კულტურა,მთავარი,სიახლეები

აჭარაში გადაღებული ფილმი „ჯარა“ საერთაშორისო ფესტივალის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

22.06.2018
აჭარაში გადაღებული ფილმი „ჯარა“ საერთაშორისო ფესტივალის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

ქართული დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ დოვილის საერთაშორისო ფესტივალის 2018 წლის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა.

გამარჯვებულების დასახელების ცერემონიალი საფრანგეთში, ქალაქ დოვილში, 20 ივნისს გაიმართა, რომელსაც ფილმის რეჟისორი, კომპანია „ეკოფილმსის“ დირექტორი, ნიკა წიკლაური ესწრებოდა. საერთაშორისო ჟიურიმ ფინალისტები 415 ფილმიდან გამოავლინა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა „ჯარას“ ჩვენება, პროფესიონალებისა და პრესის თანდასწრებით.

ფესტივალ Deauville Green Awards-ის მისია ეკოლოგიასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე გადაღებული ინფორმაციული და დოკუმენტური ფილმების მხარდაჭერაა. ყოველწლიურად ფესტივალში მონაწილეობას იღებს ხუთასამდე ფილმი მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან. ფინალისტებს ირჩევენ თოთხმეტ კატეგორიაში, ერთ-ერთი არის „მდგრადი სოფლის მეურნეობა“, სადაც ჯილდო ენიჭება ინტეგრირებულ ფერმერულ მენეჯმენტზე, მდგრად განვითარებად სოფლის მეურნეობაზე და მესაქონლეობაზე გადაღებულ ფილმებს. სწორედ ამ კატეგორიის გამარჯვებული გახდა „ჯარა“ თავისი განსაკუთრებული ზღაპრული ისტორიით – ტრადიციულ ჯარას მეფუტკრეობაზე, ველური ბუნებისა და ადამიანების თანაცხოვრებაზე აჭარის რეგიონში.

„ჯარას“ პრემიერა საქართველოში 2017 წლის მარტში გაიმართა. ფილმი გადაღებულია მერისში, დანდალოში, ჩირუხისა და დღვანის ხეობებში, დიდაჭარასა და ხულოში.

„ჯარას“ მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამა, სხვა მხარდამჭერებთან ერთად, როგორიცაა კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF). აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ „ჯარა“ 15 000 ლარით დააფინანსა.

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/63020/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.