მთავარი,სიახლეები

ხულოში იალაღებისა და ალპური ბაღის განათებაზე მუშაობენ, თუმცა საჭირო თანხა მერიას ჯერ არ აქვს

03.05.2018 •
ხულოში იალაღებისა და ალპური ბაღის განათებაზე მუშაობენ, თუმცა საჭირო თანხა მერიას ჯერ არ აქვს

ხულოს მერია სამ საზაფხულო იალაღზე: შქერნალზე, ლოდიძირისა და საკამბეჩოზე არსებულ 10-კილოვატიან ელექტროგადამცემ ხაზს შეაკეთებს. ქსელის სარეაბილიტაციოდ საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ ტენდერი პირველ მაისს 6 355 ლარზე გამოაცხადა. წინასწარი გათვლებით, ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციას 200-250 ათასამდე ლარი დასჭირდება. ადგილობრივ ბიუჯეტში ეს თანხა არ არის, ამიტომ დაფინანსებისთვის მერიამ მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების სააგენტოებს მიმართა.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზაზა აბულაძე განმარტავს, რომ პროექტის ფარგლებში გარდა იალაღებისა, ბეშუმის მიმდებარედ, შქერნალზე არსებული ალპური ბოტანიკური ბაღის განათებაც დაპროექტდება და აქვე იმასაც დასძენს, რომ ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია მერიამ მოიალაღეების მოთხოვნის საფუძველზე დაგეგმა.

„ეს არის მთებზე არსებული ძველი, 10-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და ენერგოკომპანია ოპერირებას არ ახდენს…  პირველ ეტაპზე საპროექტო დოკუმენტი მომზადდება, რის შემდეგაც დაიგეგმება კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები.

არსებული ქსელის რეაბილიტაცია 350-მდე მოიალაღის პრობლემას მოაგვარებს, გარდა მოიალაღეებისა, პროექტის ფარგლებში გოდერძის უღელტეხილისა და ალპური ბოტანიკური ბაღის განათების საკითხიც მოგვარდება, რაც ტურისტული კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

ფონდებიდან გვიპასუხეს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში დაგვაფინანსებენ, თუმცა ჩვენ წინმსწრებად  პროექტირებაზე გამოვაცხადეთ ტენდერი და როდესაც რეაბილიტაციისთვის თანხას მივიღებთ, პროექტი უკვე მზად გვექნება,“ – ამბობს ზაზა აბულაძე.

_____________________

მთავარი ფოტო: ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: