მთავარი,სიახლეები

სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ, სად დგას ევკალიპტის ხე, რომელიც აუქციონზე გაიტანეს

27.03.2018 • 4047
სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ, სად დგას ევკალიპტის ხე, რომელიც აუქციონზე გაიტანეს

სახელმწიფო მწვანე კონცხზე მდებარე ევკალიპტის ხეს აუქციონზე ყიდის. ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ევკალიპტის ხე ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს, მისი სიმაღლე დაახლოებით 26 მეტრია, საწყისი ფასი კი  7 000 ლარია. იქვე მითითებულია, რომ ხეს „აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები“.

„ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა კონკრეტულად სად დგას აუქციონზე გატანილი ხე, თუმცა გამყიდველისგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

„მწვანე კონცხზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. მეტად ვერ დაგიკონკრეტებთ“, – გვითხრეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ხეს აუქციონზე სწორედ ეს უწყება ყიდის. სახელმწიფო უწყებამ ამ დრომდე ვერც იმ ნაკვეთის საკადასტრო კოდი მოგვაწოდა, სადაც ეს ხე დგას.

ბსუ-ს სარგებლობაში კი მწვანე კონცხზე მდებარე რამდენიმე ნაკვეთია. ზოგიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიჰყიდეს.

აუქციონზე გატანილი ევკალიპტის ხის ფოტო ბათუმის საკრებულოს წევრმა, ნოდარ დუმბაძემ მოგვაწოდა.

აუქციონზე გატანილი ევკალიპტი / მარცხნივ – ნოდარ დუმბაძის ფოტო, მარჯვნივ – ფოტო აუქციონის ვებგვერდიდან

გარდა ამისა, მრავალწლოვანი ხეები უკვე გაიტანეს ან/და ამზადებენ გადასატანად სახელმწიფო მიწის ნაკვეთიდან ციხისძირშიც. ამ ხეებთან დაკავშირებით კი ინფორმაციას არ ფლობს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ქონების ეროვნულ სააგენტოში, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონებაზე, 5 დღის წინ გვითხრეს, რომ ხეების ამოთხრაზე ინფორმაცია პირველად „ბათუმელებისგან“  შეიტყვეს. სააგენტოს სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების ფოტომასალაც გადავუგზავნეთ და მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდებიც. უწყებაში საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

დღეს, 27 მარტს, ქონების მართვის სააგენტოს ხელახლა დავუკავშირდით. სააგენტოში გვითხრეს, რომ ისინი ვერ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე ხდება ხეების მოჭრა, ამოთხრა თუ გზის შეყვანა“. სააგენტო ვერც იმას გვიდასტურებს, რომ სამუშაოები სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე არ მიმდინარეობს და რომ ამ ნაკვეთიდან ხეები არ გააქვთ.

„გადავამოწმეთ, საჯარო რეესტრის მიხედვით ტერიტორია ნამდვილად სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუმცა მაქ თვითნებურადაც აქვთ ნაკვეთები შემოღობილი, ამიტომ სად ჭრიან ხეებს, ვერ გეტყვით“, – გვითხრეს სააგენტოში.

კითხვაზე, აქვს თუ არა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს იმის ბერკეტი, რომ გადაამოწმოს – მიმდინარეობს თუ არა სახელმწიფო მიწაზე თვითნებური სამუშაოები? – სააგენტოში გვითხრეს, რომ ამის ბერკეტები რომ ყოფილიყო, კონკრეტულ პასუხს გაგვცემდნენ.

იყო თუ არა აუცილებელი სახელმწიფოს კუთვნილ ნაკვეთზე სამუშაოების წარმოების თუ ხეების მოჭრა-ამოთხრის შეთანხმება სააგენტოსთან? – „ხეების მოჭრაზე არანაირ ნებართვას სააგენტო არ გასცემს,“ – გვიპასუხეს სააგენტოში.

ხეები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთში გადააქვთ, ოზურგეთში, სოფელ შეკვეთილში, სადაც ყოფილი პრემიერი და მილიარდერი დენდროპარკს აშენებს.

გადასატანად გამზადებული ხე ციხისძირში, სახელმწიფო მიწის ნაკვეთში, რომლის ამოთხრაზე არსებობს თუ არა ნებართვა, ქონების ეროვნულ სააგენტოში ვერ გავარკვიეთ. სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას, რა სამუშაოები ტარდება სახელმწიფოს კუთვნილ ნაკვეთზე / ფოტო: „ბათუმელები“

მთავარი ფოტო: აუქციონზე გატანილი ევკალიპტის ხე მწვანე კონცხზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: