მთავარი,სიახლეები

რა ქონებას მიიღებთ განქორწინების დროს – იურისტის განმარტება

05.06.2018 • 10140
რა ქონებას მიიღებთ განქორწინების დროს – იურისტის განმარტება

რა ქონებას მიიღებს ქალი, თუკი მამაკაცმა თანაცხოვრების პერიოდში, მაგრამ მემკვიდრეობით მიიღო ქონება? ითვალისწინებს თუ არა სამართალი ფაქტობრივ თანაცხოვრებას და რა შემთხვევაში აქვს სასამართლოში დავის დაწყებას აზრი? – ამ კითხვებით ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვმართა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, განქორწინებას აპირებს. წყვილს საერთო შვილი ჰყავს.

განქორწინების პრაქტიკაზე „ბათუმელები“ ანნა მდინარაძეს ესაუბრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს.

კონკრეტულ შემთხვევაზე რომ გვითხრათ, რამდენად აქვს ქალს განქორწინების შემდეგ სასამართლოში დავის მოგების შანსი, თუკი თანაცხოვრების პერიოდში მისმა მეუღლემ მემკვიდრეობით მიიღო საცხოვრებელი ბინა? 

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არსებობს ასეთი დათქმა, რომ მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება არ ექვემდებარება გაყოფას. ქონება, რომელიც მიიღო მეუღლემ მემკვიდრეობით, არ ექვემდებარება გაყოფას. შესაბამისად, დავის პერსპექტიულობის გათვალისწინებით, სამართლებრივი დავა არ იქნება ამ ქალბატონისთვის შედეგის მომტანი.

ქონების რა ნაწილი ექვემდებარება გაყოფას განქორწინების დროს?  

თანაბრად იყოფა ქონება, რომელიც მეუღლეებმა შეიძინეს თანაცხოვრების დროს. გამონაკლისს წარმოადგენს ის ქონება, რომელიც  დაქორწინებამდე ეკუთვნოდა ამა თუ იმ მეუღლეს და ქონება, რომელიც მიღებულია მემკვიდრეობის ან ჩუქების გზით. ასევე ქონების გაყოფის წესი არ ვრცელდება პროფესიული საჭიროებისთვის შეძენილ ნივთებზე მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ეს ქონება თანაცხოვრების დროს იყოს შეძენილი. კანონი ითვალისწინებს ფულად კომპენსაციას, თუ ეს პროფესიული საჭიროებისთვის შეძენილი ნივთი ერთ-ერთი მეუღლის ქონების წილს აღემატება. მაგალითად, ქმარმა შეიძინა სტომატოლოგიური კაბინეტი. მან სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს ყოფილ ცოლს.

როგორ დასტურდება რომელი ქონება როდის არის შეძენილი? 

ეს არის ძალიან რთულად დასადასტურებელი. მხარეებმა სასამართლოს უნდა წარუდგინონ მტკიცებულებები, რომ ესა თუ ის ქონება ნამდვილად თანაცხოვრების დროსაა შეძენილი, მაგალითად, ქვითრები… შესაძლებელია ექსპერტიზაც ჩატარდეს. თუ მხარე მტკიცებულებებით ვერ შეძლებს იმის დადასტურებას, რომ ქონება თანაცხოვრების დროს, საერთო სახსრებით არის შეძენილი, სასამართლო უარს იტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

რას მიიჩნევს სასამართლო „საერთო სახსრებად“? 

პირდაპირ დათქმა არის კანონში, რომ საერთო სახსრები არის ფული, რომლითაც თანაცხოვრების დროს შეიძინეს ქონება მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ერთ-ერთი მეუღლე საერთოდ არ მუშაობდა და მას სტაბილური შემოსავალი ამ პერიოდში არ ჰქონია. ხშირია შემთხვევები, როცა მამაკაცი თანაცხოვრების პერიოდში თავის საკუთრებად ირეგისტრირებს უძრავ ან მოძრავ ქონებას, მაგალითად, საცხოვრებელ ბინას, ავტომანქანას. განქორწინების დროს ცოლს შეუძლია მოითხოვოს ამ ქონების თანაბრად გაყოფა იმის მიუხედავად, რომ რეესტრის ჩანაწერებით მესაკუთრე მისი ყოფილი ქმარია და თვითონ უმუშევარი იყო იმ დროს, როცა ეს ქონება შეიძინეს.

რა მიიჩნევა თანაცხოვრებად? აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება იმისთვის, რომ ქონების მოთხოვნის უფლება კანონიერი იყოს? 

აუცილებელია. სამოქალაქო კანონმდებლობა მეუღლეებს შორის ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით ქორწინების შემთხვევაში. ჯვრისწერაც კი არ წარმოშობს ქონებრივ უფლებებს.

კიდევ ერთი აქტუალური საკითხი განქორწინების დროს – ალიმენტი. რის მიხედვით განისაზღვრება ალიმენტის ოდენობა? 

თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად აფასებს მოსამართლე. სასამართლო ითვალისწინებს ორ სტანდარტს. პირველი არის ბავშვის საჭიროება და მეორეა მშობლის მატერიალური შემოსავლები. რამდენი პროცენტი უნდა დაიქვითოს ხელფასიდან, რა ოდენობა, კანონში ეს განსაზღვრული არ არის. მოსამართლემ უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა.

რაქტიკაში ხშირია სასამართლო დავა ალიმენტის გადახდაზე, როცა ყოფილი მეუღლე ალიმენტის გადახდას მიზანმიმართულად თავს არიდებს. 

ამის აღსრულება ძალიან რთულია, რადგან თუკი პირს, ვისაც ალიმენტის გადახდა დააკისრეს, არ უფიქსირდება შემოსავლები, თუ მას არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, პრაქტიკულად რეალურ შედეგს მხარე ვერ იღებს ამ სასამართლო დავიდან. ერთადერთი, რაც შესაძლებელია მოხდეს, არის მოვალეთა რეესტრში დაფიქსირება და პირს, ვისაც ალიმენტის გადახდა ევალება, როცა გაუჩნდება შემოსავლები, დააკისრებენ მის გადახდას, ასევე იმ ჯარიმის გადახდას, რასაც მას აღმასრულებელი დაარიცხავს.

სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს შემთხვევას, როცა პირი განზრახ არიდებს თავს ალიმენტის გადახდას, მაგრამ ამის დადასტურება პრაქტიკაში სირთულეს წარმოადგენს. მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ პირი განზრახ არიდებს თავს ალიმენტის გადახდას. ჩვენ მიგვიმართავს პროკურატურისთვის, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. პროკურატურა ძირითადად გამოძიებას იწყებს, მაგრამ შემდეგ იგი წყდება.

განქორწინების დროს როგორ განსაზღვრავს სასამართლო, ვისთან უნდა დარჩეს ბავშვი – დედასთან თუ მამასთან? 

თუ მეუღლეები ვერ თანხმდებიან, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ხშირად მამები მოგვმართავენ, რომ მათ მატერიალური მდგომარეობა უკეთესი აქვთ და უკეთეს პირობას შეუქმნიან ბავშვს. აქ მნიშვნელოვანია სოციალური სააგენტოს დასკვნა, ამ დროს საქმეში ერთვება ექსპერტი, რომელიც მხოლოდ მშობლის მატერიალურ მდგომარეობას არ აფასებს. გააჩნია, მიჯაჭვულობის ხარისხი ვისზე აქვს ბავშვს, ამის დადგენა ხდება. თუ ბავშვი 10 წელზე მეტისაა, სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს ბავშვის აზრი, ვისთან უნდა ბავშვს ცხოვრება.

დავის საგანია ასევე ხშირად დღეების განსაზღვრა, როდის შეუძლია ნახოს მშობელმა ბავშვი. ბავშვს აქვს უფლება, ორივე მშობელთან ჰქონდეს ურთიერთობა და ამ კუთხითაც მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას. ბავშვის ნახვის უფლება ასევე აქვს ბებიას და ბაბუას. გვქონია ასეთი შემთხვევაც, როცა ბებიამ და ბაბუამ იდავეს შვილიშვილის ნახვის დღეების განსაზღვრაზე.

ხშირია ასევე დავა ბავშვისთვის გვარის შეცვლაზე, როცა დედას სურს შვილს მისი გვარი ჰქონდეს. ამ დროს მნიშვნელოვანია დასაბუთება, რის გამო სურს მშობელს შვილისთვის გვარის შეცვლა და რატომ იქნება ეს ბავშვისთვის უკეთესი. მხოლოდ ის, რომ მშობლები ერთმანეთს გაუნაწყენდნენ, ეს არაა საკმარისი საფუძველი ბავშვისთვის გვარის შესაცვლელად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: