მთავარი,სიახლეები

ცხოველების დაღუპვის საფრთხე ისევ არსებობს – ბათუმის ზოოკუთხე

22.03.2018 • 3050
ცხოველების დაღუპვის საფრთხე ისევ არსებობს – ბათუმის ზოოკუთხე

ბათუმის ზოოკუთხეში, სადაც 120-ზე მეტი ცხოველია, ყველაზე მეტად ცხოვრება პრიმატებს უჭირთ. ვოლიერში, სადაც ისინი ცხოვრობენ, იატაკი მეტლახისაა და ზამთარი მათ ვოლიერში ჩართული ელექტროგამათბობლით გადაიტანეს, თუმცა უკეთესი პირობების მოლოდინი პრიმატებს ვერც უახლოეს ხანში ექნებათ. ბათუმის მერიას ჯერ არ გადაუწყვეტია, კონკრეტულად სად გადაიტანენ ზოოპარკს, როგორ იქნება მოწყობილი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, შესაბამისად, ზოოკუთხის ცხოველები კვლავ საფრთხის ქვეშ რჩებიან.

„ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე  ამბობს, რომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შესაძლებლობის ფარგლებში, მუშაობენ და ზოოკუთხის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცდილობენ:

„ეს შეეხება რაციონის მიმართულებას, ვოლიერებში დენდროექსპოზიციის მიმართულებას, წამლებით უზრუნველყოფას. მეტლახზე [ვოლიერში, სადაც პრიმატები ცხოვრობენ] ნახერხი იყრება რეგულარულად, მაქსიმალურად დავტვირთეთ ხის მასალებით, რომ ნაკლები შეხება ჰქონდეთ მეტალთან და ქვასთან. სისხლის ლაბორატორიული ანალიზი ვერ კეთდებოდა აქამდე, ახლა უკვე ვაკეთებთ, თანხა გამოყოფილია ამისთვის…. მაგრამ რაც უფრო სწრაფად გაკეთდება პროექტი, მით უკეთესი, რადგან ამ პირობებში მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. საფრთხე, რომ კვლავ შეიძლება დაიღუპონ ცხოველები, ისევ არსებობს. ამდენი წლის განმავლობაში, არასწორი მოპყრობის გამო, რა მდგომარეობაც გვაქვს, ასე უცებ არ გადაწყდება“, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

სააგენტოს ხელმძღვანელი არ უარყოფს, რომ ცხოველების მდგომარეობა მძიმეა. პირიქით, მას ბევრი არგუმენტი აქვს ამ ფაქტის გასამყარებლად, თუმცა ამბობს, რომ მას ამ ეტაპზე სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

„რაც ჩვენ გვაქვს ახლა, ვერც ზოოკუთხეს ვუწოდებთ და ვერც ზოოპარკს. მწარე სიმართლეა, რომ ესაა ზოოციხე, კარცერები, რომლებშიც იმყოფებოდნენ ცხოველები. ცხოველები ძილში კი არ გარდაიცვალნენ, წამებით მოკვდნენ, ღვიძლის დაშლა, მოტეხილობები, ანთებები… ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. მარტო 2013 წლიდან მაქვს მე სტატისტიკა, ალბათ 70-80 ცხოველია დაღუპული, მანამდე რა ხდებოდა, არც კი ვიცით…“

„ბათუმელები“ დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ბათუმის ზოოკუთხიდან ცხოველების გადაყვანა თბილისის ზოოპარკში, სადაც ბათუმის ზოოკუთხიდან გასულ წელს უკანასკნელი კენგურუ გადაიყვანეს. ალექსანდრე თევზაძე ამბობს, მას ამის სურვილი ჰქონდა, განსაკუთრებით პრიმატების გადაყვანის, თუმცა თბილისის ზოოპარკი ამისთვის მზად არ არის:

„ყველა ცხოველის მისაღებად არ არის მზად თბილისის ზოოპარკი, მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, ისე არ არის, როგორც აქ, ბათუმში იყო ადრე – ოღონდ გვყავდეს ცხოველები. 35 პრიმატი გვყავს, განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ, სტრესის ქვეშ არიან, მათი იერარქიული წყობა დარღვეულია და ეს ყველაფერი მათზე მოქმედებს.“

ბათუმის ზოოკუთხის პრობლემები წელს სასამართლოს განხილვის საგანიც გახდა. ზოოპარკის ყოფილი დირექტორი, ამირან მურვანიძე ბათუმის „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ წინააღმდეგ დავობდა, საიდანაც იგი გასული წლის აპრილში გაათავისუფლეს. სასამართლომ მერიას დაქვემდებარებულ უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა, ასევე განაცდურის ანაზღაურება დააკისრა, რაც ამ დროისთვის უკვე 11 ათას ლარს შეადგენს. თუმცა ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს:

„თუ ზოოპარკის მომავალზე ვლაპარაკობთ, ვერ დავაბრუნებთ იმ მმართველობას, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ზოოპარკი. გამოძიება უნდა ჩატარდეს, დადგინდეს, რატომ მოკვდა ამდენი ცხოველი. თუ ისეთი ზოოპარკი უნდა გავაკეთოთ, სადაც ამდენი ცხოველი დაიღუპება, მაშინ სჯობს საერთოდ უარი ვთქვათ ზოოპარკზე.  ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსამართლემ, როგორც ჩანს, ვერ გაითვალისწინა რასთან გვაქვს საქმე. ამას ის შედეგები მალაპარაკებს, რაც გვაქვს ზოოპარკში.“

ადგილი, სადაც ბათუმის ზოოკუთხე უნდა გადაიტანონ, ჯერ შერჩეული არ არის. სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ საუბარი იყო რამდენიმე ადგილზე, მათ შორის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზეც. მისი თქმით, ჩეხეთში იყო ფაქტი, როცა ბოტანიკური ბაღის მახლობლად გადაიტანეს ზოოპარკი და ამან გაამართლა, რადგან ზოოპარკს ბევრი მნახველები ჰყავდა.

სანამ ბათუმის მერია ახალი ზოოკუთხისთვის ადგილს შეარჩევს, კონცეფციას დაამუშავებს, ტენდერს გამოაცხადებს და ადმინისტრაციულ დავას მოაგვარებს, ცხოველები ძველ ვოლიერებში რჩებიან. ბათუმის ზოოკუთხეში უკვე მარტო დარჩა დურუკული, მცირე ზომის მაიმუნი, რომელიც ღამის ცხოველია. მას მეწყვილე მოუკვდა.

როგორც ჩანს, ბათუმის ზოოკუთხის ბინადრებიდან ყველაზე მეტად კენგურუს გაუმართლა, რომელიც ბათუმიდან წაიყვანეს და ახლა თბილისის ზოოპარკში ცხოვრობს.

ამავე თემაზე: 

ზურაბ გურიელიძე ბათუმის ზოოკუთხის შესახებ: გორილა მომწონს და მინდა მყავდეს – ასე არ შეიძლება

ვოლიერებში დაღუპული ცხოველები – ბათუმის მერი ზოოკუთხის მომავალზე 

ბათუმის ზოოკუთხესთან დაკავშირებული ურთიერთბრალდებები – ორი მხარე

________________________________________________

მთავარ ფოტოზე: ბათუმის ზოოპარკი. ედო მჟავანაძის ფოტო 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: