მთავარი,სიახლეები

რა ხდება ქალთა საპატიმროებში – გაშიშვლება, ბუქნები, 10-20%-ით ძვირი მაღაზიები

09.07.2018 • 4140
რა ხდება ქალთა საპატიმროებში – გაშიშვლება, ბუქნები, 10-20%-ით ძვირი მაღაზიები

ქალთა N5 სპეციალურ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ამ დაწესებულების პატიმარი ქალების მდგომარეობა შეფასდა და გამოიკვეთა ხარვეზები, რომლის აღმოსაფხვრელადაც ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციებს სთავაზობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

მონიტორინგის ანგარიში ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

ქვემოთ მოცემული ანგარიშის მიმოხილვა ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას შეეხება, ამ და სხვა დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე კი დემოკრატიის ინსტიტუტი ზრუნავს. ორგანიზაცია ოთხ რეგიონში ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“, რომელშიც აჭარის, იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლებს შეუძლიათ ჩართვა. პროგრამა ყოფილი პატიმრების ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, დასაქმებას, სამედიცინო მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

[red_box]ზოგადი მდგომარეობა ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში [/red_box]

კვლევის პროცესში გამოიკითხა 91 ქალი პატიმარი: უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე მსჯავრდებული, 22 ბრალდებული ქალი, დედათა და შვილთა განყოფილებაში კი 3 მსჯავრდებული ქალი.

პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დაწესებულებაში მიღებისას ქალ პატიმრებს სრული პირადი შემოწმებისას ისევ აშიშვლებენ და სთხოვენ ბუქნების გაკეთებას მენსტრუალური ციკლის დროსაც კი. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ქალი პატიმრები აღნიშნავენ, რომ ეს პროცედურები მათთვის ძალიან დამამცირებელია და დიდ მორალურ ზიანს იღებენ.

N5 დაწესებულების საცხოვრებელ საკნებში არ არის საკმარისი ხელოვნური ვენტილაცია. რიგ საკნებში იატაკი არის ბეტონის. საკნებში არ არის ცხელი წყალი. საღამოს 20 საათის შემდეგ იკეტება კორპუსები და საკნის კარებიც. ამის შემდეგ პატიმრებს არ აქვთ საკნიდან გამოსვლისა და აბაზანით სარგებლობის უფლება, პირადი ჰიგიენის დასაცავად პატიმარი ქალები წყალს საკანში აცხელებენ.

კბილის პასტა, საპონი და ტუალეტის ქაღალდი ქალ პატიმრებს უფასოდ ურიგდებათ თვეში ერთხელ, რაც არასაკმარისია. ჰიგიენურ საშუალებებს პატიმრები, ძირითადად, მაღაზიაში ყიდულობენ. არ რიგდება ჭურჭლის სარეცხი საშუალებები და პატიმრები მაღაზიაზე არიან დამოკიდებული. აქვს არასასიამოვნო სუნი, იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებსა და ხელებზე ალერგიულ გართულებებს.

პატიმრებისვე გადმოცემით, დაწესებულების წყალი ზედმეტი დაქლორვის გამო უვარგისია, როგორც სასმელად, ისე რეცხვისას. მათი გადმოცემით, წყალს აქვს არასასიამოვნო სუნი, იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებსა და ხელებზე ალერგიულ გართულებებს. აზიანებს კბილებს, იწვევს თმის ცვენასა და კანის გამოშრობას. პატიმრების უმრავლესობას წყლის ყიდვა დაწესებულების მაღაზიაში უწევს.

ქალ პატიმართა უკმაყოფილებას იწვევს პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების მაღალი ფასები დაწესებულების მაღაზიაში.

კვლევის მიხედვით N5 დაწესებულების მაღაზიაში პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ფასები დაახლოებით 10-20%-ით აღემატება ჩვეულებრივი მაღაზიის ფასებს.

საპატიმრო განყოფილების საკნებში სტანდარტების შეუსაბამოა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. საკნები გასარემონტებელია, ბეტონის იატაკი მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ბრალდებულებს საშხაპით სარგებლობა მხოლოდ კვირაში ორჯერ შეუძლიათ.

[red_box]უცხოელ ბრალდებულ (მსჯავრდებულ) ქალთა მდგომარეობა[/red_box]

პენიტენციურმა დაწესებულებამ ბრალდებულები და მსჯავრდებულები სეზონის შესაფერისი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ჰიგიენური საშუალებებითა და სხვა პირადი ნივთებით უნდა უზრუნველყოს.

N5 დაწესებულებაში უცხოელი პატიმრებისთვის ახალი ტანისამოსის და ფეხსაცმლის მარაგი არ არის. საჭიროების შემთხვევაში „მეორად“ ტანსაცმელს საპატრიარქო და სხვა უწყებები გადასცემენ დაწესებულებას. უცხოელი პატიმრები ტანსაცმელს, ძირითადად, ქართველი პატიმრებისგან ყიდულობენ.

ენობრივი ბარიერის გამო უცხოენოვანი პატიმრებისთვის მიუწვდომელია საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო, გასართობი აქტივობები, არ არსებობს სატელევიზიო არხები მათთვის გასაგებ ენაზე. მართალია, მათ ქართული ენის შემსწავლელ კურსებს სთავაზობენ, თუმცა მსგავსი კურსები არარეგულარულია და პრობლემას ვერ წყვეტს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგისას 275 პატიმარს მხოლოდ 2 ფსიქოლოგი ემსახურებოდა, მათგან მხოლოდ ერთი ფლობდა ინგლისურ ენას.

ყველა ზემოჩამოთვლილი მოცემულობის გამო უცხოენოვანი პატიმრები სრულ სოციალურ იზოლაციას განიცდიან. მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობას ბევრწილად ამძიმებს ის, რომ არ აქვთ კონტაქტი ოჯახის წევრებთან: უცხოეთში დარეკვა ძვირი ღირს, რისი საშუალებაც დაწესებულებაში მყოფებს ხშირად არ აქვთ. საჭიროების მიუხედავად უცხოელ პატიმრებს იშვიათად ეძლევათ ფსიქოლოგთან შეხვედრის შესაძლებლობა. ფსიქოლოგის ჩართულობა კი პატიმართა რეაბილიტაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გაეროს ქალ პატიმართა მოპყრობის შესახებ წესების (ე.წ. ბანგკოკის წესები) თანახმად, განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების მქონე ქალი პატიმრების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი მომსახურებით.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: