მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სოფელში სიტყვის თავისუფლების სახელით

19.06.2018 • 2296
სოფელში სიტყვის თავისუფლების სახელით

სოფელ ცივაძეებში გასულ კვირას ბათუმელი სიტყვის თავისუფლების ქომაგები იმყოფებოდნენ – ახალგაზრდები „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან“. მათთან შესახვედრად მისული მოქალაქეები ხშირად იმაზე წუხდნენ, რომ ჟურნალისტები მათთვის ძირითადად ხელმიუწვდომლები არიან. შეხვედრებს ესწრებიან მედია საშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ არსებულ პრობლემებზე ამზადებენ გადაცემებს, სტატიებსა და სიუჟეტებს.

როგორც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ ამბობენ, მსგავსი შეხვედრების  მიზანია აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მოსაზრებების მოსმენა და მათ ირგვლივ არსებული პრობლემების იდენტიფიცირება.

ეკა ბარამიძე, „ბათუმელების“ ჟურნალისტი: მსგავს შეხვედრებზე მოსახლეობა ძალიან ხშირად ამბობს, რომ არ შუქდება პრობლემები. ამის მიზეზად მე შემიძლია დავასახელო ის, რომ ინფორმაცია ჟურნალისტებამდე ვერ აღწევს. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ იაქტიურებთ, მედია გაცილებით აქტიური იქნება. ჩვენ გვაქვს მუდმივი მზაობა, რომ გავაშუქოთ პრობლემები, უნდა დაგვიკავშირდეთ  ტელეფონით ან სოციალურ ქსელში და შგვატყობინოთ რა გაწუხებთ, რა პრობლემები აქვს სოფელს. რა საკითხები უნდა გავაშუქოთ ჩვენ,  ჟურნალისტებმა.

მაია ვარშანიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს ჟურნალისტი: „სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ გადაცემა „ჩვენ და თვითმმართველობა“, რომლის წამყვანი გახლავართ. ამ გადაცემით ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ადამიანი  ჩაერთოს თვითმმართველობის საქმიანობაში. თქვენ უნდა აიძულოთ ყველა მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომ ბიუჯეტს თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე შექმნან. მუშაობის პროცესში ვაწყდები შემდეგ პრობლემებს: მოსახლეობაში ძალიან ხშირად არის განცდა, რომ „ეს მისი საქმე არ არის“, ამაში რატომ უნდა ჩაერთოს. ახლა დიდი სიამოვნებით მოვისმენ თქვენგან, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ რომ უფრო საინტერესო გახადეს თქვენი ცხოვრება.

რამაზ ქარცივაძე სოფელ ცივაძეების მკვიდრი: „ახალგაზრდები სოფელში არ ჩერდებიან, რადგან დასაქმებულები არ არიან. სოფელში გვაქვს ერთი სკოლა,  მუშაობს  მხოლოდ გამგეობა [მუნიციპალიტეტის მერია], სადაც 90 კაცია დასაქმებული რეგიონის მასშტაბით. ყველა ექიმი ვერ იქნება, საავადმყოფოში რომ დასაქმდეს. მოსახლეობა ამიტომ მიდის ჩვენი რეგიონიდან.

დისკუსია სოფელ ცივაძეებში

სტატისტიკურ მონაცემებს თუ ავიღებთ, 1700 კომლი იყო ადრე  ჭვანის ხეობაში. ახლა 1100 კომლიც არ არის დარჩენილი. სოფელში პრობლემა არის ის, რომ არ გვაქვს ე.წ. სოფლის სახლი, თავშეყრის ადგილი. ახალგაზრდებისთვის გასართობი არაფერი არსებობს, სპორტული მოედანიც კი. სოფელს უჭირს სასმელი წყალი. 5-6 კმ-ის დაშორებიდან შეიძლება წყალი მოვიყვანოთ და ამით  მომარაგდეს სოფელი. ჯამში 60 კომლი ისარგებლებს და სასმელი წყალი უფრო  სუფთა იქნება.

სკოლაში მხოლოდ 22 მოსწავლეა. კარგი იქნება სკოლის ერთ ოთახში ბიბლიოთეკის მსგავსი რომ გაიხსნას. მოვა ახალგაზრდა და წაიკითხავს წიგნს. ახლა ახალგაზრდობისგან დაცლილია სოფელი“.

მაია  ვარშანიძე: მთის კანონით არის გარკვეული შეღავათები, ეს არ აისახა მიგრაციის პროცესზე, ადამიანებს აქ დარჩენის სურვილი არ გაუჩნდათ?

რამაზ  ქარცივაძე: ერთ საკითხზე შევთანხმდეთ, მასწავლებლები, პედაგოგები არიან პენსიონერები. პედაგოგს შეუძლია ხელფასიც აიღოს და პენსიაც. ის პენსიონერი თუ იქ იქნება კიდევ, ახალგაზრდა, რომელმაც სპეციალობა მიიღო, სად უნდა დასაქმდეს? თხოულობენ, რომ სტაჟი უნდა ჰქონდეს 2 წელი, ისე ვერსად დასაქმდება. თუ სტაჟი არ მიეცი, როგორ დასაქმდება? ამიტომ მიდიან ახალგაზრდები ქალაქში.

ნიკოლოზ ცივაძე: სოფლის მეურნეობას ვეწევით ძირითადად. მოგვყავს ყურძენი, თამბაქო. ერთი პერიოდი გვეგონა რაღაც იქნებოდა, მაგრამ მაგალითად თამბაქო ვერ გავყიდეთ. გადამყიდველი ყიდის 50 ლარში, ჩემიდან 10 ლარში უნდა წაიღოს. ისედაც უჭირს მოსავალს მოსვლა, ფუჭდება. კიტრი-პომიდორი ჩვენთან რომ მოგვყავდა შეწამვლა ვინ იცოდა, საერთოდ აპარატი თუ არსებობდა  წარმოდგენა არ გვქონდა. დღეს უკვე ამის გარეშე არ არსებობს. მიდიხარ ვეტაფთიაქებში რომ წამლები იყიდო,  შეწამლო, ხომ უნდა გითხრან რომელი პრეპარატი გჭირდება. ამის კვალიფიციური კადრი არ გვყავს ხეობაში რომ გვირჩიოს.

მაია  ვარშანიძე: ანუ ძირითადი საქმიანობა არის სოფლის მეურნეობა და თქვენ გაქვთ ამ მიმართულებით პრეტენზიები, რომ არ იცნობთ ბაზრის მოთხოვნებს, არ იცით კულტურის მოყვანა, ასევე გაქვთ პრეტენზია, რომ აგროსფეროში იყოს ვინმე კონსულტანტი, პრობლემა გაქვთ ის, რომ რეალიზაციის დროს თქვენ მინიმალურ ფასებში გიწევთ საქონლის გასაღება და შრომა კარგავს ფასს. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ამ პროცესებში არავინ გეხმარებათ?

ნიკოლოზ  ცივაძე: მუნიციპალიტეტში  კი არის, მაგრამ სოფელში არავინა, ვინც დაგვეხმარება – ხარისხიანი პროდუქცია რომ მოვიყვანოთ და რეალიზაციაც მოვახდინოთ.

რამაზ  ქარცივაძე: შუახევის მუნიციპალიტეტში  შენდება სერვისცენტრები, რომელშიც მიიღებენ ადგილობრივ საქონელს, მაგრამ ხარისხიანს. დაპაკეტდება, კარგ ფასს გადაიხდიან და წავა სარეალიზაციოდ. სანამ ეს გაკეთდება, მანამ ჩვენ ასე ვიქნებით.

დისკუსია შუახევის  მუნიციპალიტეტის სოფელ ცივაძეებში გაიმართა პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად“. ეს იყო მე-10 შეხვედრა დისკუსიათა  ციკლიდან – „მედია და საზოგადოება“.

____________________________________

დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაცია NED-ის დაფინანსებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: