მთავარი,სიახლეები

რობერტ პლანტის ფანი ქუთაისიდან

20.07.2018 • 3755
რობერტ პლანტის ფანი ქუთაისიდან

19 ივლისს ემზარ ჯინჭარაძე ქუთაისიდან შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე რობერტ პლანტის კონცერტზე დასასწრებად ჩავიდა. თან Led Zeppelin-ის ვინილის ფირფიტები წაიღო და იმედი ჰქონდა, რომ რომელიმეზე რობერტ პლანტის ავტოგრაფი გაჩნდებოდა.

ემზარმა ლეგენდარულ მუსიკოსს ცოცხლად მოუსმინა, თუმცა მისი ავტოგრაფის მიღება ვერ შეძლო. ემზარმა დახმარება გიორგი კერესელიძეს „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორსაც სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.

„საერთოდ უარი ჰქონდა ნათქვამი ავტოგრაფის  გაცემაზე. პლანტი ლეგენდაა და მისი ავტოგრაფი მილიონებად გაიყიდებოდა. გადაწყვიტა არ გაეკეთებინა. ვინმესთვის რომ მიეცა ავტოგრაფი დამწყდებოდა გული, მაგრამ რადგან არავის მისცა, შევეგუე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კონცერტის დასრულების შემდეგ ემზარ ჯინჭარაძემ.

ემზარ ჯინჭარაძე და „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე

55 წლის ემზარ ჯინჭარაძე ცხოვრობს ქუთაისში, მუშაობს იმერეთის მეფეთა რეზიდენციაში, რომელიც „ოქროს ჩარდახის“ სახელითაა ცნობილი და  ქუთაისისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია. რობერტ პლანტს და Led Zeppelin-ის ბავშვობიდან უსმენს.

„ადრე ახალგაზრდობაში ხუჭუჭი თმა მქონდა. ვცდილობდი პლანტს დავმსგავსებოდი.  70 წლიდან ვუსმენ Led Zeppelin-ს. პირველი კონცერტის ვინილი რომ ვიყიდე, მერე დავიწყე სხვების ძებნა. ძალიან დეფიციტური იყო მისი ალბომის მოპოვება, ხომ იცით კომუნისტების დრო იყო. 200-300 მანეთიც მიმიცია მის ვინილებში, რაც მაშინ ძალიან დიდი ფული იყო.

ჩამოდიოდნენ ტურისტები პოლონეთიდან, მაშინდელი ჩეხოსლოვაკიიდან და მათგან შეგეძლო გეყიდა. შავი ბაზარი ქვიოდა მაგას. მერე კიდევ რუსეთში ჯარში ვიყავი ხარკოვში, იქაც ტურისტები მამარაგებდნენ.

პლანტს რომ ვუსმენ, ძალიან მეხმარება მუშაობაში. მსიამოვნებს მისი მუსიკა. როცა ვუსმენ ყოველდღე ახალი ემოცია მოდის. რობერტ პლანტზე ვარ ფანატიკურად შეყვარებული.

ქუთაისში „ოქროს ჩარდახში“ ვმუშაობ, რომელიც რიონის პირასაა. ჩავრთავდი ხოლმე ლედ ზეპელინის მუსიკას, პატარა მაგნიტოფონი მქონდა და ხან თეთრი ხიდიდან ვუყურებდი ამ ჩემს სამსახურს, ხან რუსთაველის ხიდიდან,“ – ამბობს ემზარ ჯინჭარაძე.

ემზარის თქმით, პლანტის ცოცხლად მოსმენით ოცნება აუხდა.

„ბოლო სურვილი რაც მაქვს მინდა სოლომონ მეფის ძეგლი გავაკეთო. ქალაქის ხელმძღვანელობა მიჭერს მხარს. ახლა პლანტის ძეგლს ვერ გავაკეთებ ქუთაისში, მაგრამ იმერეთის უკანასკნელი ბაგრატიონის ძეგლის პროექტი მაქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ გაკეთდება“, – ამბობს ემზარ ჯინჭარაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: