მთავარი,სიახლეები

კგბ-ს პარანოია – პუტინის კატასტროფული შეცდომის მიზეზი უკრაინაში

31.07.2026
კგბ-ს პარანოია – პუტინის კატასტროფული შეცდომის მიზეზი უკრაინაში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

___

  • უცვლელად გადარჩენილი საბჭოთა სისტემა

ვაშინგტონის პოლიტიკურ კულუარებში უკრაინაში შეჭრას ხშირად განიხილავენ, როგორც ცივსისხლიან გეოპოლიტიკურ ნაბიჯს. თუმცა, ვაშინგტონში, კენანის ინსტიტუტში ისტორიკოს მაიკლ კიმიჯთან  საუბრისას, ამერიკელმა დიპლომატმა სტივენ სესტანოვიჩმა – „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ (CFR) წამყვანმა მკვლევარმა და პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის ყოფილმა საგანგებო ელჩმა – სრულიად განსხვავებული დიაგნოზი დასვა.

ელჩმა სტივენ სესტანოვიჩმა უშიშროების სისტემაზეისტორიულ ილუზიებსა და რუსეთის სტრატეგიულ მარცხზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ომი არა ძლიერების დემონსტრირება, არამედ პარანოიით გამოწვეული უხეში შეცდომა იყო.

სესტანოვიჩის შეფასებით, პოსტსაბჭოთა რუსეთის მთავარი ტრაგედია ის გახდა, რომ ქვეყნის უშიშროების აპარატი და „ძალოვანი სტრუქტურები“ რეფორმირებას გადაურჩნენ. ხელისუფლებაში მოსვლისას ვლადიმერ პუტინმა კრემლში მხოლოდ პირადი, კგბ-ის ოფიცრის აზროვნება კი არ მიიტანა, არამედ ხელუხლებლად ჩაიბარა მთელი ინსტიტუციური კულტურა.

ეს უწყებები სამყაროს მტრულად უყურებენ და მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი რეგიონული დემოკრატიული პროცესი დასავლეთის ფარული შეთქმულებაა.

დიპლომატმა გაიხსენა, რომ 2004 წელს, უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს, მოსკოველმა ოლიგარქებმა მას პირადად დაუდასტურეს კრემლის შიდა შიშები. სპეცსამსახურები პუტინს აჯერებდნენ, თითქოს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მაიდანზე მდგარ მომიტინგეებს დღეში 20 დოლარს პირდაპირ ბანკომატებიდან ურიცხავდა.

  • ზომიერების გრძნობის დაკარგვა

ამერიკელი ექსპერტი არ იზიარებს მოსაზრებას, თითქოს იმპერიული ექსპანსია რუსული საზოგადოების უცვლელი კოდია. მისი თქმით, 2022 წლის გადაწყვეტილება იყო იზოლირებული ლიდერის პირადი შეცდომა, რომელმაც პოლიტიკური ზომიერების განცდა სრულიად დაკარგა. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ რომ გაჩერებულიყო, პუტინი დროსთან ერთად აღადგენდა დიპლომატიურ კავშირებს და დასავლეთში პრაგმატულ მოთამაშედ დარჩებოდა.

ამის ნაცვლად, კრემლის ლიდერი ისტორიულ ილუზიებში გადაეშვა, რაც ყველაზე ნათლად გამოჩნდა მის 2021 წლის ესეში, სადაც მან უკრაინელი ხალხის არსებობა საერთოდ უარყო და მას „რუსული ოჯახის ღალატი“ უწოდა. სესტანოვიჩმა ამ ტექსტს პირდაპირ „სრულიად გიჟური ნაშრომი“ უწოდა, რომელმაც ქვეყანა რეალობას მოწყვიტა.

  • დანგრეული სტრატეგიული მომავალი

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებით პუტინმა რუსეთის სტრატეგიული ბრენდი საბოლოოდ გაანადგურა. ქვეყანა ეკონომიკურად დასუსტდა, ევროპას ჩამოშორდა და მთლიანად ჩინეთზე გახდა დამოკიდებული.

სესტანოვიჩი ასკვნის, რომ პუტინის ისტორიული მემკვიდრეობა სტალინის ბედს გაიზიარებს. რუსეთის მომავალი თაობები მას მკაცრად დაგმობენ და განიხილავენ, როგორც ლიდერს, რომელმაც საკუთარი პარანოის გამო რუსეთის მომავალი დაანგრია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: