მთიანი აჭარა,სიახლეები

რეორგანიზაცია ხულოს საკრებულოს აპარატში

20.03.2018
რეორგანიზაცია ხულოს საკრებულოს აპარატში

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე რეორგანიზაციის აუცილებლობას საკრებულოს აპარატის ინსტიტუციური გაძლიერებით ხსნის და ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა საკრებულოში იურიდიული განყოფილება შეიქმნას, ახალჩამოყალიბებულ განყოფილებაში პოზიციები კი კვალიფიციურმა იურისტებმა დაიკავონ.

„საკრებულოს აპარატში არსებული განყოფილებები ინსტიტუციურად მინდა გავმიჯნო. დღემდე საკრებულოში არის ორი განყოფილება: საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსებისა და იურიდიული. რადგან საკრებულო წარმომადგენლობითი ორგანოა და საკანონმდებლო ხაზით მუშაობს, ვფიქრობ, საჭიროა იურიდიული განყოფილება ცალკე ჩამოყალიბდეს. რეორგანიზაცია სწორედ ამით არის გამოწვეული და ეს არ არის ვინმეს გათავისუფლების ან სხვა თანამშრომლის აყვანის მიზნით,“ – ამბობს ჯუმბერ დიმიტრაძე.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში არ შეიცვლება საკრებულოს აპარატში საშტატო და ხელშეკრულებით ასაყვან თანამშრომელთა რაოდენობა.

„რეორგანიზაცია მარტში დავიწყეთ და თვის ბოლომდე დავამტკიცებთ ახალ საშტატო ნუსხას, შeიძლება შეიცვალოს მხოლოდ განყოფილებებისა და სამსახურების სახელწოდებები. რადგან არ იცვლება საკრებულოს აპარატის უფროსისა და საქმისმწარმოებლის პოზიციები, ჩვენ ვაკანსია ამ პოზიციებზე უკვე გამოვაცხადეთ. რაც შეეხება ხელშეკრულებით ასაყვან თანამშრომლებს, კონკურსის წესით სამი თანამშრომელი უკვე ავიყვანეთ.“

ჯუმბერ დიმიტრაძის თქმით, საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსი, ლევან ქედელიძე, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა და ახლა „აიპში“ მუშაობს, ხოლო საქმისმწარმოებლის პოზიციაზე დასაქმებული ყოფილი თანამშრომელი საკრებულოს აპარატში სხვა პოზიციაზე, კონკურსის წესით, ხელშეკრულებით აიყვანეს, სწორედ ამიტომ გამოთავისუფლდა ეს საშტატო პოზიცია საკრებულოში.

კითხვაზე, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ხულოს საკრებულოს აპარატში დასაქმებულ დანარჩენ ექვს თანამშრომელს რეორგანიზაციისგან და იგეგმება თუ არა მათი გათავისუფლება, ჯუმბერ დიმიტრაძე პასუხობს:

„რომ გითხრათ ვაპირებ ან არ ვაპირებ, არასწორი იქნება, სანამ არ მექნება ახალი საშტატო ნუსხა. კვალიფიკაციის მიხედვით მოხდება კადრების შეფასება. ვფიქრობ, არ უნდა ელოდონ გათავისუფლებას, ვფიქრობ, უფრო უნდა ელოდონ მათი კომპეტენციის შესაბამისად სხვა პოზიციებზე გადანაცვლებას“.

მთავარ ფოტოზე: ჯუმბერ დიმიტრაძე 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.