მთავარი,სიახლეები

რა ელით ჟურნალისტებს გამოცხადებული დეზინფორმაციის მარათონში

07.11.2018 •
რა ელით ჟურნალისტებს გამოცხადებული დეზინფორმაციის მარათონში

რას ნიშნავს, როცა დამოუკიდებელი მედია საგანგებო მდგომარეობას აცხადებს? როგორ უნდა მოიქცნენ ჟურნალისტები, როდესაც მედიამფლობელი ჟურნალისტებს საკუთარი პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესების გასატარებლად იყენებს? რა არჩევანი აქვთ ჟურნალისტებს და სად არის გამოსავალი – ეს არის საკითხი, რომელზეც „ბათუმელები“ მედიის სპეციალისტს, ზვიად ქორიძეს ესაუბრა.

  •  2018 წლის 30 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“ საგანგებო რეჟიმზე გადასვლა დააანონსა. მენეჯმენტის ამ გადაწყვეტილებით ტელევიზიაში დასაქმებულები ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ არჩევანით – ან დარჩნენ ტელევიზიაში და აიღონ პასუხისმგებლობა არხის სარედაქციო პოლიტიკაზე, ან წავიდნენ. ოფიციალურად ტელევიზიიდან ორი ჟურნალისტი წავიდა, სხვების გადაწყვეტილების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. რა უნდა გააკეთოს ასეთ ვითარებაში ჟურნალისტმა. როგორ უნდა მოიქცეს?

ეს პირველი შემთხვევა არ არის ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში, როდესაც ჟურნალისტებს, ჟურნალისტურ ჯგუფებს და მთლიანად სარედაქციო პოლიტიკას, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები იყენებენ საკუთარ ხელში პოლიტიკურ იარაღად. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აისახება თავად ამ ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების სანდოობაზე და მათ მდგრადობაზე.

ხშირად მედიასაშუალებები ან იქმნებიან არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში, ან თუ ისინი არიან ცოტა უფრო გრძელვადიანი პოლიტიკური პროექტის ნაწილები, აგრძელებენ ამ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის დაცვას შემდგომაც. ეს არის პრობლემა და ჩვენ, სამწუხაროდ, ამ საყმაწვილო სენისგან ვერ განვთავისუფლდით დღემდე. ამიტომაც 2018 წელს, როდესაც გვიდგას საარჩევნო ფაზა, ისევ ვიმეორებთ იმავე ტიპის შეცდომას, როდესაც ჟურნალისტმა უნდა შეასრულოს რომელიღაც კონკრეტული პოლიტიკურ-ფინანსური ჯგუფის დავალება, მისი ინსტრუქტაჟით უნდა შეარჩიოს ამბები და გააშუქოს ისე, როგორც სურს მედიამფლობელს. ის, რაც არ სჭირდება მას, დამალოს, მიჩქმალოს და საზოგადოების არაინფორმირებულობას შეუწყოს ხელი.

რაც უფრო იწევს პოლიტიკური დაპირისპირების ხარისხი, მით უფრო იზრდება მედიაზე ზეწოლის სიმძიმე. პირველი ტურის დროს, როდესაც არ იყო ასე მკვეთრად გამოხატული პოლარიზებული პოლიტიკური ბრძოლა, მედიასაშუალებები მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ ლავირებას. მაგრამ როგორც კი მეორე ტურში გადავედით და ორი პოლუსი მივიღეთ – თეთრი და შავი, იქ მედიასაშუალებებს ძალიან კონკრეტული ამოცანა დაუდგათ: გააშუქონ პროცესები ისე, როგორც ეს უნდა პოლიტიკურ დამკვეთს.

ბევრად უფრო მობილიზებული და ბევრად უფრო მონოლითურია „რუსთავი 2“, რადგან პრაქტიკა და გამოცდილება აქვს. სხვათა შორის, იმის გამოცდილებაც აქვს, რომ პოსტსაარჩევნო ფაზაში გააგრძელოს არსებობა, გააგრძელოს არსებობა იმ პირობებში, როდესაც მისი პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფი მმართველობაშია და გააგრძელოს მაშინაც, როცა მისი პარტნიორი გუნდი ოპოზიციაშია.

„იმედს“ ამის პრაქტიკა ნაკლებად აქვს და, შესაბამისად, იძულებულები გახდნენ, რომ მათ ეს მესიჯი ჩუმად კი არ ეთქვათ, ან სარედაქციო თათბირებზე კი არ შეესაღებინათ, არამედ საჯაროდ განაცხადეს.

ის ორი კანდიდატი, რომლებიც დარჩნენ მეორე ტურში, არ ჩანან და ჩანან მედიები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური დავალებებით ერთმანეთს ებრძვიან, ექიშპებიან და ცდილობენ, ასე მოიპოვონ აუდიტორია.

  • ჟურნალისტებმა რა უნდა ქნან ასეთ დროს?

ამოცანა არის ძალიან მარტივი – ჟურნალისტმა უნდა დაიცვას პროფესიული სტანდარტები და პროფესიული ეთიკა. თუ ჟურნალისტი ამას აკეთებს, მაშინ მასზე ვერანაირი მენეჯმენტი, ვერანაირი პოლიტიკური დამკვეთი ვერ მოახდენს გავლენას. ეს არის ოქროს წესი, ასე მუშაობს მედია ყველგან. იმ სივრცეებშიც კი, სადაც პოლიტიკური დაპირისპირების მაღალი ხარისხია, ვიდრე ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში. მაგრამ იქ ჟურნალისტები იცავენ სტანდარტებს, იცავენ ამ ეთიკურ ნორმებს და მათ ვერანაირი მენეჯმენტი ვერ აიძულებს, რომ რაღაცა დამალონ, რაღაცაზე თვალი დახუჭონ, მიჩქმალონ და რაღაცები გააშუქონ ისე, როგორც უნდა დამკვეთს და არა აუდიტორიას.

აუდიტორიას რა უნდა? – ზუსტი, უტყუარი, გადამოწმებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია. ასეთი აუდიტორია გვჭირდება ჩვენ პოლიტიკური ბრძოლისთვის, რადგან ასეთი აუდიტორია აკეთებს ინფორმირებულ არჩევანს.

სამწუხაროდ, ჩვენ დეზინფორმაციის ხარისხს ვიღებთ ძალიან ბევრ ტონალობაში. შეიძლება ინფორმაცია, რომელსაც ვაწვდით აუდიტორიას, არ იყოს აუცილებლად ცრუ ინფორმაცია, მაგრამ ის იმ ფორმით იყოს მიწოდებული, ის ტონალობა იყოს შერჩეული, ის მნიშვნელოვანი ელემენტები, დეტალები იყოს მიჩქმალული ცალკეულ სიუჟეტში ან სტატიაში, რომ ამან ირიბად მოახდინოს გავლენა აუდიტორიაზე და მათ დეზინფორმირებას შეუწყოს ხელი.

თუ ამას გააკეთებენ ჟურნალისტები და მენეჯმენტი მათ მოსთხოვს, რომ არა, თქვენ ახლა უნდა გააკეთოთ ის, რასაც გვავალებენ  პოლიტიკური ან ფინანსური დამკვეთები ზემოდან და თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენ დაგითხოვთ… ვერ დაითხოვენ მთლიანად ჟურნალისტებს. ჩვენი პრობლემა ზუსტად ის არის, რომ არის ჟურნალისტთა ნაწილი, ვინც იცავს პროფესიულ სტანდარტებს, ეთიკას და ისინი, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში იძულებული არიან წავიდნენ. და არიან ჟურნალისტები, რომლებიც რჩებიან. შესაბამისად, ისინი ასრულებენ იმ დავალებას, რომელიც აუდიტორიის ინტერესებში არ შედის.

  • ანუ თუკი დღეს ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტი აღმოჩნდება პრინციპული და არ გადაუხვევს ეთიკურ სტანდარტებს, მას ასე ხელაღებით მენეჯმენტი ვერ გაათავისუფლებს?

მთელ სარედაქციო გუნდს ვერ დაითხოვს ვერანაირი მენეჯმენტი. ეს გამორიცხულია. ამიტომ მთავარია, რომ ის ჟურნალისტები, რომლებიც მუშაობენ ამა თუ იმ მედიასაშუალებაში, იყვნენ პროფესიული სტანდარტების მიმართ ერთგულები. არა რაღაც ლოგოს მიმართ ერთგულები, არამედ პროფესიული სტანდარტების მიმართ.

მე ვერ გამოვყოფ ახლა ცალკე „იმედს“, რადგან „იმედი“, უბრალოდ, იძულებული გახდა ეს ღიად ეთქვა, სხვანაირად ის ვერ მიიპყრობდა ყურადღებას. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ყველა ჟურნალისტი, ყველა პროდიუსერი, ასრულებს თუ არა თავის სამუშაოს ეთიკური ნორმების დაცვით. თუ ისინი რაღაცას ეგუებიან და ამ შეგუების სანაცვლოდ იღებენ გარანტიებს, რომ სამსახურიდან მათ არავინ დაითხოვს, არავინ შეუქმნის პრობლემას. გამოდის, მათ თავად არ უქმნით პრობლემას ის, რომ ისინი პროფესიულ სტანდარტებს არღვევენ. გამოსავალი არის ის, რომ მედიამ თქვას: – მე არ ვუღალატებ პროფესიულ სტანდარტებს. ჟურნალისტმა თქვას ეს, ოპერატორმა თქვას ეს, პროდიუსერმა თქვას ეს და ამას ვერავინ ვერ გადავა.

ამ დასკვნის საშუალებას იძლევა მსოფლიო მედიის პრაქტიკა. დამკვეთი იქნება ეს, უშუალო მენეჯერი თუ გარეთ არსებული პოლიტიკურ-ფინანსური კონგლომერატი, ისინი აუცილებლად დამარცხდებიან, რადგან ვერაფერი დაუდგება წინ პროფესიული, ღირსებით სავსე მედიათანამეგობრობას, რომელთა მთავარი ინტერესია მაყურებელი მშვიდ გარემოში მიიყვანოს საარჩევნო უბნამდე და მიიყვანოს ინფორმირებული, რაც ყველაზე მთავარია.

ახლა ჩვენ გვაქვს გამოცხადებული დეზინფორმაციის მარათონი, რომლის შედეგი არ ვიცით რა იქნება. ვაკვირდები, ხანდახან ისეთ დასკვნებს აკეთებენ სიუჟეტებში ან თოქშოუებში მოწვეული რესპონდენტები, რასაც მიმდინარე ყოველდღიურობაში, საჭორაო სივრცეშიც შეიძლება ვერ წააწყდე. ახლა მოცემულობა გვაქვს ასეთი: მედიამ მარტო ის უნდა უთხრას აუდიტორიას, რაც აწყობს მის პოლიტიკურ დამკვეთებს.

  • დღეს მაყურებელს საქართველოში უწევს კონკრეტული სიუჟეტის ყურებისას ამოიცნოს, არის თუ არა სწორი ინფორმაცია, რასაც აწვდის კონკრეტული არხი, არის თუ არა განზრახ დამახინჯებული ფაქტები,  არის თუ არა სიუჟეტი ვინმეს წინააღმდეგ მიმართული.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები და ეს არის ზუსტად იმის მაჩვენებელი, რომ მედიაწიგნიერების ხარისხი ჩვენს საზოგადოებაში იზრდება. ანუ მაყურებელი, მკითხველი, ჩვენი მედიის აუდიტორია აღარ არის გულუბრყვილო ბარტყივით პირდაფჩენილი, რა ლუკმას გადმოუგდებენ. ჩვენი აუდიტორია ფიქრობს, აზროვნებს, აფასებს და ისე გამოაქვს დასკვნა.

აქ მედიას ავიწყდება ერთი რამ – აი, ამ დამატებით სამუშაოს შესრულებით პრაქტიკულად განიზიდავს აუდიტორიას.

  • ხშირად მაყურებელი მედიას ჰყოფს მისთვის მისაღებ და მიუღებელ კატეგორიად. მინახავს, როგორ არ აძლევენ ინტერვიუს ჩვეულებრივი მოქალაქეები კონკრეტული არხების ჟურნალისტებს და ეუბნებიან, რომ მას არ ენდობიან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, როგორ აისახება მედიაგარემოზე?

ამ მოკლევადიან წინასაარჩევნო პროცესში მედიის მიმართ აუდიტორიის დამოკიდებულებას კარგად ვერ დავინახავთ. მაგრამ თუ ამას გრძელვადიან პერსპექტივაში დავაკვირდებით, დავინახავთ – ჩვენ ამის მაგალითები გვქონია, როგორ ხდება მედიისგან განზიდვა. ამ საარჩევნო ბატალიების დასრულების შემდეგ – მიუხედავად იმისა, რა შედეგი დადგება, მთლიანად მედიისადმი გაჩნდება დიდი უნდობლობა, არა კონკრეტულად ერთი არხის, არა კონკრეტულად ერთი მედიაპორტალის მიმართ, არამედ ზოგადად.

სხვათა შორის, დღეს, როდესაც დიდი მედიაკონგლომერატები იბრძვიან, ყველა ვხედავთ, რომ მთავარი ლიდერები არიან „რუსთავი 2“ და „იმედი“, ასევე სხვადასხვა აფილირებული მედია მათთან, ანუ ისე ნუ შევხედავთ, რომ ერთი გაილაღებს და მეორე დაიჩაგრება ამ საარჩევნო ბატალიების დასრულების შემდეგ. არა, მთლიანად მედიის მიმართ იქნება უნდობლობის ხარისხი მაღალი ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ეს დრო დაგვიდგება საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ.

არ არის გამორიცხული ეს მიდგომა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი თავად იმ პოლიტიკური გუნდებისთვის, რომლებიც დღეს ეჯახებიან ამ მთავარ პოლიტიკურ ტატამზე ერთმანეთს. შეიძლება მათი მომავალი სურვილიც მომავალი პოლიტიკური საქმიანობისთვის იყოს ის, რომ აი, ამ საზოგადოებას, რომელიც დღეს არჩევანს აკეთებს, ხვალ და ზეგ აღარ ჰქონდეთ სანდოობის რაიმე მაჩვენებელი ქართული მედიის მიმართ. ისინი შემდგომ, უკვე სხვა პოლიტიკურ დავალებებს, სხვა პოლიტიკურ ამოცანებს გაცილებით მარტივად გადაჭრიან იმ პირობებში, როდესაც მედიისადმი ნდობის ხარისხი იქნება დაბალი.

ეს საბოლოო ჯამში ურტყამს დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში, თავისუფალი განვითარების ხარისხს და ეს არ არის ჩვენი საზოგადოების მომავლისთვის სასარგებლო. ჩვენ ეს რისკი ახლავე უნდა დავინახოთ და მგონია, რომ საუკეთესო საშუალება არის მოვყვეთ ამბავი, რაც ხდება, გავაშუქოთ ისე, როგორც არის, არ დავარღვიოთ მიუკერძოებლობისა და სიზუსტის წესები, დავიცვათ პროფესიული ეთიკა.

  • რთულია ამის გაკეთება?

დარწმუნებული ვარ, ამ მედიასაშუალებებში, ვისაც ჩვენ ახლა ვხედავთ ბაზარზე, რომლებიც ახლა ქმნიან კონკრეტულ მედია დღისწესრიგს, იქ მუშაობს უმრავლესობა ჟურნალისტების, რომლებმაც ეს კარგად იციან.

უბრალოდ, სამწუხაროდ, ისინი ხშირ შემთხვევაში მიმდინარე მოთხოვნებს ადვილად უყურებენ და შედეგად იღებენ იმას, რასაც იღებენ. იღებენ იმას, რომ საკუთარი წამიერი კეთილდღეობა და უზრუნველი ყოფა მედიასაშუალებაში დაიმკვიდრონ აი, ასეთი სარედაქციო პოლიტიკით, როგორსაც ახლა არჩევნების წინ გვთავაზობენ.

ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ეს მედიასაშუალებები მთელი ამ პერიოდს თუ გადავხედავთ, არ არიან მდგრადები, ანუ ისინი არ ქმნიან იმ პროდუქტს, რომელსაც მოაქვს იმაზე მეტი შემოსავალი, ვიდრე მათი საჭიროებისთვის არსებული ხარჯებია: ტელევიზიები, მედიაპორტალები, გაზეთები, ხშირ შემთხვევაში არიან დოტაციური იმ პოლიტიკური, ფინანსური ჯგუფებისგან, რომლებიც საკუთარ დაკვეთას სთავაზობენ. და როდესაც ისინი ამას სთავაზობენ, შედეგს იღებენ სათანადოს. მოვიდა არჩევნების ფაზა და მოდი არჩევნებზე მოვიქცეთ ისე, რომ მეტი ფული ვიშოვოთ.

მაგრამ დააკვირდით, ამ პოლიტიკური ბრძოლის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ – ეს მედია საშუალებები იმდენად კარგავენ სანდოობის ხარისხს, შეიძლება ხვალ და ზეგ გაუჩნდეთ რეკლამის დეფიციტი, სხვა შემოსავლის მიღების დეფიციტი და დადგნენ გაკოტრების პირას.

  • აქამდე ტელევიზიები იხურებოდა არჩევნების შემდეგ და გარკვეულწილად იყო დამოკიდებული არჩევნების შედეგზე. იბერიის შემთხვევა განსხვავებულია, არჩევნებამდე დაიხურა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ აქაც ჟურნალისტები მედიამფლობელის ინტერესების გამტარები აღმოჩნდნენ…

როდესაც მიმოვიხილავთ იბერიის შემთხვევას, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მედიასაშუალება არ იყო მთავარი და ეს მედიაბიზნესი არ იყო მთავარი ბიზნესი. ეს მედიაბიზნესი მას სჭირდებოდა თავისის ძირითადი სხვა ბიზნესის მეხამრიდად და იმ პრობლემების მოსაგვარებლად ან იმ პრობლემებზე სავაჭროდ, რომელიც ძირითად ბიზნესში გაჩნდებოდა.

ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელმა,  თავისი ბიზნესპრობლემების, თავისი კრიზისული ვითარების გასავრცელებლად თემის აქტუალიზება მოახდინა უფრო გავლენიან არხზე, „რუსთავი 2“-ზე. სწორედ მაშინ დაკარგა „იბერიამ“ თავისი მედიამფლობელისთვის ფასი. შესაბამისად, ამ თემით ის მივიდა იქამდე, რომ მან საკუთარი არხი დახურა. მან მოაგვარა თავისი ბიზნესპრობლემები, არ ვიცი სრულად, ნაწილობრივ, დროებით თუ როგორ, მან მოაგვარა ის პრობლემები, რაც აწუხებდა, მან თავისი ძირითადი ბიზნესი აამოქმედა, ქარხანა აამუშავა, ფინანსთა სამინისტროსთან დაალაგა ურთიერთობა, რის შედეგადაც რა მივიღეთ? მან დახურა მედიასაშუალება. აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს მედიასაშუალება იმ დონეზე და იმდენად სჭირდებოდა მას, რამდენადაც სჭირდებოდა თავისი ბიზნესის საჭიროებებისთვის.

დღეს ჩვენ ვერ ვეტყვით მთავრობას პირდაპირ, რომ მან დახურა ტელეკომპანია „იბერია“, რადგან, ფაქტობრივად, მესაკუთრემ დახურა. მაგრამ თუ კონტექსტს დავინახავთ, ჩანს, რომ იქ, ერთი მხრივ, მთავრობის ზეწოლა იყო, მეორე მხრივ, მთავარი პრობლემა იყო მედიამდგრადობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არ არის. ჟურნალისტებს სარედაქციო ამოცანების შესრულებისთვის ხელს უშლის ის, რომ პროფესიული სტანდარტების ეთიკის სანაცვლოდ მათ სთავაზობენ მორჩილებას და, რა თქმა უნდა, როდესაც მათ მორჩილების  ამოცანა შეასრულეს რაღაც ეტაპზე, მეორე ეტაპზე ადგნენ და დაუხურეს ტელევიზია. მორჩა. ეს უფრო გლობალურ პრობლემებს გვანახებს ჩვენ, ვიდრე მარტო მექანიკურად ვთქვათ, რომ მედია დახურა მთავრობამ. მთავრობა, როგორც აქტორი ამ პროცესში არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ დავინახოთ კიდევ სხვა პრობლემები, რომელიც ამას თან სდევს.

  • ცოტა ხნის წინ გვქონდა რეალობა, როდესაც ყველა გავლენიანი არხი ემორჩილებოდა ხელისუფლებას და ამ არხთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „რუსთავი 2“. დღეს კი „რუსთავი 2“-ს ვერ აკონტროლებს ხელისუფლება. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლებაში მოვა ძალა, რომელიც გააკონტროლებს ამ ტელევიზიას? 

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არსებითად პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრ რამეს არ ცვლის. ეს მოხდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაგრამ არჩევნებამდე ეს სტატუსკვო – მედია პროპაგანდისტული ომისა, გაგრძელდება. „რუსთავი 2“-იც პროპაგანდაა, ოღონდ სხვა პოზიციიდან. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მივაღწევთ საპარლამენტო არჩევნებამდე და მერე დადგება ამოცანა, თუ ვინ გაიმარჯვებს, ვინ გახდება სამთავრობო გუნდი და  ვინ ვისთან შექმნის კოალიციას და ა.შ. მერე უკვე ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ამ მედიასაშუალებებზე.

რა თქმა უნდა, თუ გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, „რუსთავი 2“-ისთვის იქნება საკმაოდ სერიოზული ფორა, ის აი ამ კოჰაბიტაციის ახალ პროცესში შეეცდება მოიზიდოს აუდიტორია ისევ ელექტორალური თვალსაზრისით და არა პროფესიული. თუ წააგო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა არჩევნები, მაშინ, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან სერიოზული შტურმი „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ უკვე გაერთიანებული ფრონტით – პრეზიდენტიც, პარლამენტიც, ყველა იქნება აკუმულირებული ერთი პოლიტიკური გუნდის ხელში და ეს პოლიტიკური გუნდი უკვე გადავა ბოიკოტირების რეჟიმში და ისინი მოახრჩობენ „რუსთავი 2“-ს როგორც ტელევიზიას, რომელსაც უკვე საიმისო რესურსი, გაუწიოს წინააღმდეგობა აი ამ დიდ შტურმს, ნაკლებად ექნება. ეს უკვე გაცხადებულად ჩანს პოლიტიკურ შეფასებებშიც, რომ „რუსთავი 2“-ს მაგალითად მთავრობა, მმართველი გუნდი არ განიხილავს ტელევიზიად, განიხილავს როგორც ნაწილს მოწინააღმდეგე პოლიტიკური გუნდის ერთიანი სტრატეგიისა, იმ პრინციპით, რომ თავად ასეთივე მიდგომა აქვთ. „იმედს“ განიხილავს არა როგორც ტელევიზიას, არამედ როგორც თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის, პოლიტიკური სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს. ამიტომაც აიძულეს „იმედი“, რომ გამოეცხადებინა საგანგებო, ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლა.

  • რისთვის?

იმიტომ, რომ რაღაც „შეცდომა“ მოუვიდა მმართველ გუნდს და ვერ გაიყვანა პირველივე ტურში თავისი კანდიდატი. ეს ავარია უნდა გამოსწორდეს და გამოსწორდეს რითი? ტელევიზია, რომელსაც ის ინახავს, გამოიყენოს ახლა როგორც მთავარი დამრტყმელი ძალა.  ის თავის ტელევიზიასაც განიხილავს სტრატეგიული პროცესის შემადგენელ ნაწილად, ოპონენტის ტელევიზიასაც განიხილავს მისი პოლიტიკური ოპონენტის სტრატეგიული კამპანიის ნაწილად. ამიტომ ამოცანა მმართველი გუნდის, თუ მისმა კანდიდატმა გაიმარჯვა იქნება არა მარტო პოლიტიკურ გუნდს გაუსწოროს ანგარიში, არამედ გაუსწოროს ანგარიში იმ ტელევიზიასაც, რომელსაც ის ხედავს აი ამ როლში – როგორც მთავარ პოლიტიკურ პროპაგანდისტულ იარაღს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში. ამ ბრძოლის ფონზე კი აუდიტორია რჩება დაზარალებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: