მთავარი,სიახლეები

ომი თავისუფლებისთვის

13.05.2018 • 3187
ომი თავისუფლებისთვის

თორნიკე აბესაძე 

თავისუფლება უცებ, ერთ დღეში არ ქრება, მას ნელ-ნელა, წლების განმავლობაში, აჭრიან ნაწილებს, მანამ სანამ ერთ დღეს არ მიიხედ-მოიხედავ და დაფიქრდები წარსულზე, გაიხსენებ, თუ როგორი თავისუფალი იყავი და ეს თავისუფლების მოგონება ისეთ შორეულ რეალობად მოგეჩვენება, შენთვის დასვამ კითხვას: “ნუთუ ასე შეიძლებოდა?”

ზუსტად ასეთი კითხვა დასვა რუსმა ტურისტმა “შავ პარასკევს” განვითარებული მოვლენების შემდეგ. აი ფრაზა: “Stepan Polivanov: У меня с русской выученной беспомощностью главная эмоция: “А что так можно было?”. გაოცებული იყო წინააღმდეგობის შემყურე. მოსკოვის კლუბების რეიდები ჩვეული მოვლენაა და მხოლოდ სოციალურ ქსელებში თუ გააპროტესტებს ერთი-ორი. ზუსტად ამიტომ მეამაყება ყოველი ადამიანი რომელიც ახლა დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე ცეკვავს თავისუფლებისთვის, მათ შორის ჩემი მეგობრები.

ზუსტად ამიტომ, შიშს იწვევს ჩემში ადამიანების კომენტარები, რომლებიც ამართლებენ ხელისუფლების საქციელს, კლუბში სპეცნაზის შესვლას, მაშინ, როცა სახალხო დამცველის განცხადებით, ნარკორეალიზატორები უკვე დაკავებულნი იყვნენ. არ მინდა ერთ დღეს ჩემი თავისუფლებისთვის ბრძოლა ისე წარმოუდგენლად მეჩვენებოდეს, როგორც რუს სტეფანს.

ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებიც რუსთაველზე დგანან, თანხმდებიან, რომ ნარკორეალიზატორები უნდა დაისაჯონ, უმრავლესობა ამ ახალგაზრდებისა ერთადერთი ჯგუფია, რომელიც აპროტესტებს ოკუპაციას, შრომით პირობებს, უმცირესობების ჩაგვრას, სხვადასხვა სოციალურ ან ეკონომიკურ მდგომარეობას.

“ბასიანი” ერთ-ერთი სივრცეა, რომელიც აძლევს პლატფორმას სხვასხვა მარგინალიზებულ ჯგუფს და ეს რეიდი ზუსტად ამ თავისუფალ სივრცეზე იყო თავდასხმა.

უმცირესობების დაცვა ზუსტად იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რაღაც ნიშნით ყოველი ჩვენთაგანი უმცირესობის წარმომადგენელია. იქნება ეს რელიგიური ნიშნით, პოლიტიკური შეხედულებებით, სექსუალური ორიენტაციით და ა.შ. ადამიანი სრულიად თავისუფალი ვერ იქნება, მაგრამ თავისუფლების და ბედნიერების იოტისოდენა გემო რომ შევიგრძნოთ, როგორც მინიმუმ ჩვენს ირგვლივ სოციუმიც თავისუფალი და ბედნიერი უნდა იყოს და ეს სოციუმი უმცირესობებისგან შედგება.

ლიბერალებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს, ძალიან მოვიმწყვდიეთ საკუთარი თავი სოციალურ ვაკუუმში, დავდივართ ერთი და იგივე ადგილებში, კლუბებსა თუ კაფეებში, ვხვდებით და ვხედავთ ჩვენივე აზრის მქონე ადამიანებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უმრავლესობაში ვართ.

სოციალურ ქსელებშიც ვშლით ან ვბლოკავთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ აზრს არ იზიარებენ და შემდეგ გვიკვირს, თუ რამდენი ადამიანია რომელიც “აპრავებდა” ხელისუფლებას და გაფართოებული თვალებით, ბედნიერი უყურებდა, თუ როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. (ასეთი ადამიანებისთვის ერთი კომენტარი მაქვს: თუ შენ სხვა ადამიანზე ძალადობა, ნებისმიერი სახით, ცოტაოდენ ბედნიერებას მაინც განიჭებს, ესე იგი შენში რაღაც “ვერ არის”).

ყოველი სტატუსის შემდეგ: “თუ ეს მოგწონს და ეთანხმები, წაიშალე თავი ჩემი მეგობრებიდან” ჩვენ უფრო და უფრო ვცილდებით რეალობას და ილუზიურ უმრავლესობაში ვრჩებით. ეს პრობლემაა და ამ პრობლემის მოგვარებას ძალისხმევა უნდა. მეც, უმეტესწილად ვარიდებ თავს “facebook კომენტარების ომს”, თუმცა ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ეს არასწორი პოზიციაა.

თქვენ, ვინც ბრაზობთ ცეკვით გამოხატულ პროტესტზე, მისაღებად გეჩვენებათ პარასკევის მოვლენები, არ მოგწონთ ადამიანების ცეკვის მანერა, ბრაზობთ სოციალურ ქსელში თქვენს მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას აქციის მონაწილეების ან მათი მხარდამჭერების მხრიდან, რადგან გიკვირთ – რა უნდათ? რას დაეძებენ? ნუთუ სხვა ხერხი ვერ მოძებნეს?, თქვენ, რომლებსაც ახალგაზრდა ბიჭზე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ძალადობა სასაცილოდ მიგაჩნიათ, რადგან ის ფემინური მანერების იყო, ფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, მინდა გითხრათ, რომ თუ ეს ბიჭები და გოგონები წააგებენ, შემდეგ თქვენი ჯერიც დადგება, თქვენც გაგაოცებთ და გაგაბრაზებთ რაღაც ქმედება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ თქვენთვის “მოცეკვავე” აღარავინ იქნება. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თქვენთვის ამ დღეებში გამართული აქციები, გახსოვდეთ, მათ ამის უფლება აქვთ, მათ გაბრაზების ლეგიტიმაცია აქვთ.

რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თქვენთვის “კლუბების ელიტა” გაიაზრეთ, რომ ისინი დღეს სახელმწიფოს მიერ ჩადენილ ძალადობის წინააღმდეგ დგანან და ეს თქვენთვისაც არის მნიშვნელოვანი.

ახლა თავისუფლებაზე შტურმის მეორე ეტაპი დაიწყება, ეტაპი, როდესაც ერთად შეკრებილ “მოცეკვავე” ძალის ნებისმიერი მეთოდით დაშლას შეეცდებიან. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ამ ძალაში უმცირესობების წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი კამპანიის აგორება. უკვე შემხვდა ნიუსფიდში, მაგალითად, მთვრალი ტრანსგენდერი ქალის აგრესიულობა პოლიციის მიმართ, აქციის მონაწილის მიერ დიდგორის და ბასიანის ერთმანეთში არევა, ფემინური ბიჭის გინება, ბასიანის ერთ-ერთი დახურული, კოსტუმირებული ივენთის ფოტოების გაზიარება, ამბავი თითქოს გეი აღლუმის ჩატარებას აპირებენ აქციის ორგანიზატორები. ამიტომაც “თავისუფლებისთვის მოცეკვავეთა” მთავარი გასააზრებელი იქნება ის, რომ თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში ნებისმიერი მოკავშირე დაგჭირდებათ, თუნდაც ეს მოკავშირეები თქვენთვის რაღაც ნიშნით მიუღებელი იყოს.

ბევრ “ნიუსს” თუ ვიდეოს ნახავთ ამ დღეებში, ბევრი დაგიპირისპირდებათ და “ბარიგობას” დაგდებენ ბრალად, თქვენთვის მიუღებელ ბევრ პოსტს დაწერს ხალხი და სახელმწიფო ინფორმაციულ ომს გამოგიცხადებთ, გააზიარებენ “ფაქტებს”,  მათ შორის ზოგი სიმართლე იქნება, ზოგი კიდე ფარსი, მაგრამ ვიმედოვნებ ამ უნიჭო კამპანიას არ წამოეგებით.  გახსოვდეთ თავისუფლების გემო, 12 მაისის საღამოს გასინჯული, ნებისმიერ ნარკოტიკზე ძლიერი და წარმატებები ჩვენი საერთო, ბედნიერი მომავლისთვის ომში!

_______

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს batumelebi.ge-ს პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: