მთავარი,სიახლეები

გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარაში ბრალდებულები 4 ათასი ლარით დააჯარიმეს

23.07.2018
გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარაში ბრალდებულები 4 ათასი ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მხოლოდ 4 ათასი ლარით დააჯარიმა თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე. მათ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა გამოძიება, რაც არ დადასტურდა.

გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფა არ დასტურდება. მან ბრალდებულებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდა ჯარიმის გადახდა.

ჯარიმის ნაწილს მსჯავრდებულები აღარ გადაიხდიან, რადგან ისინი გარკვეული დროით წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

საუბარია 2016 წელს გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება დაიწყო თამარ ხაჭაპურიძის და კახაბერ ხაჩიძის არასრულწლოვანი შვილის ცემის ფაქტზე. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ ბავშვს სცემა.

იმავე დღეს პროკურატურამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ბავშვის მშობლები დააპატიმრეს მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე.

ამ საქმეზე განაჩენი მოსამართლემ ისე მიიღო, რომ მას დაცვის მხარეს არცერთი მოწმისთვის არ მოუსმენია.

მსჯავრდებულები არასრულწლოვან შვილთან ერთად დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან. ისინი სასამართლო პროცესებს სკაიპით ერთვებოდნენ.

“ჩვენ ვითხოვდით თამარ ხაჭაპურიძის და კახაბერ ხაჩიძის სრულად გამართლებას. არც ხულიგნობა დასტურდება ამ საქმეში. გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გავასაჩივრებთ,” – ამბობს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, პაატა დიასამიძე, რომელიც ბრალდებულების ინტერესებს იცავს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: