მთავარი,სიახლეები

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტი აჭარაში – ხვალ ის ქობულეთის შემოვლით გზას გახსნის

24.06.2018 • 2342
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტი აჭარაში – ხვალ ის ქობულეთის შემოვლით გზას გახსნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ხვალ, 25 ივნისს ბათუმში ჩამოდის. პრემიერი ხვალ რამდენიმე ღონისძიებას დაესწრება. დილის 11:30 საათზე, ის ბათუმის ნავსადგურში მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება, დღის 2 საათისთვის კი მამუკა ბახტაძე ქობულეთის შემოვლით გზას გახსნის.

ქობულეთის შემოვლითი გზის [მეორე ლოტი] ოფიციალურ გახსნას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან, დაგეგმილია ამავე გზის მე-13 კილომეტრზე მდებარე ახალ გვირაბთან. ეს გვირაბი ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოსთან ახლოს აშენდა.

ასევე საჩინოსთან ახლოს, თბილისი-ბათუმის მიმართულებით, აღნიშნული გვირაბის შემდეგ, აშენდა საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია.

ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში გახსნილია [პირველი ლოტი]. გვარადან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი [მეორე ლოტი] კი 25 ივნისს გაიხსნება. მთლიანობაში, ეს გზა ბათუმსა და თბილისს შორის მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს.

ამ გზის სრულად გახსნის შემდგომ ავტომანქანით გადაადგილება მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე [და პირიქით] ისე იქნება შესაძლებელი, რომ მანქანა არ გაივლის ჩაქვს [უღელტეხილს], ქალაქ ქობულეთსა და ჩოლოქს [ფიჭვნარს].

ახალი გზა ორზოლიანია და დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 [თუ გზა თავისუფალია 105] კილომეტრია საათში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: