მთავარი,სიახლეები

ქუჩაში წართმეული 19 ათასი ლარი – ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

18.05.2018 • 1630
ქუჩაში წართმეული 19 ათასი ლარი – ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

ძარცვაში ბრალდებული მერაბ კ. თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძისგან გამამართლებელ განაჩენს ელის.

შემთხვევა ბათუმში, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან ახლოს, დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა. დაზარალებული ქალის ჩვენებით, ღამით მას და მის შვილს ახალგაზრდა ბიჭი თავს დაესხა და ხელიდან პარკი ძალით წაართვა. ქალის თქმით, მას პარკში საფულე ჰქონდა, რომელშიც ზუსტად 19 ათასი ლარი ედო. დაზარალებული ქალი ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში მუშაობდა.

რამდენიმე დღეში პოლიციელებმა მერაბ კ. დააკავეს. დაზარალებულმა ქალმა და მისმა შვილმა სასამართლო პროცესზე  ბრალდებულში თავდამსხმელი ამოიცნეს.

დაზარალებულის ჩვენების გარდა პროკურატურამ სასამართლოში კიდევ ერთი მტკიცებულება მოიტანა – სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ბრალდებული ჩანს. ადვოკატის, მზია დიასამიძის თქმით, ამ ჩანაწერით არაფერი დასტურდება, რადგან ჩანაწერში არ ჩანს ძარცვის ფაქტი, ხოლო ლერმონტოვის ქუჩაზე იმ ღამით ბრალდებულის გარდა სხვებმაც ჩაიარეს.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს ჩხრეკაზე, რომელიც ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა. ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა დაზარალებული ქალის პლასტიკური ბარათი ამოიღეს. ბარათს ექსპერტიზა პროკურატურამ არ ჩაუტარა.

“ექსპერტიზა ჩავატარეთ ჩვენ. ბარათზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდი არ ამოვიდა. ის ჩაუდეს,” – ამბობს ადვოკატი.

პლასტიკურ ბარათზე თანხა არ ყოფილა.

სასამართლომ უკვე მოისმინა იმ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებმაც ბრალდებული გაჩხრიკეს და დააკავეს. მორიგ სხდომაზე სასამართლო ექსპერტის ჩვენებას მოისმენს.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, “რადგან შეუძლებელია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას დაეყრდნოს სასამართლო,” – ამბობს ის.

რამდენად საკმარისია მხოლოდ დაზარალებულის და მისი შვილის ჩვენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად? – ჰკითხა “ბათუმელებმა” პროკურორ ლევან მურვანიძეს. მან გვითხრა, რომ კომენტარს განაჩენის გამოტანის შემდეგ გააკეთებს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მერაბ კ.- ს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: