მთავარი,სიახლეები

რეაქცია – რა იცოდნენ საკრებულოში „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის შეცვლაზე

26.11.2018
რეაქცია – რა იცოდნენ საკრებულოში „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის შეცვლაზე

„რუკა სარეკომენდაციოა და ის, რომ სპეციალისტებმა მოამზადეს, არ ნიშნავს, რომ მასში ცვლილების შეტანა არ შეიძლება“, – გვითხრა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ. სულიკო თებიძემ მეოთხედ შეხმიანების შემდეგ გაიხსენა „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც საკრებულოს უმრავლესობამ მოიწონა.

სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე აღმოჩნდა ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის მიღმა ზღვისპირა ტერიტორიები, სადაც ახლო მომავალში ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

საქმე იმაშია, რომ „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი პირვანდელი სახით საკრებულოში არ შესულა – ის მერიამ საკრებულოში გადაგზავნამდე შეცვალა. საკრებულომაც, დოკუმენტი მერიას კითხვების გარეშე დაუმტკიცა.

საკრებულოს ინფრასტრუქტურის თავმჯდომარის, გოჩა მგელაძის თქმით, მერიამ და საკრებულომაც ის გააკეთეს, რისი უფლებაც ჰქონდათ:

„ჩვენ მოვიწონეთ დოკუმენტი, რომელშიც კონკრეტული ტერიტორია უკვე ამოღებული იყო. თუ ამას მთავრობა [დოკუმენტს საბოლოოდ საქართველოს კულტურის სამინისტრო ამტკიცებს – ავტ.] შენიშვნებით დააბრუნებს, მზად ვართ გავითვალისწინოთ. ასე ჩავთვალეთ საჭიროდ, მოვიწონეთ ეს გადაწყვეტილება და საიას რა უნდა არ ვიცი“.

გოჩა მგელაძის პოზიციას საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე, ნატალია ზოიძეც დაეთანხმა. მან გვითხრა, რომ დოკუმენტი მხოლოდ სარეკომენდაციო იყო და მერიას მისი კორექტირების უფლება ჰქონდა. იმავეს ამბობს უმრავლესობის წევრი ელგუჯა ანდრიაძეც.

საკრებულოს წევრების განცხადებას, რომ „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომლითაც ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრები უნდა დაედგინათ, სარეკომენდაციო ხასიათის იყო, ეთანხმება საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარეც. მაგრამ ანა მდინარაძე აქვე განმარტავს, რომ კანონის თანახმად, სპეციალისტების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ისტორიულ საზღვრებს ადგენს, მხოლოდ ამავე კვალიფიკაციის სპეციალისტს შეეძლო შეცვალა.

აქედან გამომდინარე, ამ ცვლილების თაობაზე მერიას უნდა გააჩნდეს შესაბამისი არგუმენტირებული დასკვნა ან ექსპერტიზა. „ასეთი დოკუმენტი ჩვენ მოვითხოვეთ, მაგრამ მერიას ის არ აქვს“, – გვითხრეს საიაში.

საია სასამართლოში ასაჩივრებს საკრებულოს #33 განკარგულებას, რომელიც გეოგრაფიკის მიერ მომზადებული და უკვე კორექტირებული დოკუმენტის მოწონებას ითვალისწინებდა.

საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან ამბობენ, რომ ამ საკითხზე ისინი სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობდნენ. მაგალითად, ლევან ანთაძეს „ერთიანი ნაციონლური მოძრაობიდან“ ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის ისტორიული საზღვრებიდან გატანის შესახებ საკრებულოს სხდომაზე არაფერი უკითხავს. ლევან ანთაძეს ამბობს, რომ მისთვის ეს ფაქტი საერთოდაც უცნობი იყო.

„იმ დღეს, სხდომაზევე დარიგდა რაღაც რუკა. მანამდე ჩვენ დოკუმენტის სრულად შესწავლის საშუალება არ მოგვეცა“, – აცხადებს ლევან ანთაძე. ის სხდომაზე საკითხის განხილვისას დაინტერესდა, რატომ არ შედიოდა ისტორიულ საზღვრებში ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ მიმდებარე ტერიტორია და დელფინარიუმი მიმდებარე ნაკვეთებით.

ამავე ფრაქციის წევრი მირდატ ქამადაძე კი ამბობს, რომ მას, როგორც საკრებულოს წევრს, „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი რომც შეედარებინა მერიის მიერ შეცვლილ დოკუმენტთან, შესაძლოა ცვლილება ვერც აღმოეჩინა, რადგან ეს სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს.

უმრავლესობის წევრებს შორის [ვისაც „ბათუმელები“ დაუკავშირდა] ერთადერთი საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე ნატალია ძიძიგური იყო. მან გვითხრა, რომ დოკუმენტის კორექტირების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: