ნეტგაზეთი • RU

როგორ მკურნალობენ სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობას

საქართველოში „იუნისეფი“ სექტემბერში იწყებს 2-იდან 10 წლამდე ბავშვების გამოკვლევას სისხლში ტყვიის შემცველობაზე, რომლის შედეგებიც მომავალი წლის პირველ კვარტალში იქნება ცნობილი. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა ფიქსირდება და რა ზომებს უნდა მიმართოს პაციენტმა მკურნალობისთვის? „ბათუმელები“ ამ თემაზე პედიატრ თემურ მიქელაძეს ესაუბრა.

  • ბატონო თემურ, როგორი მკურნალობა ენიშნებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აქვთ?

ტყვიით ინტოქსიკაციის დროს ინიშნება გამომძევებელი თერაპია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი ძალიან მაღალია მისი შემცველობა და აშკარად გამოხატულია სიმპტომები. გამომძევებელი თერაპია ყოველთვის არ სჭირდება პაციენტს, მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ არის  მძიმე მოწამვლა. ეს საკითხი ტოქსიკოლოგთან ერთად უნდა გადაწყდეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვატარებთ ტყვიაზე მკურნალობას.

  • მკურნალობა მხოლოდ სტაციონარულად ხდება, თუ სახლის პირობებშიც შესაძლებელია? 

სპეციალური ნივთიერებებია, რომლებსაც პაციენტი იღებს. პირველად ეს უნდა მოხდეს კლინიკაში, შემდეგ შეუძლია სახლშიც გააგრძელოს მკურნალობა. ინდივიდუალურად განისაზღვრება მკურნალობა.

  • რა რაოდენობის ტყვიის შემცველობა მიიჩნევა ჯანმრთელობისთვის საზიანოდ?

მძიმე მოწამვლად მიიჩნევა დაახლოებით 50-დან 150 მიკროგრამი დეცილიტრზე. მაგრამ აქ საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა კლინიკური გამოვლინებებია. ანუ პაციენტი მივარდნილია, ადინამიური, არის რეანიმაციაში. თუმცა მე პრაქტიკაში არ მქონია ასეთი შემთხვევა, რადგან  ასეთი მკურნალობა არ სჭირდებათ პაციენტებს. საერთოდ ორგანიზმიდან ტყვიის გამომძეველი თერაპია უფრო ცუდია, ვიდრე მისი მაღალი შემცველობა სისხლში. უმჯობესია ეს პროცესი კვებით დავარეგულიროთ.

ტყვიის განსაზღვრის მიზანია, რომ აღმოაჩინო ტყვიით ინტოქსიკაციის წყარო, თუ საიდან ხდება მისი ქრონიკული მოწოდება. კვლევა იმიტომ კეთდება, რომ სახელმწიფომ მიიღოს შესაბამისი ზომები ტყვიის შემცველი პროდუქტების რეალიზაციაზე და აღარ მოხდეს ტყვიით დაბინძურებული მასალების იმპორტი ქვეყანაში. ტყვიაზე კვლევას მაშინ აქვს აზრი, თუ ტოქსიკაციის წყარო აღმოიფხვრება.

  • თქვენ ამბობთ, რომ მკურნალობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ინიშნება. გარდა ტოქსიკური წყაროს აღმოფხვრისა, რა ზომები უნდა მიიღოს კიდევ ადამიანმა, რომ ორგანიზმში შემცირდეს ტყვიის შემცველობა?

თუ პაციენტის ორგანიზმში ნორმის ფარგლებშია რკინა და კალიუმი, მაშინ ტყვია აღარ შეიწოვება. ამიტომ ბავშვის და თუნდაც მოზრდილის ორგანიზმში ამ მიკროელემენტების შემცველობას უნდა მიექცეს ყურადღება. განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან ბავშვის ორგანიზმი უფრო ლაბილურია და უფრო ადვილად ზიანდება ნერვული სისტემა.

ტყვია არის მსოფლიოს პრობლემა. აშშ-ში, 80-იან წლებში როცა ჩატარდა კვლევები, მოსახლეობის 88 პროცენტს ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა, თუმცა 2010 წელს ჩატარებულმა კვლევებმა 0,88 პროცენტი აჩვენა იგმავე პაციენტებში. ეს იმიტომ, რომ აშშ-ის მთავრობამ შეამცირა ტყვიის შემცველი ნაწარმის რეალიზება, სამშენებლო მტვერი, მასალები, საღებავები, ბენზინი ნორმალური შეიტანა, ძველი ავტომანქანები  შემცირდა, რაც აისახა კიდეც შედეგზე. იგივე უნდა მოიმოქმედოს ჩვენმა ქვეყანამაც.

ამ ნივთიერების არსებობა აუცილებელია როგორც სამედიცინო, ასევე სხვა სამრეწველო საქმიანობაში, მაგრამ აქ საუბარია მის სწორად მოხმარებაზე. მთავარია, ადამიანის ორგანიზმში არ უნდა მოხდეს მისი მაღალი შემცველობა.

ამავე თემაზე: 

რა ღირს და სად შეგიძლიათ სისხლში ტყვიის შემცველობის შემოწმება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com