვით არსებითად არაფერი იცვლება – „რა აზრი აქვს, მაინც არაფერი შეიცვლება“.

ფოკუსჯგუფის მონაწილეებმა ამ მოსაზრების გასამყარებლად რამდენიმე მაგალითი დაასახელეს. მათ შორის ერთ-ერთი ეხებოდა საკრებულოს სხდომას, სადაც განიხილეს „მწვანე კონცხის“ ერთი ნაწილისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლა.

„ბოლო სხდომაზე, სადაც მწვანე კონცხის ნაწილს შეუცვალეს რეკრეაციული ზონის სტატუსი, საკრებულოს წევრების უინიციატივობა და საკითხზე მსჯელობა კრიტიკას ვერ უძლებდა. მთელი შეხვედრა იყო არა არსებითი კამათი, არამედ ჩხუბი და კინკლაობა რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ოპოზიციონერ წევრს ეჩხუბებოდნენ იმის გამო, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული არ იყო ფეხზე დამდგარი საუბარი, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენელი განხილვაზე საუბრობდა იმაზე, თუ როგორი ცუდი საპრეზიდენტო კანდიდატია სალომე ზურაბიშვილი, ამ დროს კი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა საკრებულოს სხდომაზე,“  –  ამბობს კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ამავე კვლევით, ბათუმის მოსახლეობის ფოკუსჯგუფის მონაწილეთა ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა ყველა მსურველისთვის – „ისიც არ ვიცოდი, ღია თუ იყო საკრებულოს სხდომა და შეეძლო მოქალაქეს დასწრება“.

კვლევის მიზანი იყო ბათუმის თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება ქალაქის ურბანული განვითარების ჭრილში. საჭირო ინფორმაციის მისაღებად თვისებრივი კვლევის მეთოდი – ფოკუსჯგუფი გამოიყენეს. გამოკითხვაში მონაწილეობდა – მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

ფოკუსჯგუფში, რომლის წევრებიც ბათუმელი მოსახლეობისგან შეარჩიეს, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობით ნაკლებად დაინტერესების კიდევ რამდენიმე მიზეზი დასახელდა.

მოსახლეობაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეები  სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაში უშუალოდ არ უნდა ერეოდნენ, რადგან ეს მათი საქმე არ არის  – „ხელისუფლება იმისთვისაა, რომ თავად მოაგვაროს პრობლემა“.

ბათუმის მერიის საქმიანობის შეფასების თვალსაზრისით, მოსახლეობის ფოკუს ჯგუფის მონაწილეები უფრო მეტად ინფორმირებულები აღმოჩნდნენ. მერიას ძირითადად სოციალურ, ჯანდაცვასთან, დასუფთავებასთან, ტრანსპორტთან და გამწვანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართავენ.

ფოკუსჯგუფებში გამოიკვეთა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ყველაზე სუსტი მხარე ზედამხედველობის და მონიტორინგის განხორციელებაა: „ჩემი დაკვირვებით, სუსტი წერტილი არის ზედამხედველობა და მონიტორინგი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში ობიექტებს არ აჯარიმებს. ყველაზე სუსტი რგოლი ეს არის“.

ხოლო ყველაზე დადებითად შეფასდა „სანდასუფთავების“ სამსახურის მუშაობა, რომელიც, გამოკითხულთა შეფასებით, დროულად რეაგირებს მოქალაქეთა მიმართვებზე – „სანდასუფთავება ალბათ უფრო ეფექტიანად მუშაობს და დროულად რეაგირებს ხოლმე“.

კვლევის მიხედვით, ბათუმის მოსახლეობის ფოკუსჯგუფის მონაწილეები თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მასმედიის საშუალებით იღებენ.

კვლევაში მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები კი ყველაზე მეტად კრიტიკული ბათუმის საკრებულოს საქმიანობის მიმართ არიან. მათი შეფასებით, ხშირია შემთხვევა, როდესაც საკრებულოს წევრები სხდომაზე დისკუსიაში არ ერთვებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი არსებითად არ განიხილება.

კვლევის პრეზენტაციას ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

კვლევის პრეზენტაცია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: