სიახლეები

სპეციალური საშვები ეკლესიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის

07.10.2015 • 3613
სპეციალური საშვები ეკლესიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის

პატრულს გადაკეტილი აქვს სამების ტაძართან მისასვლელი საავტომობილო გზა |ბარცხანა, ზეთის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია

 

სამებისკენ გზას მთელი დღის განმავლობაში საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა. სამების ტაძარზე ასვლის მსურველებს იქვე მდგარი 6 ერთეული მიკროავტობუსი უფასოდ ემსახურებოდა.

 

გზის სივიწროვის გამო საპატრულო პოლიცია ერთდროულად მხოლოდ ოთხი მიკროავტობუსის გასვლის ნებართვას იძლეოდა. ავტომობილებით კი მხოლოდ იმ პირებს უშვებდნენ, ვისაც სპეციალური საშვი ჰქონდა.

 

„7 ოქტომბერს ბათუმში, სამების სახელობის ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით, 14:00 საათიდან 02:00 საათამდე, ბარცხანის დასახლებიდან სოფელ სამების მიმართულებით, ტაძრის კურთხევაზე დასწრების მსურველთათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ავტომანქანებით გადაადგილება იკრძალება. ავტომანქანებით გადაადგილება სოფელ სამების მოსახლეობისთვის ნებდართული იქნება 19:30-დან 22:00 საათამდე.

ტაძრის კურთხევაზე დასწრების მსურველები ავტომანქანებს ბარცხანის დასახლებაში მდებარე ზეთის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სპეციალურ ავტოსადგომზე გააჩერებენ“, –  წერია საქართველოს საპატრულო პოლიციის დღეს, 7 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა ამავე განცხადებაში არაფერია ნათქვამი სპეციალური საშვების შესახებ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ბათუმელებს” უთხრეს, საშვები ორგანიზატორმა მხარემ, ანუ საქართველოს საპატრიარქომ გასცა.

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სპეციალური საშვები მოწვეულ სტუმრებს – ეკლესიისა და ხელისუფლების წარმომადნლებს გადასცეს.

 

„რამდენიც სჭირდებოდა სამღვდელოებას, იმდენი [საშვი] დამზადდა, რაოდენობა არ ვიცი. იმის გამო, რომ ხალხი არ შეზღუდულიყო და კითხვა არ გაჩენილიყო, რომ ვინმეს სამღვდელოებიდან პრივილეგია ჰქონდა, მღვდელმთავრები იყვნენ ავტობუსებით. ამ ავტობუსებს კი ჰქონდათ საშვი. გზა კი სივიწროვის გამო გადაიკეტა, რადგან ორ მანქანას უჭირდა ერთმანეთის გვერდით შევლა“.

 

ვინ გაიღო მიკროავტობუსებით უფასოდ მომსახურების ხარჯი? – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში გვითხრეს, რომ მანქანები მერიას ეკუთვნოდა, ხარჯების შესახებ კი ინფორმაცია არ აქვთ. ბათუმის მერიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ და განმარტავენ, რომ არც ხარჯები და არც ავტომობილები მერიას არ გამოუყვია.

 

რაც შეეხება სტუმრებს ხელისუფლებიდან, ისინი ოფიციალურად დღეს არ ყოფილან სამების ტაძარში. „სტუმრები ხვალ კურთხევაზე არიან დაპატიჟებული“, –  უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურში.

 

ხვალ ბათუმის სამების ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის სტუმრობაც იგეგმება.

 

 

მიკროავტობუსები

 

 

 

 


 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: