მთავარი,სიახლეები

სასჯელი ტყეში ხანძრის გაჩენისთვის – გაიგე როგორ არ უნდა მოიქცე ბუნებაში 

29.06.2018 • 5234
სასჯელი ტყეში ხანძრის გაჩენისთვის – გაიგე როგორ არ უნდა მოიქცე ბუნებაში 

ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკი. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკით, წლის მანძილზე საქართველოში საშუალოდ 40-60 ხანძარი ჩნდება. ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი ადამიანთა დაუდევრობა. არასწორ ადგილას დანთებული კოცონი ან ნახევრად ჩამქრალის დატოვება ტყეში შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყეში გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები დაიცვან.

რატომ ჩნდება ტყეში ხანძარი და რა წვლილი მიუძღვის ამაში ადამიანს? – „ბათუმელების“ კითხვებს ეროვნული სატყეო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა უპასუხა.

„სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ძალიან ბევრია დაუდევრობით წარმოშობილი ხანძრა და ვერ უშველის ვერანაირი პრევენცია თუ თითოეული ჩვენგანის ცნობიერებამდე არ დავიდა, რომ ჩვენს გაუცნობიერებელ მოქმედებას შეიძლება ასეთი კატასტროფა მოჰყვეს. ხანძრის წარმოშობის მიზეზი მხოლოდ კოცონის უყურადღებოდ დატოვება არ არის ან ისეთ ადგილას კოცონის დანთება, სადაც არ შეიძლება. ის ნარჩენი, რომელსაც  ვტოვებთ ტყეში, შემდგომ ხდება ხანძრის წყარო.

პლასტმასის ბოთლები, შუშის ნამტვრევები, სველი ხელსახოცები, რომლებიც თითოეული პიკნიკის მერე გვრჩება თუ შეგნებულად ვტოვებთ ბუნებაში, მაღალი ტემპერატურის პირობებში ადვილად აალებადი მასალა ხდება. ხანძრის რისკი უფრო მეტად ასეთ ადგილებში იზრდება,“- ამბობს ნათია იორდანიშვილი.

იორდანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ გააცნობიეროს, რომ ტყეში ხანძრის დანთებისას წინასწარ უნდა მოამზადო ადგილი. ეროვნულ პარკებში და დაცულ ტერიტორიებზე კი ცეცხლი მხოლოდ იქ უნდა დაინთოს, სადაც სპეციალურადაა მოწყობილი ადგილი.

რაც შეეხება ტყის ფონდის ტერიტორიას, ცეცხლის დანთება აკრძალულია წიწვოვან ტყეში, ხეების ქვეშ, იქ სადაც ხეები მჭიდროდ დგანან ერთმანეთთან. გარდა ამისა, ცეცხლის დანთებისას აუცილებელია შეარჩიოთ ღია ფართობი,  გაწმინდოთ ეს ტერიტორია ბალახისგან და ადვილად აალებადი მასალებისაგან და შემდეგ დაანთოთ ცეცხლი. ადგილის დატოვებისას კი კარგად უნდა დარწმუნდეთ, რომ კოცონი ჩაქრა.

„ხშირად მწყემსები და მოსახლეობა წვავს მინდორს იმ მოტივით, რომ იქ უკეთესი, უფრო ნოყიერი ბალახი წამოვა.  ასეთი შემთხვევები ხშირია მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში, განსაკუთრებით დედოფლისწყაროში, სადაც ქარსაფარი ზოლებიც კი განადგურდა 2016 წელს“, – ამბობს ნათია იორდანიშვილი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რამაც გამოიწვია ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად,  ასიდან ორას ლარამდე ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

გარდა ადმინისტრაციული ჯარიმისა, პირს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც. ტყის, ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ან მისი დაბინძურება მავნე ნივთიერებით ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან რვა წლამდე.

მთავარი ფოტო: ხანძარი ბორჯომის ტყეებში, 2017 წელი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: