მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიის განმარტება ახალი მოსაცდელებით გადაკეტილ ტროტუარებზე

27.03.2018 • 1975
ბათუმის მერიის განმარტება ახალი მოსაცდელებით გადაკეტილ ტროტუარებზე

ბათუმში ახალ მოსაცდელებს ამონტაჟებენ, რის გამოც ზოგიერთ ადგილზე მთლიანად იკეტება ტროტუარები. რას უპირებს მერია გადაკეტილ ტროტუარებს? – მერიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ასეთ ადგილებში მერია ტროტუარს გააფართოებს.

„მოსაცდელები, რომლებიც, მაგალითად, ფიროსმანის ქუჩაზე დაიდგა, გაბარიტებით შეესაბამება იმას, რაზეც მერია და კომპანია შეთანხმდა. იქ, სადაც ტროტუარი გადაიკეტა, მერია გეგმავს გააფართოოს ტროტუარი, დაიგება ფილები და ფეხით მოსიარულეებს შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილება“, – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

იყო თუ არა ტროტუარის გაფართოება თავიდანვე გეგმაში და არის თუ არა შესაბამისი სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხა? – ამ კითხვაზე მერიაში პასუხი არ გაგვცეს. მერიაში არც იმაზე პასუხობენ, თუ როგორ გაფართოვდება ტროტუარი იქ, სადაც გაჩერებას სხვისი საკუთრება ან გამწვანებული ზოლი ესაზღვრება.

ბათუმში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, მოსაცდელებს „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ალმა“ ამონტაჟებს. ახალი მოსაცდელები არაადაპტირებულია, მაშინ, როცა მერია სწორედ ადაპტირებული მოსაცდელების დადგმას გეგმავდა. მერიაში ამბობენ, რომ „ალმამ“ არ დაამონტაჟა შეთანხმებული მაკეტის შესაბამისი მოსაცდელები და მათ ახლა კომპანია ადგილზე გადააკეთებს.

„ბათუმელები“ კომპანია „ალმას“ დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს ხვალ გააკეთებს.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/125365/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: