სიახლეები

უმაღლესი საბჭოსგან გადარჩენილი მთავრობა და აუთვისებელი მილიონები

11.09.2015 • 1600
უმაღლესი საბჭოსგან გადარჩენილი მთავრობა და აუთვისებელი მილიონები

 

უკვე აუთვისებელი მილიონები


სხდომა უმაღლეს საბჭოში
სხდომა უმაღლეს საბჭოში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების შემდეგ და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესის გაჭიანურების გამო, გამოსავალი შემდეგი გზით იპოვა – სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის პროგრამები გააუქმა და გამოყოფილი თანხა –  17 984 400 ლარი ახალი, შპს „სტადიონის“ საწესდებო კაპიტალში გადაიტანა –  სტადიონისა და საავადმყოფოს აშენების მიზნით.


ეს ცვლილება უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა, რითაც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი [პროგრამების კუთხით], ფაქტობრივად, 18 მილიონი ლარით შემცირდა.

შესაბამისად, მთავრობას იმის პრობლემა, რომ ამ ორი პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები ვერ დახარჯა [თუნდაც გეგმის მიხედვით] –  წლის ბოლოს აღარ შეექმნება.

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აჭარის მთავრობა სტადიონის პროექტთან დაკავშირებით ხელშეკრულების მოშლის მიზეზად კონკურსში გამარჯვებული კომპანიის მიერ ვადების დარღვევას ასახელებენ, მაშინ როდესაც ანალოგიური დარღვევები თუ ჯარიმები არაერთ კომპანიას აპატიეს.

 

კითხვაზე, რა კრიტერიუმებით არჩევს მთავრობა, თუ რომელ კომპანიას აპატიოს დარღვევები/ჯარიმები და რომელს არა – „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძისგან შემდეგი პასუხი მიიღო:

 

„რაღაც მოქნილობა აუცილებელია ინვესტორებთან მიმართებაში. არიან კომპანიები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ საერთოდ… აჭარის მთავრობამ გამოაცხადა ერთწლიანი მორატორიუმი ამ კომპანიებთან მიმართებაში და, ძირითადად, ყველას მოუხსნა ჯარიმები. შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვადები გაგრძელებულიყო.
რაც შეეხება იმას, რომ ზოგს მოვუხსენით ჯარიმები და ზოგს არა – გადაწყვეტილებას იღებს აჭარის მთავრობა და არა ინდივიდუალურად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. იყო მსჯელობის საკითხი გადაწყვეტილების ნაწილში. ლოიალური ვიყავით იმ კომპანიების მიმართ, რომლებსაც პროცესი რეალურად ჰქონდათ დაწყებული და გარკვეული მიზეზების გამო შეექმნათ შეფერხება.

 

ანალოგიური კითხვები რომ არ გაჩნდეს, ჩვენ შემოვიღეთ, ასე ვთქვათ, ახალი სტანდარტი. კომპანიებს, რომლებიც დაარღვევენ საინვესტიციო ვალდებულებას – თუ ჯარიმები ჰქონდათ დარიცხული, ეს ჯარიმები იყო გაყინული და გაცოცხლდა, დაახლოებით 10%-ის გადახდა მოუწევთ ამ ჯარიმების მიმართულებებში. დანარჩენი ისევ ეპატიებათ და სრულად გადაეწევათ ვადები. ეს იმისთვის, რომ მოტივი ჰქონდეთ, რათა დადგენილ ვადაში შეასრულონ ვალდებულებები. ვფიქრობ, უფრო საამაყოა რეგიონში გაზრდილი ინვესტიციების მოცულობა და პროექტები, ვიდრე იმაზე ჩაბღაუჭება, თუ ვის რა ჯარიმა მოეხსნა…“

 

დავით ბალაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ სტადიონის მშენებლობის დაწყება ამ წელში აღარ მოესწრება: „გვინდა, რომ სადღაც, მომდევნო წლის პირველ თვეში უკვე გვქონდეს მზა პროექტი, რომლითაც შევძლებთ ტენდერის გამოცხადებას. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კი პროექტი მზად არის და თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილია, დაახლოებით ოქტომბრის თვეში გვეყოლება გამარჯვებული კომპანია – ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, მთელი სამი თვე წინ არის და ასეთი მსხვილი ობიექტებისთვის ყოველთვის განსაზღვრულია საავანსო დაფინანსება. შესაბამისად, კომპანიებს ჩვენც ვეთანხმებით ამ მიმართულებაზე, დავაფინანსებთ და ამით ამოიწურება რესპუბლიკურის შესრულების ნაწილი“.

 

გაზრდილი ბიუჯეტი და გაზრდილი შტატები

 

მაშინ, როცა წლის პირველ ნახევარში აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მხოლოდ 90 პროცენტია ათვისებული [ეს ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს ბიურომ ცნობად მიიღო], აჭარის 2015 წლის ბიუჯეტი, შეტანილი ცვლილებების შედეგად, კიდევ 8 მილიონ 314 ათასი ლარით გაიზარდა. ეს თანხა სხვადასხვა ღონისძიებაზეა გადანაწილებული.

 

მაგალითად, აჭარის მთავრობის აპარატს ქ. ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩა #37-ში მდებარე ობიექტის [ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი] ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მიზნით დამატებით გამოეყო 29 ათასი ლარი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურს, ოთხი საშტატო ერთეულის დამატებისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისთვის, დამატებით 58 900 ლარი გამოეყო;

 

„აჭარის სატყეო სააგენტოს“ „ტყის ფონდის ინვენტარიზაციის (ტყეთმოწყობის)“ ქვეპროგრამის ფარგლებში 15 საშტატო ერთეულის დამატებისა და სატყეო სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული შენობის ეზოს მოწყობის მიზნით, დამატებით გამოეყო 82 400 ლარი;

 

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს „სტრუქტურული გაძლიერების მიზნით“ დაემატა სამი საშტატო ერთეული, რისთვისაც დამატებით გამოეყო 19 900 ლარი; ასევე სტრუქტურული გაძლიერების მიზნით ა(ა)იპ „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს“ დაემატება ერთი მოადგილის შტატი.

 

შპს „გაზეთი აჭარას“ თანამშრომელთა ხელფასის ზრდის მიზნით აჭარის ბიუჯეტიდან დამატებით გამოეყო 10 900 ლარი;
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გამოეყო 4 მილიონ 486 ათას 400 ლარი, სრულიად მუსლიმთა სამმართველოსათვის სარგებლობაში (მართვის უფლებით) გადასაცემი ქონების შესაძენად [ეს თანხა აჭარას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადაეცა].

 

იზრდება „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“ ერთ-ერთი ქვეპროგრამის დაფინანსებაც, რომლის ფარგლებშიც ბათუმის მეჩეთის რეაბილიტაციის პროექტს შეისყიდიან.

 

დამატებით თანხები გამოეყო ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებებს.

 

უმაღლესი საბჭო 2016 წლიდან ხელფასებს იზრდის

 

აჭარის კანონმდებლები ამ ეტაპზე უმაღლესი საბჭოს 2016 წლის კანონპროექტს განიხილავენ. პროექტის მიხედვით, საბჭოს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 89 500 ლარით იზრდება, საიდანაც 86 583 ლარი უშუალოდ ხელფასებს მოხმარდება.

 

უმაღლეს საბჭოში შტატით 125 თანამშრომელია. ამას ემატება შტატგარეშე თანამშრომლებიც. 2016 წლის პროექტით, მათ ხელფასებში, ჯამში, 3 478 270 ლარი დაიხარჯება.

 

სახელფასო ფონდი ასეა გადანაწილებული: უმაღლესი საბჭოს 21 წევრის ხელფასებისთვის 571 800 ლარი [5440 ლარით მეტი ვიდრე წელს]; აპარატის 104 წევრისთვის – 1 388 880 ლარი, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც წლევანდელ ბიუჯეტშია; შტატგარეშე მომუშავეებისთვის კი ჯამში 819 200 ლარია გათვალისწინებული [77 233 ლარით მეტი, ვიდრე წელს. თანაც ამ თანხით მხოლოდ ფრაქციების აპარატში დასაქმებულთა ხელფასი იზრდება. ეს ფრაქციებია: „ქართული ოცნება თავისუფლება“ და „დემოკრატიული აჭარა“. საბჭოში სულ 6 ფრაქციაა და 20 ადამიანია შტატგარეშედ დასაქმებული].


ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლების ხელფასებისთვის 61 800 ლარი, სხვა შტატგარეშეებისთვის –  92 400, ხოლო სტაჟიორთა ანაზღაურებისთვის 5 ათასი ლარია გაწერილი. 100 ათასი ლარია გაწერილი მივლინებებისთვის. 

 

საინტერესოა ასევე უმაღლეს საბჭოში პრემიისთვის გამოყოფილი თანხების გადანაწილების სქემაც. თუ 2014 წელს უმაღლეს საბჭოში პრემიის სახით გაიცა 982 245 ლარი, მიმდინარე წელს პრემიებისთვის მხოლოდ 83 980 ლარია გაწერილი. თუმცა, ეს თანხა [ნაშთი] ხელფასებს არ მოკლებია, ვინაიდან ბიუჯეტში წელს ცალკე გაჩნდა „დანამატი“, რომელშიც 857 340 ლარია გაწერილი.

 

რაც შეეხება 2016 წლის პროექტს, აქ პრემიებისთვის თანხა საერთოდ არ არის გაწერილი, თუმცა გაზრდილია დანამატი და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის განკუთვნილი თანხები – ჯამში 87 890 ლარით, ანუ იმაზე მეტით, ვიდრე წელს პრემიებისთვისაა გათვალისწინებული.

 

უმაღლესი საბჭოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „…პროექტის მიღება მომავალი წლისთვის იქონიებს დადებით გავლენას [შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდის გამო] მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც მომავალ წელს [ჯამში] ეზრდება შრომის ანაზღაურების ფონდი“.2016 წლის ბიუჯეტის პროექტში, უმაღლეს საბჭოს თავისი ხარჯებისთვის 4 მილიონ 947 ათასი ლარი აქვს გაწერილი, ამ თანხის 70 პროცენტზე მეტს კი, რეგიონის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საკუთარი თანამშრომლების ხელფასებისთვის გამოიყენებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: