Batumelebi | რას აკეთებს სახელმწიფო, როცა ჩვენს ჯანმრთელობას თურქეთში აზღვევენ – ინტერვიუ ჯანდაცვის ექსპერტთან რას აკეთებს სახელმწიფო, როცა ჩვენს ჯანმრთელობას თურქეთში აზღვევენ – ინტერვიუ ჯანდაცვის ექსპერტთან – Batumelebi
RU | GE  

რას აკეთებს სახელმწიფო, როცა ჩვენს ჯანმრთელობას თურქეთში აზღვევენ – ინტერვიუ ჯანდაცვის ექსპერტთან

მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ წამლების ყიდვა თურქეთში დაიწყო და სამედიცინო მომსახურების მიღებაც, სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა საქართველოში ახალი სერვისი შექმნა – დაზღვევა თურქეთში. მომხმარებლის მოთხოვნას ბიზნესი, ანუ ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიები, უკან გაყვა. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, როცა მოქალაქე ქართულ კლინიკებში მკურნალობას საზღვარგარეთ წასვლას არჩევს? – „ბათუმელები“ ჯანდაცვის ექსპერტს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, თენგიზ ვერულავას ესაუბრა.

ბატონო თენგიზ, სადაზღვევო ბიზნესმა ახალი პაკეტი შექმნა – საქართველოს მოქალაქეები ჯანმრთელობას თურქეთში ან ისრაელში დააზღვევენ. ხედავთ თუ არა პრობლემას ამ სიახლეში, თუ ეს მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდების მარტივ მოცემულობად უნდა მივიჩნიოთ? 

სადაზღვევო კომპანიები აზღვევენ იმ სერვისებს, რომლებიც საქართველოში არ გვაქვს, ან სხვა ქვეყანაში უკეთესი ხარისხით არის. საერთოდ, ჯანდაცვის სფეროში სწრაფად ვითარდება სამედიცინო ტექნოლოგიები, მეთოდების თვალსაზრისით. შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში სერვისი გვაქვს, მაგრამ პერსონალი არ არის სათანადო დონეზე. განსაკუთრებით ეს ეხება ონკოლოგიის სფეროს, არსებობს მკურნალობის მეთოდები, რაც ჩვენთან არ არის განვითარებული. პაციენტები როცა იგებენ, რომ არსებობს უკეთესი მეთოდი, რაც ჩვენთან არ არის, მიდიან მეზობელ ქვეყანაში, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ. ცხადია, თურქეთში ან ისრაელში სამედიცინო მომსახურების მიღება საკმაოდ ძვირია. სახელმწიფოს აქვს გარკვეული პროგრამა, რომელიც აკმაყოფილებს მხოლოდ უმწეო მოსახლეობას. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა კონკრეტული სერვისი საქართველოს კლინიკებში არ გვაქვს.

რამდენად დიდია ნდობის პრობლემა, როცა ადამიანები სამედიცინო მომსახურების მიღებას თურქეთში ამჯობინებენ? 

თავისთავად ნდობა არის უმთავრესი ამ საკითხში. ევროპის ქვეყნებში სამედიცინო პერსონალს მოეთხოვება უწყვეტი სამედიცინო განათლება. სახელმწიფო იქ ავალდებულებს ექიმებს ყოველ ხუთ წელიწადში გაიარონ გადამზადება და შემდეგ შემოწმდეს მათი ცოდნა. ახლა აპირებენ ჩვენთანაც მსგავსი სისტემის შემოღებას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ გვაქვს.

საუბარია მაღალშემოსავლიან ადამიანებზე, ვინც სადაზღვევო პაკეტს თურქეთში მკურნალობაზე იღებს. რატომ ირჩევენ ისინი თურქეთს ან ისრაელს და არა, მაგალითად, გერმანიას? 

გერმანიაშიც მიდიან, მაგრამ იქ ბევრად უფრო ძვირია სამედიცინო მომსახურების მიღება, ვიდრე თურქეთში. ფინანსური ხელმისაწვდომობის გარდა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემაცაა, თურქეთში შეგიძლია ავტობუსითაც ჩახვიდე… ჩვენთან დაახლოებით 17 სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი, შესაბამისად, განსხვავებული პაკეტის შექმნას ყველა ცდილობს.

გვაქვს რეალური კონკურენცია სადაზღვევო კომპანიებს შორის? ცნობილია, რომ ამ კომპანიების დიდ ნაწილს აქვს საკუთარი კლინიკა და აფთიაქიც. 

ჯანდაცვა, საერთოდ, მხოლოდ ჩვენთან არა ოლიგოპოლიური. ამისთვისაა საჭირო შესაბამისი რეგულაციების ამოქმედება. ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, მიმწოდებელს ჰქონდეს საკუთარი ამბულატორიული დაწესებულებაც კი. სადაზღვევო კომპანიას ისრაელში და ამერიკაშიც აქვს თავისი სამედიცინო დაწესებულება, მაგრამ იქ ეს მკაცრად რეგულირებადია. უნდა იყოს კონკურენციის პირობა, როცა ინტეგრირებულ სქემას აკეთებ. შეერთებულ შტატებში ამას ჰქვია მართული ჯანდაცვა. სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს იმას, რომ არ შეიქმნას დიდი ინტეგრირებული სქემები. ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ადამიანები თურქეთში გადიან სამედიცინო მომსახურების მისაღებად, ამ ოლიგოპოლიურობის შედეგია. პაციენტი  მარტივად ხედავს, რომ მედიკამენტი აქ ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

რა კუთხით უნდა დაწესდეს რეგულაციები, რომ ეს არ აღიქვას ბიზნესმა ჩარევად?

ეს სისტემური პრობლემაა და რამდენიმე დიდ საკითხს ეხება. ერთი სისტემური პრობლემაა, მაგალითად, პირველადი ჯანდაცვის სისტემა, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება, სადაც ოჯახის ექიმს ექნება სათანადო განათლება, ნდობა და ანაზღაურება. მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებების მესაკუთრეობის ფორმებზე საუბარი. ჩვენთან მიიჩნევენ, რომ სამედიცინო კლინიკა უნდა იყოს უკიდურესად მომგებიანი. ევროპის ქვეყნებში პირიქითაა. იქ სამედიცინო დაწესებულება არის ბიზნესი, მაგრამ ეს არის აღქმული ბიზნესად, რომელმაც არ შეიძლება მოიტანოს დიდი მოგება. ევროპის ქვეყნებში საავადმყოფოების დაახლოებით 80 პროცენტი არამომგებიანია, შეერთებულ შტატებში – 57 პროცენტი. ეს ისტორიულად ჩამოყალიბდა.

ჩვენთან, საბჭოთა წარსულში, ყველა სამედიცინო დაწესებულების ნაციონალიზაცია მოხდა, მერე დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და თითქმის ყველა გავყიდეთ. ევროპაში სამედიცინო დაწესებულება თავიდანვე იყო არაკომერციული, საქველმოქმედო, ან ეკლესიასთან არსებული. ჩვენთანაც იყო წინათ მსგავსი გამოცდილება, მაგალითად, ზუბალაშვილების კლინიკა, ასევე „არამიანცის საავადმყოფო“ თავის დროზე არაკომერციული იყო. 90-იან წლებში სამედიცინო კლინიკები უნდა გადასცემოდა საზოგადოებრივ საბჭოებს, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოხდა. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ იქ გაიხსენეს, რომ გასაბჭოებამდე კლინიკა საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყო და არ იყო ორიენტირებული მოგებაზე. ამ ქვეყნებში, სადაც არაკომერციული საავადმყოფოების რაოდენობა დიდია, პაციენტს უფრო მეტი ნდობა აქვს ექიმების მიმართ. პაციენტი იქ არ უყურებს კლინიკას ადგილად, სადაც უნდა „გაღლიტონ“. ჩვენ ეს შესაძლებლობა დავკარგეთ.

ოლიგოპოლიური ბაზარი კიდევ უფრო არაკონკურენტულს ხდის ამ რეალობას. როცა ზოგიერთ წამალზე 100 პროცენტზე მეტ მოგებას ნახულობს კომპანია, ყველასთვის გასაგები, რომ სახელმწიფო იქ უნდა ჩაერიოს. მედიკამენტების ფასზე ევროპული მიდგომა ასეთია, რომ მოგება 20 პროცენტს არ უნდა აჭარბებდეს.

არსებული ხელისუფლება ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს ჯანდაცვაში. კრიტიკაც მოგვისმენია ამ კუთხით, რომ არ შეიძლება ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვაზე იხარჯებოდეს. თქვენი აზრით, რატომ არ ცდილობს ხელისუფლება ეფექტურად დახარჯოს ფული ჯანდაცვაში? 

ყველაფერი დამოკიდებულია ნებაზე. ყველა მთავრობა იწყებს ჯანდაცვის რეფორმას და შემდეგ უცებ წყდება. რეალურად, პირველადი ჯანდაცვის რეფორმას თუკი დაიწყებ, შედეგს მიიღებ დაახლოებით 10 წლის შემდეგ. ჩვენ კი უფრო  მოკლევადიანი პროექტები გვიყვარს.

ჩემი აზრით, სამედიცინო განათლების დაფინანსებაზე უნდა გაკეთდეს მთავარი აქცენტი. იგივე თურქეთში, დაახლოებით 8 წლის წინ სახელმწიფო მიხვდა, რომ ჯანდაცვა არ არის მხოლოდ მკურნალობა, არამედ ჯანდაცვა არის უმთავრესად პრევენცია და ჩადო სერიოზული ინვესტიცია ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებაში, ისინი გადაამზადა და დაუნიშნა საშუალოდ 2500 ევრო თითოეულ მათგანს. ჩვენთან ჯანდაცვის ხარჯები იზრდება – ბოლო რამდენიმე წელია გაორმაგდა, გასამმაგდა, მაგრამ რომ გადავხედოთ, ჯამში მთლიანი ბიუჯეტის 40 პროცენტი მაინც არ არის ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების დანახარჯი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ თუ გვინდა მივიღოთ ნორმალური სისტემა, სახელმწიფომ დაახლოებით 40 პროცენტი მაინც უნდა დახარჯოს ამაში.

პრობლემაა თანხის ოდენობა, თუ ამ ფულის ეფექტური ხარჯვა?

ორივე. თუ შენ გაზრდი თანხას და არ გააკონტროლებ მის ხარჯვას, არაფერი გამოვა, აუცილებლად უნდა შემუშავდეს ხარჯთეფექტური მექანიზმები. ყველაზე ხარჯთეფექტური მექანიზმი არის პირველადი ჯანდაცვა, რომელიც მართავს პაციენტების ნაკადს და ეს როცა არ არის ქვეყანაში, პაციენტი გარბის პირდაპირ კლინიკაში ან აფთიაქში.

პრობლემა კომპლექსურია და სხვადასხვა მიმართულებით საჭიროებს პოლიტიკის შემუშავებას. მაგალითად, ჩვენთან ერთ ექიმზე ერთი ექთანიც არ მოდის, ევროპის ქვეყნებში კი, ერთ ექიმზე ოთხი ექთანია. ოლიგოპოლიურობის და არსებული შრომის კოდექსის პირობებში იოლია აიყვანო მხოლოდ ერთი ექთანი, რომელსაც ხუთ ფუნქციას დააკისრებ და 300 ლარს გადაუხდი, თუ უარს იტყვის, მარტივად გაუშვებ და ახალს აიყვან. თანაც, ჩვენთან ექთანი შესაძლოა მარტივად გახდე ორთვიანი გადამზადების შედეგად, საზღვარგარეთ კი ექთნებს სერიოზული განათლება სჭირდებათ. ეს ყველაფერი მაშინ შეიცვლება, როცა სახელმწიფოს გაუჩნდება ნება და სისტემურ მოწყობაზე დაიწყებს მუშაობს.

ამ თემაზე:

მოქალაქე: წამლები, რომლებშიც საქართველოში 187 ლარი უნდა გადამეხადა, თურქეთში 63 ლარად ვიყიდე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი