მთავარი,სიახლეები

კომპანია „სვეტი ჯგუფი“, რომელიც ბათუმში ოლიმპიურ ქალაქს აშენებდა, სხვისდება

19.06.2018 • 5782
კომპანია „სვეტი ჯგუფი“, რომელიც ბათუმში ოლიმპიურ ქალაქს აშენებდა, სხვისდება

კომპანია „სვეტი ჯგუფის“ მესაკუთრე შესაძლოა შეიცვალოს. „სვეტი ჯგუფი“ ბათუმში „ოლიმპიურ ქალაქს“ აშენებდა, თუმცა მშენებლობა კარგა ხანია შეჩერებულია. კომპანიის 100% წილის შესყიდვით დაინტერესებულია გივი წულეისკირი, რომელიც შპს „სფერო ჰოლდინგის“ მფლობელია.

„სფერო ჰოლდინგში“ აცხადებენ, რომ მათი ერთ-ერთი ინტერესი ისეთი სამშენებლო კომპანიების შეძენაა, რომლებმაც წამოწყებული მშენებლობა ბოლომდე ვერ მიიყვანეს: „ასეთია, მაგალითად, „სვეტი“ და არამხოლოდ ეს. ამჟამად სხვადასხვა დეველოპერულ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლებმაც არ დაასრულეს მშენებლობა. ჩვენი ინტერესი და სურვილია, დავასრულოთ ესა თუ ის მშენებლობა“.

„სვეტი ჯგუფის“ მესაკუთრე არის კომპანია „სვეტი“. ხელშეკრულება წილის დათმობაზე სწორედ „სვეტსა“ და გივი წულეისკირს შორის გაფორმდა დაახლოებით ერთი თვის წინ. ამ ხელშეკრულებით, „სვეტი“ „სვეტი ჯგუფის“ 100% წილს თმობს უსასყიდლოდ და კომპანიის ვალდებულებების შესრულების პირობით. სამომავლო ხელშეკრულება კი დაიდება მას შემდეგ, რაც წილის შემძენი შეამოწმებს „სვეტი ჯგუფის“ ფინანსურ და სამართლებრივ მდგომარეობას და შეისწავლის რისკებს.

სამომავლო ხელშეკრულების დადების მომენტისთვის „სვეტი ჯგუფის“ საკუთრებაში უნდა იყოს პროექტები [უძრავი ქონება] მდებარე თბილისსა [ჭყონდიდელის ქუჩაზე – სვეტის ქალაქი 1] და ბათუმში [თამარის დასახლებაში – სვეტი ბათუმი].

ამ ხელშეკრულებით გივი წულეისკირს უფლება აქვს, არ გააფორმოს სამომავლო ხელშეკრულება, თუ აღმოჩნდება, რომ „სვეტი ჯგუფს“ არ გააჩნია სამშენებლო პროექტები, ექნება დავალიანება, რომელიც აღემატება 100 ათას ლარს, თუ კომპანია ჩაბმული იქნება ისეთ სამართლებრივ დავაში, რომლიდანაც მოსალოდნელია 500 ათასი ლარის დაკისრება [ეს არ ვრცელდება ისეთ დავაზე, სადაც სამშენებლო პროექტში უძრავი ქონების შემძენი ითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტას და მის მიერ გადახდილი ნასყიდობის ფასის დაბრუნებას].

გივი წულეისკირი ასევე იტოვებს უფლებას, რომ არ გააფორმოს ხელშეკრულება წილის შეძენაზე, თუ „სვეტი ჯგუფის“ უძრავ ქონებაზე დადებული იქნება ყადაღა ან/და აკრძალვა, რომელიც შეუძლებელს გახდის პროექტის განხორციელებას.

გივი წულეისკირმა „სვეტი ჯგუფის“ წილისა და პარტნიორის ცვლილების მოთხოვნით რეესტრს 2018 წლის 8 ივნისს მიმართა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, ვინაიდან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული: „არ დგინდება გარიგების შინაარსი, კერძოდ, არ არის განსაზღვრული წილის მიმღებს, გივი წულეისკირს, აღნიშნული წილი სამომავლოდ გადაეცემა თუ არა საკუთრების უფლებით“. ამიტომ, გივი წულეისკირმა დამატებით უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება „სვეტი ჯგუფის“ 100% წილი მას სამომავლოდ გადაეცემა თუ არა საკუთრების უფლებით.

გივი წულეისკირს რეესტრში დოკუმენტების ხელახლა წარდგენის ვადა 2018 წლის 10 ივლისამდე აქვს.

გივი წულეისკირს წილების შეძენაზე ანალოგიური ხელშეკრულება აქვს გაფორმებული კომპანია „სვეტთან“ [უძრავი ქონება თბილისში, წერეთლის გამზირზე], ასევე „სვეტი დეველოპმენტთან“ [უძრავი ქონება თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე – სვეტის ქალაქი 2]

თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროსთან „ოლიმპიური ქალაქის“ მშენებლობა „სვეტი ჯგუფმა“ 2016 წელს დააანონსა. კომპანია აქ ბინებს მშენებლობის დაწყებამდე ყიდდა. მოგვიანებით „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, სადაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო, „სვეტი ჯგუფს“ აღარ ეკუთვნოდა.

„სვეტი ჯგუფი“ აცხადებდა, რომ სპეციალური შეთავაზება ჰქონდა ემიგრანტებისთვის – 10-წლიანი შიდა უპროცენტო განვადების გამოცხადება… რითაც, როგორც  კომპანიის საიტზე იყო აღნიშნული, შექმნა „ხელსაყრელი გარემო ქართველი ემიგრანტებისათვის, უძრავი ქონებების შეძენისა და საკუთარ სახლებში მათი დაბრუნების დაჩქარებისთვის“.

დამტკიცებული პროექტის მიხედვით, „სვეტი ჯგუფს“ თამარის დასახლებაში ელიტარული ტიპის  ხუთი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ჰქონდა დაგეგმილი. მათგან მხოლოდ ერთ-ერთი – 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაწყებული. ამ კორპუსში საცხოვრებლის შეძენის მიზნით მოქალაქეები, მათ შორის ემიგრანტები, კომპანიას თანხას ურიცხავდნენ. ბინები მომავალ მესაკუთრეებს 2018 წლის თებერვალში უნდა გადაცემოდათ. თუმცა ამ დროისთვის აქ მხოლოდ 7 სართულია აშენებული – მშენებლობა შეჩერებულია.

მთავარი ფოტო: „სვეტის ოლიმპიური ქალაქი“ ბათუმში, რომელიც აღარ აშენდება/ესკიზი

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/121388/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: