სიახლეები

აჭარის მთავრობის უჩინარი მრჩევლები

27.08.2015 • 3284
აჭარის მთავრობის უჩინარი მრჩევლები

 

 

დავით ზოიძე

მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, არჩილ ხაბაძე რჩევებს არქიტექტორ დავით ზოიძისგან, აჭარის ყოფილი მუფტის – ჯემალ პაქსაძის, ჯემალ გოგიტიძისა და დავით ჩაგანავასგან იღებს.

 

მთავრობის პრესსამსახურმა მრჩევლებთან “ბათუმელების” დაკავშირება ვერ უზრუნველჰყო. მოტივი – “ვერ ხერხდება”. უარის შემდეგ სამ მათგანს ტელეფონით დავუკავშირდით. რის შემდეგაც კომენტარზე უარი მხოლოდ დავით ჩაგანავამ თქვა.

 

არქიტექტორ დავით ზოიძეს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს – 2010-2011 წლებში ის ბათუმის მთავარი არქიტექტორი იყო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე კი ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ დანიშნა. მისი რჩევები ქალაქის არქიტექტურას და ახალ სამშენებლო პროექტებს უკავშირდება. დავით ზოიძის თქმით, შესაძლოა არჩილ ხაბაძეს მრჩევლები ყოველ დღე არ დასჭირდეს, მაგრამ ისინი სამსახურში მაინც ცხადდებიან:

 

“დილიდან ექვსამდე სამსახურში ვართ. დეტალურად ვსწავლობ ახალ სამშენებლო პროექტებს. განვიხილავთ, თუ როგორ ჩაჯდება ის საერთო სივრცეში. გარდა ამისა, ჩვენთან შემოდის განაცხადები K2-ის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც შენობის მოცულობის გაზრდას გულისხმობს”.

 

ბათუმის ახალი არქიტექტურა კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. კითხვაზე აკმაყოფილებს თუ არა ის თქვენი, როგორც არქიტექტორის გემოვნებას? – აჭარის მთავრობის პირველი პირის მრჩეველი არქიტექტურის საკითხებში პასუხობს, რომ არსებობს პროექტები, რომლებზეც უარს მთავრობა ვერ იტყვის: “რადგან სოციალური კუთხით თუ შევხედავთ, მათი განხორციელება მნიშვნელოვანია. ამიტომ მხოლოდ არქიტექტურული მიმართულებით პროექტს ვერ განვიხილავთ.”

 

ჯემალ პაქსაძე

ჯემალ პაქსაძემ 2015 წლის მარტში მთავარი მუფტის თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით დატოვა. ის მალევე მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა. მისივე თქმით, ჯემალ პაქსაძე მხოლოდ რელიგიის საკითხებში მრჩეველი არ არის და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ საკითხზე შეუძლია თავმჯდომარეს რჩევა მისცეს: `ახალ დანიშნული ვარ და ჯერ ისეთი მნიშვნელოვანი რჩევები არ მიმიცია, რომ რომელიმე გამოვყო. თავმჯდომარე თავად ძალიან გამოცდილი და ერუდირებული კაცია, მაგრამ როცა ჩემი რჩევა დასჭირდება, მე ყოველდღიურად სამსახურში ვარ. საჯარო სამსახური ამას ითვალისწინებს.”

 

მთავრობის თავმჯდომარესთან მრჩევლად მუშაობს დავით ჩაგანავაც, მან “ბათუმელებს” კომენტარზე უარი უთხრა. დაკავშირება ვერც ჯემალ გოგიტიძესთან მოვახერხეთ.

 

არჩილ ხაბაძის უწყებაში მრჩევლის ხელფასი 1250 ლარია, ამას ემატება სახელფასო დანამატი 937 ლარი, რაც საერთო ჯამში დარიცხვის გარეშე 2187 ლარია. ამ მონაცემების მიხედვით, არჩილ ხაბაძის ოთხი მრჩევლის შრომითი სარგოსთვის ბიუჯეტიდან წელიწადში 100 000 ლარზე მეტი იხარჯება.

 

მრჩევლებს უმეტეს შემთხვევაში ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ. “ბათმელებთან“ კომენტარს არც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი ირაკლი ხარაბაძე და არც ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი დათანხმდა.

 

ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაციის თანახმად კი, მინისტრის მრჩევლის ხელფასი 970 ლარია, ამას ემატება 727 ლარი სახელფასო დანამატის სახით, რაც მთლიანობაში 1697 ლარია.

2015 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველს იანვრიდან 1 აგვისტომდე ხელფასის სახით 6790 ლარი მიუღია, დანამატის სახით კი 5093 ლარი. მისი გადაადგილებისთვის საწვევის შესაძენად იანვრიდან პირველ აგვისტომდე სამინისტროს ბიუჯეტიდან 1946 ლარი დაიხარჯა, ხოლო მანქანის რემონტისთვის – 120 ლარი.

 

განათლების მინისტრს მრჩეველი არ ჰყავს, სოფლის მეურნეობის მინისტრს კი რჩევებს ზურაბ მანველიძე აძლევს, რომელიც სტატიის მომზადების პერიოდში შვებულებაში იმყოფებოდა და მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

 

მრჩეველი არ ჰყავს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს კი გადაწყვეტილების მიღებაში ოთხი მრჩეველი ეხმარება. მათ შორის ორი მრჩეველი – გენდერისა და შშმ პირების საკითხებში, შორენა მამულაძე და ნატალია სესიაშვილი ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად აიყვანეს. გიორგი ერმაკოვს ჰყავს ასევე მრჩეველი ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის საკითხებში, ჯაბა ტუღუში. მერიაში მრჩევლის ხელფასი დანამატის გარეშე 930 ლარია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: