მთავარი,სიახლეები

133 თანამშრომელი და ოთხი მუზეუმი ერთად – როგორ გეგმავს მუშაობას ახალი უწყება აჭარაში

29.06.2018 •
133 თანამშრომელი და ოთხი მუზეუმი ერთად – როგორ გეგმავს მუშაობას ახალი უწყება აჭარაში

საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის მუზეუმი, რომელიც ბათუმში მდებარე ოთხ [ხარიტონ ახვლედიანის, არქეოლოგიური, ხელოვნებისა და ძმები ნობელების] მუზეუმს აერთიანებს, თითქმის ორი თვეა შეიქმნა. ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ მუზეუმებს დირექტორების ნაცვლად ახლა მმართველები ჰყავთ,  ვაკანტურია ერთი მუზეუმის მმართველის და დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. როგორ აპირებს მუშაობას ახალი უწყება? – „ბათუმელების“ შეკითხვებს თამარ ორაგველიძემ უპასუხა, „აჭარის მუზეუმის“ დირექტორმა.

  • აქამდე არსებობდა ოთხი მუზეუმი თავისი ადმინისტრაციით, ეს მუზეუმები რჩება, მაშ რატომ გახდა საჭირო აჭარის მუზეუმის შექმნა, რას გააკეთებს აჭარის მუზეუმი ისეთს, რასაც არ აკეთებდნენ ეს მუზეუმები ცალ-ცალკე?

ამ მუზეუმების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანების საჭიროება იყო ნამდვილად, ყველა მუზეუმს შეუნარჩუნდება პროფილი, მაგრამ გაერთიანებულ მუზეუმებში გატარდება ერთიანი პოლიტიკა, ეს იძლევა მუზეუმების მოქნილი და ეფექტური მართვის შესაძლებლობას. მუზეუმებში არის საკითხები, სადაც ევროპულ სტანდარტებს ვპასუხობთ, მაგრამ სადღაც მოვიკოჭლებთ. მუზეუმების გაერთიანების შემდეგ გვყავს 133 თანამშრომელი, რომლებიც ჩვენს უწყებაში მუშაობენ და ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.

  • რა არის აჭარის მუზეუმის მთავარი მიზანი?

მუზეუმები უნდა პასუხობდნენ თანამედროვე მოთხოვნებს.

საჭიროა მეტი პოპულარიზაცია იმ უნიკალური მასალის, რაც ჩვენს მუზეუმებშია დაცული. მუზეუმის წიაღში არიან ადამიანები, რომლებიც შესაძლოა სკეპტიკურად უდგებიან ამ საკითხს, მათ მუზეუმის ძველი სკოლა აქვთ გავლილი, მე არ ვამბობ რომ მოძველებული, უბრალოდ ისინი არიან იმ სკოლის წარმომადგენლები და ძალიან კარგად იცავენ იმ წესებს, რაც იყო დამკვიდრებული. ჩვენ გვჭირდება სიფრთხილე, სიზუსტე, მაგრამ 21-ე საუკუნის მუზეუმების ამოცანაა, რომ ნივთი, საგანძური, რაც გვაქვს, წარმოვაჩინოთ სათანადოდ და მაქსიმალურად მოხდეს ჩვენი საგანძურის პოპულარიზაცია. ეს აუცილებელია.

ეს მუზეუმი უნდა იქცეს საზოგადოებრივი განათლების პლატფორმად, ერთიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო ცენტრი უნდა შეიქმნას, აკადემიური რესურსი, რომელიც სწორად შეაფასებს მუზეუმში დაცულ განძს და შეძლებს მის პოპულარიზაციას.

  • ანუ გამოდის, რომ აქამდე ამ მუზეუმებს ეს არ შეეძლოთ?  

არ შეეძლოთ იმ დონეზე, რა დონეზეც ჩვენ გვინდოდა, რომ ყოფილიყო. როცა ვამბობ „ჩვენ“, ვგულისხმობ მუზეუმის სივრცეს, იმიტომ, რომ 11 წელია მუზეუმელი ვარ, არ მოვსულვარ შორიდან, ყველა ამ მუზეუმთან ვთანამშრომლობდი და მიუხედავად ამისა, ჩემთვისაც ბევრი სიახლე აღმოჩნდა მუშაობის პროცესში. მხოლოდ ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში 180 000-მდე ექსპონატი ინახება, კი, არის დუბლირება და რამდენიმე ერთი სახეობის ექსპონატი, მაგრამ ეს არის უნიკალური მასალა. ვმუშაობთ, ვფიქრობთ, როგორ წარმოვადგინოთ ეს ნივთები ეფექტურად. ძალიან ბევრ სიახლეს ვპირდებით დამთვალიერებლებს.

  • იმ მისიის შესასრულებლად, რაც აქვს აჭარის მუზეუმს, ყველაზე დიდი სირთულე რაში მდგომარეობს თქვენი აზრით?  

ყველაზე რთულია ის, რომ ბევრი თემა, ბევრი საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი და ძალიან ბევრი მუშაობა გვჭირდება, თუმცა ეს არ გვაშინებს. სირთულეს იმაში, რომ რაღაცას ვერ გავაკეთებთ, ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული გუნდი დამხვდა ყველა მუზეუმში, ადამიანები, რომლებიც 17 წლის ასაკიდან მუშაობენ მუზეუმში და ბევრი რამ იციან. რა თქმა უნდა, მათ კონსულტაციებს აუცილებლად გავითვალისწინებთ, მაგრამ გვაქვს ჩვენი ხედვებიც და ორივე, ძველი და ახალი სკოლის გამოცდილების გათვალისწინებით, შევქმნით თანამედროვე მუზეუმებს.

აუცილებლად ვაპირებთ გიდებისა და მეთვალყურეების გადამზადებას. აუდიოგიდის სერვისი ყველა მუზეუმში არ ჰქონდა და ვაპირებთ ამის გაკეთებას, იქნება სამ ენაზე: ქართულად, რუსულად და ინგლისურად შეთავაზებული.

  • მუზეუმის ერთ-ერთი ფუნქცია, გარდა სამუზეუმო ექსპონატების შენახვისა და საგანმანათლებლო საქმიანობისა, არის სამეცნიერო საქმიანობაც. ხომ არ გადაიწევს უკანა პლანზე ეს საკითხი?

ზოგი რატომღაც ფიქრობს, რომ  თუ კი ხდება საგამოფენო სივრცეების დაკავება ბევრი ღონისძიებით, ამით რაიმე ჩრდილი მიადგება კვლევით საქმიანობას. არა, ბევრი პროფილით იმიტომ ვმუშაობთ, იმიტომ ვართ 133 თანამშრომელი, რომ არ უნდა დაკნინდეს არც ერთი მიმართულება. იგეგმება საგანმანათლებლო ღონისძიებები, სამუზეუმო გაკვეთილები, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები აქვთ ჩვენს მუზეუმებს არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მშობლებისთვის. ერთმა კმაყოფილმა ვიზიტორმა ხვალ ათი უნდა მოიყვანოს და მნიშვნელოვანია ერთი და იგივე არ დახვდეთ ამ ადამიანებს მუზეუმში.

  • აღნიშნეთ, რომ 133 თანამშრომელი გყავთ, ბევრი ხომ არ არის თანამშრომელთა ეს რაოდენობა ოთხი მუზეუმისთვის? იგივე, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმს ჰყავს 75 თანამშრომელი. თუ ხედავთ კადრების შემცირების აუცილებლობას?  

ამ ეტაპზე, ამ მოცულობის სამუშაოსთან, ეს ბევრი არ არის. ახლა ჩვენ მობილიზება გვჭირდება და მოხარული ვიქნები, თუ არ დადგება ეს საკითხი. თავად თანამშრომლებზე, მათ აქტივობებზე, პროექტებზე და მომავალზეა ეს საკითხი დამოკიდებული. 21-ე საუკუნის მუზეუმში ყველაზე ძვირად ფასობს ემოცია. თუ დამთვალიერებელი იგრძნობს, რომ გამოფენები კრეატიულია, საინტერესოდ, შემოქმედებითადაა მოწოდებული, მაშინ კადრების შემცირების საკითხი არ დადგება. თუ ადამიანი არის საჭირო კადრი, ის იქნება მუზეუმში, ოღონდ ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

  • ამბობენ, რომ ზოგიერთ მუზეუმში ძირითადად მუშაობენ ერთმანეთის ნათესავები. თუ შეგინიშნავთ ეს?

მე ეს ჯერ არ შემინიშნავს. ჩემი დამოკიდებულება ასეთია – თუ ჩემი ძმა მუზეუმში იმიტომ იმუშავებს, რომ ჩემი ძმაა, მაშინ აუცილებლად უნდა დატოვოს სამსახური, მაგრამ თუ მუშაობს იმიტომ, რომ არის წარმატებული მუზეუმელი, მაშინ მეამაყება, რომ ჩემი ძმაა.

  • თქვენი ძმა მუშაობს მუზეუმში?

არა. არც ჩემი ძმა, არც ჩემი ნათესავები და არავინ არ იქნება დასაქმებული ჩემი ნათესაობით. მუშაობენ ჩემი მეგობრები, თუ ისინი მიაღწევენ წარმატებას, ეს მათი პროფესიონალიზმის გამო იქნება.

  • მოადგილეები დანიშნეთ უკვე?

ჯერჯერობით არ მყავს არც ერთი მოადგილე, მიმდინარეობს კონსულტაციები. მუზეუმს ასევე ჰყავს სამეცნიერო საბჭო. სამეცნიერო საბჭოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი, საბჭოს წევრები მუზეუმის ცენზიანი თანამშრომლები უნდა იყვნენ. ოთხი წევრი ჰყავს ამჟამად საბჭოს: ამირან კახიძე, რატი ჩიბურდანიძე, ოთარ გოგოლიშვილი და თამარ შალიკაძე. ეს არის ძირითადად სარეკომენდაციო საბჭო.

  • ნობელების მუზეუმში დანიშნეთ მმართველი?

არა, ნობელის მუზეუმის მმართველის თანამდებობა ვაკანტურია. მიდის კონსულტაციები ამ თემაზე, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს.

  • თანამედროვე, 21-ე საუკუნის მუზეუმი ახსენეთ, ამ ყველაფერს სჭირდება თანამედროვე მიდგომები, რიგ შემთხვევაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, რა ფულადი რესურსები გაქვთ ამისთვის?

ვფიქრობ, კრეატიული მიდგომებით ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს. იანვრამდე 1 224 460 ლარი გვაქვს ბიუჯეტი. ახლა მივყვებით იმ გეგმას, რაც ჰქონდათ მუზეუმებს წლის დასაწყისში და პარალელურად იქნება სიახლეებიც. წლის ბოლომდე არ იგეგმება ცვლილება არც საკადრო მიმართულებით, ვინარჩუნებთ შტატგარეშე თანამშრომლებსაც.

  • ფონდების გაციფრულებას რაც შეეხება, მუშაობთ ამ მიმართულებით?

ჯერ არ გვაქვს მაღალი ხარისხის სკანერი, მაგრამ უკვე დაწყებულია გაზეთების გაციფრულების პროცესი. გვინდა უკეთესი ხარისხის მიღება, სკანერის ხარჯებს უკვე იანვრის ბიუჯეტში ჩავდებთ და შევიძენთ, თუმცა პროცესს არ ვაჩერებთ, შემდგომში ჩავანაცვლებთ უკეთესი ხარისხით. ასევე, ძალიან ბევრი კინოფირი ინახება ჩვენს ფონდებში, რომლებიც იხილავენ დღის სინათლეს.

რამდენიმე ღონისძიებას ვამზადებთ ახლა.

ერთი ეხება ღვინის თემას. 200-მდე ეტიკეტი შევისწავლეთ ერთი თვის განმავლობაში, ესაა იმ ღვინოების ეტიკეტები, რომლებსაც აჭარაში აწარმოებდნენ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. უკვე მოვიფიქრეთ, როგორ შეიძლება ეს იყოს წარმოდგენილი, გამოფენაზე გაცოცხლებული იქნება ძველი მარნები, რაც იმ დროის ბათუმში იყო და ვფიქრობთ სასტუმროების გაცოცხლებასაც, უფრო სწორედ ამ სასტუმროებში არსებული სარესტორნო სიტუაციების გაცოცხლება გვინდა, მუსიკის ჩათვლით. ამის საშუალებას გვაძლევს ძველი პრესა, სადაც დეტალურადაა ასახული ბევრი რამ.

ვაპირებთ ძველი ბათუმის გაზეთებში დაბეჭდილი კარიკატურების გამოფენას ხელოვნების მუზეუმში. ეს ორი გამოფენა ივლის-აგვისტოში გაიმართება და პარალელურად ვმუშაობთ სხვა გამოფენებზეც. ეს საუბარია მხოლოდ აჭარის მუზეუმის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, თორემ ოთხივე მუზეუმში ასევე დაგეგმილი დაგვხვდა ძალიან საინტერესო ღონისძიებები, რომლებიც გაიმართება.

ასევე, 9-12 ივლისს დაგეგმილია საქართველოს საპატრიარქოსა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ მეექვსის სამოსი, სუდარებითა და საფლავის ქვის საფარებლებით.

  • ტურიზმთან საკმაოდ ახლო კავშირშია მუზეუმების თემა. თუ გქონდათ შეხვედრა ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან?

ჯერ არ გვქონია, მაგრამ ყველას გვესმის, მუზეუმების მნიშვნელობა ამ მიმართულებით. მუზეუმსა და ტურიზმის ინდუსტრიას შორის თანამშრომლობა აუცილებელია ორივე მხარისთვის. კულტურული ტურიზმის კუთხით უახლოეს მომავალში იგეგმება სამუშაო შეხვედრები. ჯერ მცირე დროა რაც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში გვექნება საერთო გეგმები.

  • კომერციული საქმიანობის ნებართვა აქვს სსიპ აჭარის მუზეუმს. რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?

პირველი შეხება ამ თემასთან გვქონდა ამ დღეებში, გავაქირავეთ ფართობი, ექიმ-ფსიქოლოგებს სჭირდებოდათ სივრცე შეხვედრების გასამართად და ნობელის მუზეუმში გაიმართება ეს შეხვედრა, უკვე გაფორმდა ხელშეკრულება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: