მთავარი,სიახლეები

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა პროსტიტუციის გარეშე

03.04.2018
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა პროსტიტუციის გარეშე

გიორგი გ. ერთ-ერთია, ვისაც პროკურატურა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ედავება. გიორგი გამონაკლისია იმ კუთხით, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.

პროსტიტუცია ქართული კანონმდებლობით მხოლოდ ადმინისტრაციული წესით – ჯარიმით ისჯება, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა კი, სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. სამართალდამცველებმა სწორედ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს გიორგი გ. ის ანგისას დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მესაკუთრის შვილია.

„სამართლებრივი თანმიმდევრობა ასეთია: ჯერ უნდა დადასტურდეს პროსტიტუცია, რომ შემდეგ ვინმეს მიედავო პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაზე,“ – მიიჩნევს ადვოკატი, ედიშერ მახარაძე. ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პროსტიტუციისთვის არათუ გიორგი გ.-ს სასტუმროში, არამედ ბათუმის რომელიმე სხვა სასტუმროში, სადავო პერიოდში არავინ დაუჯარიმებიათ.

„მე ოფიციალურად გამოვითხოვე ინფორმაცია სასამართლოსგან რამდენიმე თვეზე, რომელზეც ედავებიან გიორგის, რომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ჰქონდა ადგილი მის სასტუმროში. ამ პერიოდში ადმინისტრაციული სახდელი არც ერთ ადამიანს არ დადებია პროსტიტუციისთვის, ანუ არავინ დაჯარიმებულა. ეს უკანონო ბრალია. არ ვიცი, ეს ვის ინტერესებში შედის – პროკურატურის თუ პოლიციის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აჩვენებს კომპეტენციის პრობლემას,“ – გვითხრა ადვოკატმა ედიშერ მახარაძემ.

ადვოკატი სასამართლო პრაქტიკაზეც აკეთებს აქცენტს. იგი აცხადებს, რომ მისი დაკვირვებით, ძირითადად, ამ მუხლით დაწყებული საქმეები სასამართლოში ბრალის აღიარებით და საპროცესო შეთანხმებებით სრულდება.

„ასე არ მოხდა ახლა. ვნახოთ, რა განაჩენი დადგება,“ – დასძენს ადვოკატი.

ბრალდებული გიორგი გ. სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ ჰყავს გათავისუფლებული. გიორგი ამბობს, რომ სასტუმრო ადრეც და ახლაც იჯარით ჰქონდა გაცემული და თავად სასტუმროს არ მართავს.

სასამართლოს უკვე მისცეს ჩვენება პროკურატურის მოწმეებმა. ადვოკატის თქმით, ძირითადად ქალებმა, რომლებმაც თქვეს, რომ ფულის მიღების სანაცვლოდ კონკრეტული სასტუმროს ნომერში სექსი ჰქონდათ.

„მოწმეებს არ უთქვამთ, რომ სასტუმროს ადმინისტრაციას უხდიდა ვინმე ფულს სექსუალური ურთიერთობის მიღების სანაცვლოდ. მოწმეებმა თქვეს, რომ ისინი ადმინისტრაციას უხდიდნენ ფულს მხოლოდ ოთახის ქირაში. სასტუმროში ოთახის გაქირავება კი, ჯერჯერობით, დასჯადი არ არის,“ – აღნიშნავს ედიშერ მახარაძე.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ მხოლოდ მოწმე პოლიციელის ჩვენება მოისმინა, ვინც გამოძიების ეტაპზე ერთ-ერთი ქალი გამოკითხა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მაისში მიიღებს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: