მთავარი,სიახლეები

მთავრობამ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა

25.05.2018
მთავრობამ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა

დღეს, 25 მაისს, საქართველოს მთავრობამ ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა.

კანონპროექტის შექმნის მიზანია ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა.

აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. კერძოდ:

  • შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, პირობების დარღვევის პირველ შემთხვევაზე ადმინისტრაციული, ხოლო მეორეზე – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული;
  • ოჯახური დანაშაულის ჯგუფში გაერთიანებული ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება. წარსულში ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ აღნიშნული დანაშაულის განმეორებით ჩადენა შეფასდება, როგორც არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაული და მოძალადე პირველ შემთხვევაზე გაცილებით მკაცრად დაისჯება;
  • გენდერული ნიშნით მკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება გათვალისწინებულია, როგორც დამამძიმებელი გარემოება და ამგვარი დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება;
  • ასევე, მკაცრდება სანქცია ოჯახში ძალადობისთვის (126-ე მუხლი). ნაცვლად დღეს არსებული სასჯელისა – 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით;
  • დამამძიმებელი გარემოება ხდება ოჯახის წევრის მკვლელობა.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: