მთავარი,სიახლეები

ყოფილი ნარკოდამოკიდებული ახალი ნარკოტიკის გაყიდვის სქემაზე ჰყვება

28.03.2018 • 2726
ყოფილი ნარკოდამოკიდებული ახალი ნარკოტიკის გაყიდვის სქემაზე ჰყვება

„ნარკომომხმარებლებისთვის მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ახლა ჯანმრთელობისთვის უფრო საშიშ ნარკოტიკს ყიდულობენ მობილური ტელეფონით. მათ სახელმწიფო დახმარების ნაცვლად მხოლოდ დასჯას სთავაზობს,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „აკესოს“ დირექტორი, ეკატერინე გარდაფხაძე. ეს ორგანიზაცია ძირითადად ქალი ნარკომომხმარებლის უფლებებს იცავს და მათ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას სთავაზობს.

გუშინ, 27 მარტს, ეკატერინე გარდაფხაძემ საიას მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ იმართება, წამალდამოკიდებული ქალების საჭიროებებზე ისაუბრა. შეხვედრის თემა იყო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა სექსმუშაკი და წამალდამოკიდებული ქალებისთვის.

რა სქემით იყიდება ნარკოტიკი ე.წ. „ჩინური მარილი“  – „ბათუმელები“ ეკატერინე გარდაფხაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ახალი ნარკოტიკული საშუალება ბოლო ორი წელია მარტივი სქემით იყიდება, თუმცა ამით სამართალდამცველები არ ინტერესდებიან.

„თითქმის ყველა მოქალაქეს მისდის სატელეფონო შეტყობინება ან შეთავაზება „ვაიბერით“, რომ მას შეუძლია ე.წ. „მარილის“ შეძენა,“ – გვიყვება ეკატერინე გარდაფხაძე. – “ძირითადად ერთიანად სთავაზობენ 10 გრამს და ამის ფასი 1900 ლარია. მოქალაქეს შეუძლია 5 შეკითხვა დასვას და შეთანხმების მიღწევის შემდეგ, სწრაფი გადახდის აპარატიდან იხდის ფულს. ამის შემდეგ უღებ ფოტოს ქვითარს და აგზავნი ისევ შეთავაზების ავტორთან. ქვითრის გაგზავნის შემდეგ, მოგდის ფოტო, სადაც კონკრეტული შენობაა მონიშნული შენს ქალაქში წითელი ისრით. მოქალაქე იქ მიდის და ხვდება შეფუთვა. ძირითადად ქალაქის გარეუბნებს არჩევენ, ქალაქგარეთ მდებარე ობიექტებს. ეს არის ნარკოტიკი, რომელსაც დღეს ნარკოტიკების მომხმარებლის 80 პროცენტი მოიხმარს.“

„აკესოს“ ინფორმაციით, „მარილის“ მოხმარებაზე აქტიურად აკავებენ ადამიანებს და პასუხისგებაში აძლევენ, გამსაღებლებს კი არავინ აკავებს. ეკატერინე გარდაფხაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ ნარკოტიკის გაყიდვაზე მუშაობს ჯგუფი და პოლიციას ამის გამოაშკარავება არ უნდა გაუჭირდეს.

ეკატერინე გარდაფხაძე: „ეს არის ძალიან საშიში ნარკოტიკი, ნარკოტიკსაც ვერ დავარქმევ, რადგან ექიმებიც ვერ ამბობენ ზუსტად, რისგან მზადდება ან სად მზადდება. ამას აკეთებენ იატაკქვეშეთში და არის იმაზე ბევრად უფრო საშიში სიცოცხლისთვის, ვიდრე სააფთიაქო ნარკოტიკები. „მარილს“ ყნოსავენ, ეწევიან და მოიხმარენ ინექციური წესითაც, რაც ძალიან საშიშია. ჩემი მეგობრის მეუღლემ რამდენიმე დღის წინ თავი ჩამოიხრჩო, იმდენად ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს… არ ვიცი, რატომ ჩაენაცვლა ეს „მარილი“ სააფთიაქო ნარკომანიას, თან ეს უფრო ძვირია. ალბათ იმიტომ, რომ დასაწყისში „მარილი“ მოქმედებს, როგორც ენერგეტიკული საშუალება, ადამიანს მატებს ენერგიას, მისი მეტყველება ჩქარდება.“

ეკატერინე გარდაფხაძე 25 წლის განმავლობაში ნარკოტიკის მომხმარებელი იყო. ნარკოტიკის მოხმარება მან 6 წლის წინ შეწყვიტა. ამბობს, რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

„როცა მომხმარებელი ვიყავი, არაერთხელ მოვხვდი საავადმყოფოში, განკურნების მიზნით 12-ჯერ მომათავსეს კლინიკაში, მაგრამ სანამ მე თვითონ არ მოვინდომე, არაფერი შეცვლილა. მე გამიჩნდა მოტივაცია, რომ უნდა შემეცვალა ცხოვრება, უნდა დავხმარებოდი ადამიანებს, რომლებიც ვერ ანებებენ თავს ნარკოტიკს და მათ მხოლოდ დასჯას სთავაზობს სახელმწიფო. ჩემს ბენეფიციარს, რომელიც ახლა მეტადონის კურსს გადის, ეუბნებიან, სექტანტებთან დადიხარო. ჩვენ არ უნდა დავსაჯოთ ის ადამიანები, ვისი არჩევანიცაა ნარკოტიკის მოხმარება. მათ უნდა დავეხმაროთ, როგორც ვეხმარებით, მაგალითად, დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს,“ – აღნიშნავს ეკატერინე გარდაფხაძე.

ეკატერინე გარდაფხაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: